ბრიუს ენდრიუსი: გვსურს, რომ ამერიკული კომპანიები მეტად იყვნენ საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილი

აშშ-ის ვაჭრობის მინისტრის მოადგილის ბრიუს ენდრიუსის განცხადებით, აშშ ეძებს შესაძლებლობებს, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის, ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო განვითარდეს.

ბრიუს ენდრიუსი საქართველოში მიმდინარე „აბრეშუმის გზის“ ფორუმს ესწრება. მისი თქმით, საქართველო აშშ-სთვის შესანიშნავი მეგობარი და პარტნიორია და ამერიკას სურს, ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობები გაღრმავდეს.

ენდრიუსის თქმით, საქართველო ამერიკული ბიზნესკომპანიების დაინტერესებას გამოიწვევს, რადგან ქვეყანაში აქტიურად მიმდინარეობს კორუფციასთან ბრძოლა და ასევე, საქართველოში ერთ-ერთი ლიდერია იმ ქვეყნებს შორის, სადაც ბიზნესის კეთება მარტივია.

„ჩემთვის დიდი პატივია ვიმყოფებოდე ამ ფორუმზე ელჩ კელისთან და მის გუნდთან ერთად. საქართველო არის შესანიშნავი მეგობარი და პარტნიორი აშშ-სთვის. ჩვენ ვეძებთ შესაძლებლობებს, რომ განვავითაროთ ეკონომიკური ურთიერთობები. ამერიკული კომპანიების დაინტერესებას საქართველო მთელი რიგი მიზეზების გამო გამოიწვევს. მათ შორის გახლავთ ბიზნესის კეთების სიმარტივე, რომელშიც საქართველო ერთ-ერთი ლიდერი გახლავთ. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში მიმდინარეობს კორუფციასთან აგრესიული ბრძოლა. ამერიკული კომპანიებისთვის საქართველო ასევე საინტერსეო იქნება იმით, რომ ქვეყანა სულ უფრო და უფრო წარმოაჩენს თავის თავს, როგორც რეგიონული ლოჯისტიკური ცენტრი. ჩვენ გვსურს, რომ ამერიკული კომპანიები მეტად იყვნენ საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილი“, – განაცხადა ბრიუს ენდრიუსმა.

ამასთან, კითხვაზე, თუ რა არის საქართველოსთვის მთავარი გამოწვევა დღეს, აშშ-ის ვაჭრობის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთლიანად რეგიონში, ეკონომიკა გარკვეულ პრობლემას განიცდის, რისი აღმოფხვრისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ რეგიონის ეკონომიკური გაჯანსაღება მოხდეს.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ კაპიტალის მოზიდვის მიზნით, ქვეყანამ მეტი შესაძლებლობა მისცეს ბიზნესს და უზრუნველყოფილი იყოს, რომ ბაზარი ყველასთვის ღია იქნება.

„რეგიონში არის ეკონომიკური განვითარების შენელება. იმისთვის, რომ ეკონომიკური წინსვლა მოხდეს, მნიშვნელოვანია რეგიონის გაჯანსაღება ეკონომიკურად. იმისთვის, რომ მოხდეს კაპიტალის მოზიდვა, უმჯობესია კლიმატის შემდგომი განვითარება, შესაძლებლობების შეთავაზება და უზრუნველყოფა იმისა, რომ ეს ბაზარი ყველასთვის ღიაა“, – აღნიშნა ენდრიუსმა.

banner
წინა სტატიაშიმდინარე რიონში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ
შემდეგი სტატია13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულ 30 სტუდენტს სწავლის საფასურს დაუფინანსებენ