ბიზნესგაერთიანებები გიორგი გახარიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

საქართველოში მოქმედი ბიზნესგაერთიანებები ბიზნესომბუდსმენ გიორგი გახარიასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

“საქართველოს ბიზნეს ასოციაციები, როგორც ქვეყნის ეკონომიკური სფეროს უმნიშვნელოვანეს სექტორში მოღვაწე პროფესიული გაერთიანებები, შეშფოთებას გამოვთქვამთ იმ ფაქტის გამო, რომელსაც ამ რამოდენიმე დღის წინ ჰქონდა ადგილი და მიზნად ისახავს არა რომელიმე ბიზნეს სტრუქტურის დისკრედიტაციას, არამედ საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენის ინსტიტუტის იმიჯისა და საქმიანი რეპუტაციისათვის, სრულიად უსამართლოდ ზიანის მიყენებას, რითაც საბოლოოდ სერიოზულ დარტყმას მივიღებთ მთლიანად ბიზნეს გარემოზე და აქედან გამომდინარე ქვეყნის ეკონომიკაზე.
ბატონი გიორგი გახარია ამ თანამდებობაზე მოსვლის დღიდან გულისხმიერებით, მაღალი პროფესიონალიზმით და დიდი მონდომებით ცდილობს თავისი კომპეტენციის ფარგლებში დაეხმაროს ბიზნესის წარმომადგენლებს და ამის მრავალი მაგალითი არსებობს, ხოლო დღეს როგორი პარადოქსიც არ უნდა იყოს, ბიზნესს თავად უწევს მისი დაცვა, რაც სამწუხარო რეალობაა და უარყოფითად აისახება ინვესტორთა ქცევაზე.
ამიტომ, ჩვენ მაქსიმალური ყურადღებით მივადევნებთ თვალს მოვლენების შემდგომ განვითარებას და შევეცდებით, რომ მომავალშიც მყისიერი რეაგირება მოვახდინოთ ამ ფაქტისადმი არა სამართლიანი და ტენდენციური დამოკიდებულების შემთხვევაში”, -ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ: მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია; ნავთობ პროდუქტების იმპორტიორთა კაშირი; ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა ასოციაცია; საქართველოს ბანკების ასოციაცია; საქართველოს ფერმერთა ასოციაცია; საქართველოს მეცხვარეთა ასოციაცია; ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია; საქართველოს მეხორბლეთა ასოციაცია.
რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელდა ბიზნესმენ ვახტანგ გოძიაშვილისა და ბიზნესომბუდსმენის, პრემიერთან მოქმედი ეკონომიკური საბჭოს მდივნის, გიორგი გახარიას სატელეფონი საუბრის ფარული ჩანაწერი. ბიზნესმენი გახარიას, აგრეთვე, ზვიად ჯანყარაშვილს მის საქმიანობაში ჩარევაში ადანაშაულებს.

banner
წინა სტატიაშიარასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი პრეზიდენტს მიმართვას დღეს გაუგზავნის
შემდეგი სტატიადედაქალაქის მერიის მოთხოვნები „სითი პარკს“