ბიზნესმენი თემურ უგულავა მეუღლეს კუთვნილ ქონებას ედავება

ბიზნესმენ თემურ უგულავას ოფიციალური მეუღლე უპირისპირდება და თანაცხოვრების პერიოდში დაგროვილი ქონების თავის წილს ითხოვს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს დავითაიას ადვოკატებმა გამართულ პრესკონფერენციაზე დეტალურად ისაუბრეს და განაცხადეს, რომ ადგილი აქვს დისკრიმინაცულ ქმედებებს ბაია დავითაიას მიმართ.

12086868_1049863965037206_835454613_n 12084130_1013031198718465_2006531312_n

საქმე ეხება სასამართლო დავას, რომელიც მიმდინარეობს ბაია დავითაიასა და ბიზნესმენ თემურ უგულავას შორის, რომლებიც 2002 წლიდან იმყოფებიან ქორწინებაში.

“ეს დავა ცდება საოჯახო დავას, რადგან იგი ქმნის სახიფათო პრეცენდენტს ქართულ მართლმსაჯულებაში და ასევე უხეშად არღვევს ქალთა უფლებებს. სამოქალაქო სასამართლომ ბაია დავითაიას სასარგებლოდ არ დააკმაყოფილა არცერთი მისი სასარჩელო მოთხოვნა. მოსამართლე გიორგი ებანოიძემ გადაწყვიტა, რომ ქორწინების პერიოდში შექმნილი, შეძენილი და ღირებულება-გაზრდილი ქონებიდან ბაია დავითაიას არაფერი არ ეკუთვნის, რაც მოქმედი კანონმდებლობის უხეში დარღვევაა”,- განაცხადა ადვოკატმა დავით ერისთავმა.

დავითაიას ადვოკატები საქმის დეტალებზე განცხადებასაც ავრცელებენ, რომელსაც “თაიმერი” უცვლელად გთავაზობთ:

“თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე გიორგი ებანოიძის 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით ბაია დავითაიას არც ერთი სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ბაია დავითაია და თემურ უგულავა 2002 წლიდან თანაცხოვრობდნენ ერთ ოჯახად, ხოლო აქედან 8 წლის მანძილზე (ფორმალურად, დღემდე) იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. ამ პერიოდის განმავლობაში, თემურ უგულავა გადაიქცა ერთი ყველასათვის უცნობი ბიზნესმენიდან ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანად საქართველოში, რომელსაც აქვს უმსხვილესი სათამაშო, სასტუმრო და სხვა ბიზნესები.

ქალთა უფლებები

ამ პირობებში, მოსამართლე გიორგი ებანოიძემ გადაწყვიტა, რომ ქორწინების პერიოდში შექმნილი, შეძენილი და ღირებულება-გაზრდილი ქონებიდან ბაია დავითაიას არ ეკუთვნის არაფერი!

სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის შესაბამისად, ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას. განქორწინების შემთხვევაში ასეთი ქონება მეუღლეთა შორის იყოფა თანაბარწილად, ხოლო სამოქალაქო კოდექსის 1163-ე მუხლის მიხედვით, ერთ-ერთი მეუღლის ქორწინებამდე არსებული ქონება შესაძლოა გადაიქცეს მეუღლეთა თანასაკუთრებად, თუ ქორწინების განმავლობაში გაწეული ხარჯების შედეგად, მისი ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზრდება.

