ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებას პატიმრების წამების ამსახველ ვიდეომასალებს ახსენებს

bidzinaivanishvili2030ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, პატიმრების წამების ამსახველი ცნობილი ვიდეომასალები არ უნახავს, რადგან არ დააინტერესა. ამის შესახებ ივანიშვილმა გადაცემა „კვირის 2030“-ში განაცხადა.

“ეს ხალხი, ვინც სახე დაკარგა პოლიტიკაში და არასამთავრობო სექტორში ცდილობს განწმენდას, ნაკლებ სახიფათოა. როდესაც სახელდებიან ონიანი, ფირცხალავა, უტიაშვილი ან ახალაიას მეუღლე, რომელიც ძალიან აქტიურობს, ეს ნაკლებ სახიფათოა ამ სფეროსთვისაც და საზოგადოებისთვისაც. ისინი ობიექტურობაზეც კი ვერ შეგეკამათებიან, იმიტომ, რომ ისინი პროპაგანდას ეწევიან “ნაციონალური მოძრაობის”.
მე მინდა გავაგრძელო და ძალიან წარმატებული არასამთავრობო ორგანიზაციები დავასახელო, საია გინდათ ეს, თუ გამჭვირვალობა და აშ. სახიფათოა არა ონიანი, ფირცხალავა და უტიაშვილი, რომლებიც ძალიან კარგად იცის საზოგადოებამ, ვინ არიან, სახიფათოა, როდესაც ასეთი წარმატებული ორგანიზაციები და მათი მეთაურები – გიგაური, კოჟორიძე. მათზე პრეტენზიები არა იმიტომ დამჭირდა, რომ მე გიგაური ან კოჟორიძე მაინტერესებს, არამედ საინტერესოა მათი ორგანიზაციები. ამიტომ მათ ობიექტურობაზე არ უნდა გაჩნდეს ეჭვი”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ყოფილი პრემიერის შეფასებით, ის აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ ჩნდება ეჭვი, რომ ისინი ზოგჯერ თუ ხშირად თანხვედრაში მოდიან “ნაციონალური მოძრაობის” აგიტაციასთან, სიცრუის მანქანასთან.

მისი თქმით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა და საია-ს მაშინდელმა ხელმძღვანელმა კახა კოჟორიძემ წამების ამსახველი ვიდეომასალის ნახვაზე უარი განაცხადეს, რადგან, მათი თქმით, შესაძლებელი იყო სახეების ამოცნობა.

„წამების ფაქტები იყო საშინელი, რაზეც ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები დაპატიჟეს, სწორედ გიგაურმა და კოჟორიძემ, (ლომჯარიაც იყო იქ, თუმცა მასზე ნაკლებ აქცენტს ვაკეთებ, ესენი უფრო საინტერესოები არიან, რადგან ლომჯარიასი უფრო მეტი კორექტურობა შემიმჩნევია), როდესაც ეს კადრები შესთავაზეს ჟურნალისტებს და არასამთავრობოებს, მათ დემონსტრაციულად მოითხოვეს, არ ეყურებინათ ამ კადრებისთვის და გამოხატეს დამოკიდებულება, რომ ამ კადრების ყურება არ შეიძლებოდა. არგუმენტი იყო, რომ შეიძლებოდა სახეების ამოცნობა. მე ეს კადრები არ მინახავს, უბრალოდ არ დამაინტერესა. ვინც ნახა, იქ არაფრის ამოცნობა არ ხდებოდა და ყველაფერი ნორმალურად იყო მომზადებული“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში, პირად ცხოვრებაში ჩარევის არც ერთი ფაქტი არ ყოფილა.

„ამავდროულად, მათ დაიწყეს კამპანია „ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ“. მოსმენებსა და პირად ცხოვრებაში ჩარევაზე იყო ეს კადრები. რას ნიშნავს ისევ გვისმენენ? რაც ხდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, იგივეს აკეთებს დღევანდელი ხელისუფლება?! არც ერთი ფაქტი არ ყოფილა და არ მინახავს, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში, პირადი ცხოვრების ჩარევის ფაქტი აღმოეჩინათ. ეს აქცენტის გადმოტანაა“, – განაცხადა ივანიშივლმა.

banner
წინა სტატიაშიანი ნადარეიშვილი სკანდალურ ფოტოებს აქვეყნებს
შემდეგი სტატიანეპალის მიწისძვრა – ნგრევის ვიდეო-კადრები