ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებზე ფინანსთა სამინისტრო განმარტებებს ავრცელებს

finansta saministro

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებზე განმარტებებს ავრცელებს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი , 2015 წლის ბიუჯეტში ცვლილებების განხორციელება გამოწვეულია ორი ძირითადი მიზეზით: პირველი – რეგიონსა და ზოგადად, მსოფლიო ეკონომიკაში არსებული ეკონომიკური და პოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, რასაც პირდაპირი გავლენა აქვს საქართველოს ეკონომიკაზე, შეიცვალა მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი და, ნაცვლად 5%-ისა, განისაზღვრა 2%-ის ოდენობით; მეორე – 2015 წლის 13-14 ივნისის სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციოდ აუცილებელია დამატებითი თანხების მოძიება.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ზემოაღნიშნული მიზეზების გათვალისწინებით, ბიუჯეტში დაგეგმილია შემდეგი სახის ცვლილებები:
“ბიუჯეტის შემოსულობები – 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილების პროექტით საგადასახადო შემოსავლების გეგმა მცირდება 200 მლნ ლარით, თუმცა იზრდება სხვა წყაროებიდან მიღებული სახსრები, კერძოდ:
• დონორებთან გაწეული მოლაპარაკებების შედეგად საბიუჯეტო დახმარების სახით მიღებული გრანტები იზრდება 40,0 მლნ ლარით, ხოლო კრედიტები იზრდება 184,0 მლნ ლარით, სულ დამატებით მივიღებთ 224,0 მლნ ლარს;
• მობილური ოპერატორების მიერ მეოთხე თაობის ლიცენზიის შეძენისათვის გადახდილი სახსრებით დამატებით მობილიზებული იქნება 150,0 მლნ ლარი;
• სხვა შემოსავლები იზრდება 20,0 მლნ ლარით;
• სახაზინო ვალდებულებების (შიდა ვალი) აღება მცირდება 100,0 მლნ ლარით;
• ასევე, საბიუჯეტო დეფიციტის დაბალ ნიშნულზე შენარჩუნების მიზნით, კონკრეტული პროექტების დასაფინანსებლად გამოყოფილი რესურსი მცირდება 67,0 მლნ ლარით; ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ბიუჯეტის შემოსულობები, არსებულ გეგმასთან შედარებით გაიზრდება დაახლოებით 27,0 მლნ ლარით”, – ნათქვამია განცხადებაში.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, რაც შეეხება გადასახდელების ნაწილს, 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონში განსახორციელებელი ცვლილებები გულისხმობს მხარჯავი დაწესებულების ასიგნებების შემცირებას 140 მლნ ლარამდე, მათ შორის, საბიუჯეტო სახსრების ფარგლებში სამინისტროების ასიგნებები მცირდება. დაახლოებით, 70 მლნ ლარით, ხოლო დონორების დაფინანსებული პროექტების ნაწილში ასევე 70 მლნ ლარამდე.
“საბიუჯეტო სახსრების ნაწილში მცირდება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ასიგნებები – 10,0 მლნ ლარი; საქართველოს თავდაცვის სამინისტრო – 5,0მლნ ლარი; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტოს ასიგნებები – 12,0 მლნ ლარით(ეს არის მათი ბიუჯეტის მხოლოდ 1.5%, განათლების სამინისტროს მიერ დაგეგმილი არცერთი პროექტი არ შეჩერდება, შემცირება ხდება მხოლოდ მოსალოდნელი ეკონომიების ხარჯზე); საქართველოს პარლამენტი – 6,0 მლნ ლარით; საქართველოს ფინანსთა სამინისტრო – 7,0 მლნ ლარით; სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 8,0 მლნ ლარით; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს – 3.5 მლნ ლარით; გარემოს დაცვის სამინისტრო – 2,0 მლნ ლარით; სხვა დანარჩენი მხარჯავი დაწესებულებები ჯამში, დაახლოებით, 17,0 მლნ ლარით”, – ნათქვამია განცხადებაში და კიდევ ერთხელ ხაზგასმულია ის, რომ სოციალურ ხარჯებს კორექტირება არ ეხება.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, დონორების დაფინანსებული პროექტების ნაწილში მცირდება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინსიტროს და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ასიგნებები.
“მხარჯავი დაწესებულებების ასიგნებებში გამოთავისუფლებული რესურსი მიიმართება ბიუჯეტით გათვალისწინებულ ფონდებში (85,0 მლნ ლარი), რათა მოხდეს გამოთავისუფლებული რესურსით სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება”, – ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, ასევე იზრდება საგარეო ვალის მომსახურებისა და დაფარვისათვის გათვალისწინებული ასიგნებები (53,0 მლნ ლარი).
“ზემოაღნიშნული ცვლილებებიდან გამომდინარე ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამში დარჩება უცვლელი. ამასთან, იმის გათვალისწინებით რომ შემოსულობები იქნება 27,0 მლნ ლარით მეტი, აღნიშნული თანხა დამატებით დაგროვდება ბიუჯეტის ანგარიშზე (300,0 მლნ ლარის ნაცვლად დავაგროვებთ 327,0 მლნ ლარს)”, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიერევანი LIVE (საპროტესტო აქცია განახლდა)
შემდეგი სტატიაცოცხალია თუ არა დაკარგული ვეფხვი? – მის ვოლიერს დღეს გაწმენდენ