ბიძინა ივანიშვილი – სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა მთხოვა, გიორგი ქადაგიძე არ დაეკავებინათ და ეს თხოვნა გავითვალისწინე

საზოგადოებამ ხელისუფლების არჩევის უფლება დაიბრუნა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა სთხოვა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე არ დაეკავებინათ და ეს თხოვნა გაითვალისწინა.
როგორც ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლის მხრიდან ეს თხოვნა პირად შეხვედრაზე დაფიქსირდა და მისი პოზიცია იყო, რომ რაც “მისი პირადია”, შეუძლია, აპატიოს.
“ქართუ ბანკის” საკითხი პირადი იყო. საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებმაც იცოდნენ, რომ მან კანონი დაარღვია, ის კი არ უთქვამთ, დასაჭერი არ არისო. ჩვენ ვიცით, რომ ის დასაჭერია, მაგრამ იქნება აპატიოთო. მეც ვუთხარი, რომ რაც პირადულია, შემიძლია გავაკეთო და პროკურატურაში განცხადების მსვლელობა შევაჩერე, რაზეც ჯავახიშვილი ძალიან განაწყენდა, მაგრამ ვინც მთხოვა, იმასაც და თვითონ გიორგი ქადაგიძესაც განვუმარტე, რომ სახელმწიფოს წინაშე თუ აქვს დარღვევა ჩადენილი, მე ხელს ვერ დავაფარებდი”, – განაცხადა ივანიშვილმა.
კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს, რომ პროკურატურაზე მაღლა დადგა, ივანიშვილი აცხადებს, რომ არა, ვინაიდან საქმე მის პირად ზარალს ეხებოდა, ხოლო საერთო ქონებასთან დაკავშირებით ხელს არავის დააფარებდა.
რაც შეეხება მთავარი პროკურორის მოადგილის, ირაკლი შოთაძის განცხადებას გიორგი ქადაგიძის შესაძლო დაკითხვასთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ, როგორც ჩანს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს დარღვევები კიდევ აქვს, მაგრამ ამას დამტკიცება ესაჭიროება.

banner
წინა სტატიაში“სამართლიანობის აღდგენა რთული პროცესია, თუმცა მნიშვნელოვანია რომ დაიწყო”
შემდეგი სტატიაპროკურატურის სისტემაში დაგეგმილი ცვლილება მთავარი პროკურორის ახალი კანდიდატურის წამოყენებას და არჩევას იწვევს