ბორჯომის მუნიციპალიტეტი საკრებულოს თავმჯდომარის ავტომობილის დაწვაზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

ბორჯომის მუნიციპალიტეტი, საკრებულოს თავმჯდომარის ავტომობილის დაწვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მანქანის დაწვასთან დაკავშირებით, ინტერნეტში გავრცელდა არასწორი ინფორმაცია და ფოტოები.
“ამასთან დაკავშირებით ბორჯომის მუნიციპალიტეტი მოგახსენებთ, რომ მანქანა დღეს იმყოფება შსს ბორჯომის რაიონული სამმართველოს შენობის ეზოში და ტექნიკურად გამართულია. მას გადააგილებასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ აქვს. დაზიანებულია მხოლოდ მანქანის უკან არსებული ე.წ. “ბამპერის” ნაწილი.
შემთხვევა 20 აგვისტოს ღამის საათებში მოხდა. მიმდინარეობს გამოძიება სხვისი ქონების განზრახ დაზიანების მუხლით. აღნიშნული ფაქტის გამომწვევი მიზეზების დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება”, – ნათქვამია განცხადებაში.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარეს ზაზა ჩაჩანიძეს საკუთარ ეზოში ავტომობილი დაუწვეს. საქმეზე დაწყებულია გამოძიება 188-ე მუხლით, რაც სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.
უწყებაში განმარტავენ, რომ ავტომობილის ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ დადგინდება, რამ გამოიწვია ეს ფაქტი. ამ დროისთვის დაკავებული არავინ არის.
გარდა ამისა, შსს-ში უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ჩაჩანიძის მეზობლად მცხოვრები თითქმის ყველა მამაკაცი დაკითხეს და მათზე პოლიციის მხრიდან ძალადობა განხორციელდა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღლონტის პასუხი გია ვოლსკის
შემდეგი სტატიარაულ ხაჯიმბა საქართველოდან ოკუპირებულ აფხაზეთში ტვირთის შეტანაზე სახელმწიფო კონტროლს ითხოვს