ბაჩო ახალაია: ასეთი “დაღვინებული” მოსამართლის სიცილიურ მაფიასაც კი შეშურდებოდა

ვიღაცამ ვიღაცას ხელსაყრელ ფასად მიჰყიდა თავდაცვის მინისტრის სავარძელი

მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე არის ადამიანი, რომელსაც არათუ მოსამართლის მორალური და ზნეობრივი კრიტერიუმის დაკმაყოფილება შეუძლია , არამედ ის შორს არის უბრალოდ კეთილსინდისიერი მოქალაქის პასუხისმგებლობის გრძნობისგანაც, – ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია “ფეისბუქის” გვერდზე წერს.
ბაჩო ახალაია მოსამართლის მიერ გიგი უგულავასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას აკრიტიკებს.
“უკვე კარგა ხანია თვალნათლივ ვხედავ, რომ რაც საქართველოს არ გააჩნია ეს სამართლიანი და მიუკერძოებელი სასამართლოა, მაგრამ ხშირად გვესმის, რომ არიან გამონაკლისი მოსამართლეები. მე კი მინდა სწორედ ერთ ასეთ გამონაკლის მოსამართლეზე ფართო საზოგადეობას მივაწოდო ორიოდე სიტყვა უბრალოდ განსჯისთვის. ეს არის გიგი უგულავას განაჩენის ხელმომწერი მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე. ეს ნამდვილად ერთ-ერთი იმ გამონაკლისთაგანია, რომელიც შუასაუკუნებრივი, ინკვიზიციური, შავრაზმელი მოსამართლეთაგან ერთ-ერთი უპირველესია. ამის თქმის საშუალებას მე მაძლევს მის მიერ 2 წლის წინ ჩემს საქმეზე ქცევების ანალიზი. ვფიქრობ საინტერესო იქნება თუ შეგახსენებთ, რომ ეს არის სწორედ ის ადამიანი, რომელმაც უპირობოდ გაიზიარა ოფიციალური 6 “კანონიერი ქურდის” ჩვენებები, ადამიანების რომლებსაც ათეულობით დანაშაული ჰქონდათ ჩადენილი, ისეთი, როგორიცაა ქურდობა, ყაჩაღობა, გამოძალვა და სხვა. მოსამართლე ჩხიკვაძემ სწორედ რომ “ქურდული სამყაროს” წევრების მოსაზრებები მიიჩნია სარწმუნოდ და ჭეშმარიტებად, როდესაც მეორე მხარეს ნამდვილად შეუბღალავი რეპუტაციის ადამიანების პოზიციები იყო. ამ კონტექსტში კიდევ უფრო საინტერესო ის არის, რომ მაშინვე გაჩნდა კითხვა – როგორ მოხდა ქურდული სამყაროს და სასამართლოს ჰარმონიზაცია, როგორ მოხდა ის, რომ კანონიერმა ქურდებმა სწორედ მოსამართლე ჩხიკვაძეს მისცეს წერილობითი ჩვენებები და კულმინაცია პროცესისა – როგორ აქცია მოსამართლემ კანონიერი ქურდების სიტყვა კანონად?!
ამით მხოლოდ ერთ ჭეშმარიტებას მინდა გავუსვა ხაზი, როდესაც ვსაუბრობთ მოსამართლე ჩხიკვაძის განაჩენზე უგულავას მიმართ, გავითვალისწინოთ ის, რომ ჩხიკვაძე არის ადამიანი, რომელსაც არათუ მოსამართლის მორალური და ზნეობრივი კრიტერიუმის დაკმაყოფილება შეუძლია, არამედ ის შორს არის უბრალოდ კეთილსინდისიერი მოქალაქის პასუხისმგებლობის გრძნობისგანაც. ასეთი “დაღვინებული” მოსამართლის სიცილიურ მაფიასაც კი შეშურდებოდა.
ერთი ფაქტორიც მნიშვნელოვანია, ამ კატეგორიის მოსამართლეები სახელისუფლებო ზეწოლად სწორედ იმას თვლიან, რაც მათ ყველაზე უფრო სიამოვნებთ და სჭირდებათ, პრინციპით – “ბინძური ხელი ბინძურ ხელს ბანს”.
საბოლოოდ კი თქვენთვის დამიტოვებია ერთი კითხვა, ადამიანი რომელიც ოფიციალური “კანონიერი ქურდის” სიტყვას სასამართლო სიმტკიცით და დამაჯერებლობით ამყარებს, რა სახის განაჩენების გამოტანა შეუძლია, რა დოზის ფალსიფიკაციისა და უსამართლობის დამკვიდრებას არ შეუწყობს ხელს?
და რაც ყველაზე მთავარია ვისი სიტყვები, ცხოვრება და ქცევა აღმოჩნდა უფრო მისაღები და შესაბამისად სარწმუნო მოსამართლე ჩხიკვაძისთვის – ერთი მხრივ 6 “კანონიერი ქურდის” და მათი ამფსონების, თუ მეორე მხრივ მაგალითად გიგი უგულავასი და მასთან ერთად უამრავი კეთილსინდისიერი მოქალაქის?”, – წერს ბაჩო ახალაია.

banner
წინა სტატიაში„მთავრობას არ აქვს არანაირი კომუნიკაცია ხალხთან“ – თავისუფალმა დემოკრატემა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს
შემდეგი სტატიაჯანი ბუკიკიო: დარწმუნებული ვარ, რომ მთავრობა საჭირო ზომებს მიიღებს მოსამართლეებისა და მათი ოჯახების რაიმე დევნისგან დასაცავად