ბავშვთა უფლებები

დამატებით, სასამართლომ, თემურ უგულავას, როგორც აუტისტური სპექტრის მქონე არასრულწლოვანი ბავშვის მამას, 25 % -ით შეუმცირა ხარჯები, რომელსაც წლების მანძილზე მამა უხდიდა შვილს მისი დიაგნოზიდან გამომდინარე მკურნალობა/რეაბილიტაციისთვის.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის თანახმად, მშობლები ვალდებულნი არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისთვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. აღნიშნული ვალდებულებები მოიცავს როგორც მატერიალურ უზრუნველყოფას, ასევე მორალურ სულიერ მხარდაჭერას, რაც აღზრდის მთავარი და აუცილებელი პირობაა. მოცემულ შემთხვევაში, ბაია დავითაია, როგორც დედა წლებია ასრულებს ორივე მშობლის ვალდებულებას აღზარდოს შვილი, ხოლო მამა მხოლოდ ფინანსური უზრუნველყოფით გამოხატავს მამობრივ ვალდებულებას, შვილის სულიერი აღზრდის მიმართულებით კი მისი მონაწილეობა ნულის ტოლია, ის არათუ ყოველდღიურად ზრუნავს შვილზე, არამედ ურთიერთობაც კი არა აქვს თვეების მანძილზე შვილთან, რაც აზიანებს ბავშვის ინტერესებს და ყოვლად უსამართლოა ქალის მიმართ, რომელიც წლების მანძილზე მარტო ასრულებს მამის და დედის ვალდებულებას ერთდროულად. მიუხედავად ამისა, სასამართლო არ აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე, რათა სამართლიანი სასამართლოს პირობებში ემსჯელა საქმეზე ქალთა და დედათა უფლებების ჭრილში, რითაც მართლმსაჯულებას გახდიდა ქალთათვის ხელმისაწვდომს. ამის მაგივრად სასამართლომ მამის მხრიდან მშობლის მოვალეობის შესრულების მატერიალური ნაწილიც კი შეამცირა, რითაც რისკის წინაშე დააყენა განსაკუთრებული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანის ფიზიკური და გონებრივი განვითარება.

სასამართლოს მიდგომით, აუტისტური სპექტრის მქონე შვილის მკურნალობა და მასზე ზრუნვაზე ცხოვრების დიდი დროის დახარჯვა თურმე აბრკოლებს ქორწინების პერიოდში შექმნილი მატრიალური სიკეთის თანასაკუთრებად ქცევას (ქონების გაყოფაზე უარის საფუძვლად სასამართლო უთითებს, რომ ბაია დავითაია აქტიურ მონაწილეობას ვერ იღებდა ქონების ღირებულებს ზრდაში, ვინაიდან შვილის მკურნალობის მიზნით იმყოფებოდა საზღვარგარეთ). ამგვარი მიდგომა ბავშვის უფლებების საწინააღმდეგო სტანდარტის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს, რაც მომავალში შეიძლება გამოიხატოს მშობლობის დიდი ტვირთის ნიველირებით და არჩევანის წინაშე დაყენებით – იზრუნოს შვილზე ქალმა თუ შეეცადოს ბავშვის იგნორირების ხარჯზე აქტიური მონაწილეობა მიიღოს თანასაკუთრებაში არსებული ქონების ღირებულების ზრდაში.

ასეთი ლოგიკა ცალსახად დისკრიმინაციულია ქალისა და ბავშვის მიმართ, განსაკუთრებით იმ ფონზე რომ მამა საერთოდ არ მონაწილეობს შვილის აღზრდის ვალდებულების შესრულებაში. შედეგად კი ირღვევა როგორც ბავშვის უფლება სათანადო ზრუნვაზე ორივე მშობლის მხრიდან, ასევე ქალისთვის სამართლიან სასამართლოზე ხელმისაწვდომობა თავისი საკუთრების უფლების რეალიზების და ბავშვის დაცვის უფლების მიმართულებით.

საფუძვლიანი ეჭვი მოსამართლის კორუფციულ გარიგებაზე

სასამართლოს წარედგინა სპეციალური ანგარიში, რომელიც ადგენს ქორწინების პერიოდში გაწეული ხარჯების მოცულობას, ასევე ქონების ღირებულების ზრდას. დადგინდა ,,აჭარა +“-ის (სასტუმრო ,,Holiday Inn“) საბაზრო ღირებულების 4-ჯერ ზრდა, ხოლო ხარჯების მოცულობამ 2-ჯერ გადააჭარბა ქორწინების მომენტისათვის კომპანიის საბაზრო ღირებულებას. თეიმურაზ უგულავას კიდევ ერთი კომპანიის (,,ქროსვეისის“) შემთხვევაში, ქორწინების პერიოდში გაწეული ხარჯები დაახლოებით 300-ჯერ აღემატებოდა ქორწინების მომენტისათვის კომპანიის ღირებულებას, რამაც განაპირობა კომპანიის საბაზრო ღირებულების 550-ჯერ(!) ზრდა. აღნიშნულის მიუხედავად, სასამართლომ უარი განაცხადა აღნიშნული ქონების თანასაკუთრებად მიჩნევაზე. მეტიც, სასამართლომ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე თანასაკუთრებად არ ჩათვალა ქორწინების პერიოდში შეძენილი/შექმნილი ახალი აქტივები. როგორც ჩანს, მოსამართლე ებანოიძეს იმდენად გაუჭირდა გადაწყვეტილების ამ ნაწილის თუნდაც აბსურდული დასაბუთება, რომ მან ამჯობინა საერთოდ არ მიეთითებინა სამართლებრივი საფუძვლები!

