ბესო ხარძიანის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი შეიქმნა

პატრულ-ინსპექტორებსა და მოქალაქეებს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

ბესო ხარძიანის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი შეიქმნა. ბესარიონ ხარძიანის მკვლელობასთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, მუხლი გადაკვალიფიცირდა და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გრძელდება, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
საქართველოს პროკურატურა მოქალაქე ბესარიონ ხარძიანის გარდაცვალების ფაქტზე ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილის ოჯახის წევრებს უსამძიმრებს.
“პროკურატურაში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შეიქმნა სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტდა როგორც მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის, ასევე თბილისის პროკურატურის პროკურორ-გამომძიებლებით. საგამოძიებო ჯგუფმა დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის 19, 108 მუხლით, რაც გულისხმობს მკვლელობის მცდელობას, ვინაიდან ბ. ხარძიანი მიყენებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა, მუხლი გადაკვალიფიცირდა და გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ამ ეტაპზე საქმეზე ინტენსიურად მიმდინარეობს პირველადი და გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები, კერძოდ, მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება, დაინიშნა საჭირო ექსპერტიზები, მიმდინარეობს დაკითხვები და ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებები.
ასევე გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ ოცდაოთხსაათიან რეჟიმში მოქმედებს პროკურატურის ცხელი ხაზი – 2 40 52 22 და ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც მომხდარის შესახებ გააჩნია რაიმე სახის ინფორმაცია, ვთხოვთ დაგვიკავშირდეს, კონფიდენციალურობა დაცული იქნება.
საქართველოს პროკურატურა, გამოძიების ინტერესების გათვალისწინებით, საზოგადოების ინფორმირებას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ პერიოდულად მოახდენს”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიდაჩი ცაგურია – ბესო ხარძიანი ამბობდა, რომ იგი შეიძლება მოეკლათ
შემდეგი სტატიაექიმი – ბესო ხარძიანი სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებებისა და სისხლის დიდი დანაკარგის გამო გარდაიცვალა