ბიძინა ივანიშვილი – სამართლიანობის სრულფასოვანი აღდგენა ალბათ ვერ მოხდება, მაგრამ კარგია, რომ ეს პროცესი დაიწყო

ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, სამართლიანობის სრულფასოვანი აღდგენა ალბათ ვერ მოხდება, მაგრამ კარგია, რომ მიუხედავად დიდი დაგვიანებისა, ეს პროცესი დაიწყო.
როგორც ივანიშვილმა ჟურნალისტებს დაზარალებულთათვის ქონების დაბრუნების საკითხის კომენტირებისას განუცხადა, ეს არის საკმაოდ რთული პროცესი, რომლისთვისაც ძალიან დიდხანს ემზადებოდა მთავრობა.
“ძალიან ბევრს ვემზადებოდით ჩემი პრემიერობის დროს. ძალიან გაჭიანურდა, საზოგადოებაც გადაიღალა მე მგონი. გარწმუნებთ, რომ საქმის კურსში ვარ, დასაწყისში მეც ვაქტიურობდი ამ პროცესების დალაგებაში. ბევრი იმუშავა პროკურატურამ, სასამართლოს მოუწევს ბევრი საქმის გადახედვა, მთავარია, რომ დაგვიანებით, მაგრამ როგორც იქნა დავიწყეთ პროცესი. რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნები დარჩება. საზოგადოების მხრიდან უნდა იყოს აქტიურობა. თქვენ ახსენეთ შოშიაშვილი, იმედია მიაქცევენ სრულფასოვან ყურადღებას. იდეალური აღდგენა სამართლიანობის ალბათ ვერ მოხდება, განსაკუთრებით მორალური ზიანის ანაზღაურება ვერ მოხდება, მაგრამ ალბათ ძალიან დიდ ნაწილთან მიმართებაში სამართლიანობა აღდგება. რაღაც გაუგებრობებს ვერ გავექცევით, მაგრამ აბსოლუტური უმრავლესობა იმ დარღვევებისა რაც წინა ხელისუფლების დროს მოხდა, იმედია დალაგდება”, – განაცხადა ივანიშვილმა.
რაც შეეხება იმას, თუ რამდენად აქვს სახელმწიფო საკმარისი ბიუჯეტი ამ ზარალის ასანაზღაურებლად, ივანიშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფოს ბალანსზე არსებული ქონების დაბრუნება ძალიან სწრაფად არის შესაძლებელი, დანარჩენი კი ეს არ არის ერთწლიანი პროცესი და იმ შემთხვევებზე, როდესაც საუბარია დიდი რაოდენობით ქონებაზე, შესაძლოა მოხდეს გადანაწილება წლების განმავლობაში.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ საბანკო ზედამხედველობის სამსახური ცალკე უწყებად უფრო ეფექტური იქნება
შემდეგი სტატია„ჩემთვის ის მოდელია მისაღები, სადაც კომერციული საბანკო სექტორი თავს კომფორტულად იგრძნობს“