მოსამართლე ებანოიძის მიკერძოება აშკარად იყო გამოკვეთილი სასამართლო პროცესის მსვლელობის ყველა ეტაპზე. კერძოდ, ეჭვს აღძრავდა მისი შემდეგი ქმედებები:

1.გ. ებანოიძემ დაუსაბუთებელი უარი განაცხადა სასამართლოს მიერ ექსპერტიზის დანიშვნაზე, რომელსაც უნდა დაედგინა საქმისათვის საკვანძო საკითხები;

1.როცა ექსპერტიზა ჩვენმა მხარემ თავისი ინიციატივით ჩაატარა, მან მთლიანად უგულებელყო ბაია დავითაიას მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა;

1.გ.ებანოიძემ არაერთგზის და სრულიად აბსურდული მიზეზებით უარი განაცხადა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის გამოთხოვაზე თემურ უგულავას კომპანიებიდან, მათ შორის ერთხელ წინასწარ (მტკიცებულებათა გამოკვლევამდე!) განაცხადა, რომ საქმეში უკვე იყო ,,საკმარისი“ მტკიცებულებები;

1.მიუხედავად ამისა, ებანოიძის გადაწყვეტილებაში სრულიად უგულებელყოფილი და იგნორირებულია მის მიერვე ,,საკმარისად“ მიჩნეული მტიცებულებები – არც ერთი იმ მრავალი ტომი მტკიცებულებიდან, რომელიც ჩვენმა მხარემ მოიპოვა და წარადგინა!

1.თემურ უგულავას მიერ კონკრეტული სახელშეკრულებო ვალდებულებების აშკარა შეუსრულებლობის მიუხედავად, მოსამართლე ებანოიძემ ჩათვალა, რომ მას საქორწინო ხელშეკრულება საერთოდ არ დაურღვევია. აქაც, გიორგი ებანოიძემ გამოიყენა თავისი აპრობირებული მეთოდი და არც კი შეეცადა ამ აბსრუდის დასაბუთებას.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებულია მეუღლეთა თანასწორობა და ქორწინებისას შეძენილი ქონება ითვლება თანასაკუთრებად, რეალურ ცხოვრებაში, ჩვენი სამართლებრივი სისტემა ვერ უზრუნველყოფს ამ თანასწორობის განხორციელებას. ბაია დავითაიას შემთხვევა არის კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორ ირღვევა ქალთა ქონებრივი უფლებები განქორწინების დროს. დღეს საქართველოში ქალებს არ აქვთ იმის გარანტია, რომ განქორწინების შემთხვევაში, ისინი მიიღებენ კანონიერ წილს მეუღლეთა საერთო საკუთრებიდან.

დასკვნა

ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არის ქალის პირდაპირი დისკრიმინაცია, ქვეყანაში არსებული სამართლებრივი ნორმის განხორციელების შეზღუდვა სქესის ნიშნით.

მოსამართლე ებანოიძის აშკარად გამოხატულად მიკერძოებული, არაობიექტური და დისკრიმინაციული მიდგომა წარმოშობს სერიოზულ ეჭვს, რომ ადგილი ჰქონდა მოსამართლესთან კორუფციულ გარიგებას, რადგან სხვა ვარაუდისათვის ადგილი უბრალოდ აღარ რჩება. იმედია, სასამართლო ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლები უზრუნველყოფენ ქალების მართლმსაჯულებამდე კანონიერ წვდომას, სათანადო რეაგირებას მოახდენენ აღნიშნულ საკითხზე და მომავალში გამორიცხავენ მსგავს ფაქტებს,“ – ნათქვამია ადვოკატების მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გაასაჯაროვეს.

banner
წინა სტატიაში„ქალაქის მთავრობა პრინციპში გადამდგარია, დაცვაღა დარჩა, მგონი, მერიაში”
შემდეგი სტატიაკიევში “თბილისობა” აღინიშნა