ბიძინა ივანიშვილი: “ვალად გვრჩება კონსტიტუცია და კონსტიტუციის მოწყობა”

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ კოალიცია “ქართული ოცნება” იმ ვადაში, რა ვადითაც არჩეული იქნა, დაპირებების დიდ ნაწილს შეასრულებს.

“გურია News”-სთან საუბრისას ივანიშვილმა აღნიშნა, რომ შსს-ს გაყოფა, რომელიც სულ ახლახან მოხდა, კოალიციის დაპირებებში შედიოდა და ამას ამომრჩეველიც ითხოვდა. ექს-პრემიერი ვფიქრობს, რომ პრინციპული დაპირებები რაც იყო, ყველაფერი შესრულდა და სრულდება, ამის მაგალითად კი ივანიშვილს, “პროკურატურის შესახებ კანონი” მოჰყავს, რომელიც პარლამენტში განსახილველად შევა. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა “გურია News”-სთან ინტევიუში ამ კანონპროექტთან დაკავშირებულ პრეტენზიებზეც ისაუბრა.

“ოპოზიციას ჰგონია, რომ ყოველთვის უნდა აკრიტიკოს. კარგია, ცუდია, _ ყოველთვის უნდა თქვას ცუდი, როგორიც არ უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ. მე მგონია, რომ აქაც ცოტა განვითარება გვაკლია. ოპოზიციამ უნდა გაბედოს კარგზე კარგის თქმა, ცუდი აკრიტიკოს და უკეთესი გზები აჩვენოს. კი ბატონო იქ კითხვებია, პოლემიკის საგანია, ეს პარლამენტში შევა კიდევ, ვენეციის კომისიის დასკვნებს შეუძლია საზოგადოება გაეცნოს. იცით შსს გაიყო, რასაც დიდი ხანია ითხოვდნენ და ა.შ. ეს შედიოდა ჩვენს დაპირებებში, ჯერ საარჩევნო პერიოდი არ დასრულებულა. არ დაგიმალავთ “თეთრი საყელოს” პრინციპის დაცვითაც დავინტერესდი, წინასწარ პატიმრობაზე იქნებ იმსჯელონ, ის რომ მოწმე დაიკითხოს სასამართლოში და ა.შ. რაც წინ გადადგმული ნაბიჯია რეალურად და არა, ფორმალურად, როგორც ამას წინა ხელისუფლება თვალის ასახვევად აკეთებდა და ამის მსგავსს არაფერს აკეთებდნენ. ეს ყველაფერი კეთდება და შეიძლება იმაზე მეტიც მოასწროს ხელისუფლებამ და გააკეთოს, მე მხედველობაში მაქვს კანონშემოქმედება, რაც უნდა შეგვეცვალა. ვალად გვრჩება კონსტიტუცია და კონსტიტუციის მოწყობა. მაგის განხილვასაც, როგორც ვიცი, აპირებენ და იწყებენ. როდესაც საუბრობენ, რომ არ შესრულდა და მე მიხსენებენ, მაშინაც ვთქვი, როცა ხელისუფლებიდან წამოვედი, რომ მე ხელისუფლების დაპირებებზე პასუხისმგებლობა მაქვს”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაში“არ მგონია, რომ ჩვენი დაპირებების რომელიმე ნაწილი არ შევასრულეთ,” – ბიძინა ივანიშვილი
შემდეგი სტატიაოქროს ნაკეთობებისა და ძვირფასი საიუველირო ნივთების უკანონოდ შემოტანისთვის ერთი პირი დააკავეს