„ბანკებმა მომხმარებელს არ უნდა დააკისრონ გაზრდილი პროცენტი ან დამატებითი საურავი”

ეროვნული ბანკის პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძის განცხადებით, ლარის კურსის გაუფასურება იმ მილიარდი დოლარის შემოდინების დანაკლისმა გამოიწვია, რომელიც ეკონომიკას წლის განმავლობაში დააკლდა.

ქადაგიძის თქმით, გაუფასურებულმა ლარის კურსმა შეამცირა იმპორტი.

„დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საგადამხდელო ბალანსიდან, ანუ შემოდინების ნაწილი ასახულია იმპორტის შემცირებაში, შესაბამისად, ამ მიმართულებით კურსზე ზეწოლას არ ველოდებით. ცალსახად მინდა ხაზი გავუსვა, ამას აქვს სხვა უარყოფითი ფაქტორები, თუმცა, კურსთან მიმართებაში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფუნდამენტური ფაქტორები აღმოფხვრილია. რას ნიშნავს ეს რიგითი ადამიანის დონეზე: დღეს ჩვენ უკვე მზად ვართ, უფრო აგრესიული მონეტარული პოლიტიკის გასატარებლად სხვადასხვა მიმართულებით, თუ ამის საჭიროება დადგება. თუმცა, იმისთვის, რომ ბაზრის მონაწილეებს ჩვენი ინსტრუმენტების მიმართ ნდობა ჰქონდეთ, მნიშვნელოვანია, მთავრობამ, განსაკუთრებით ეკონომიკური ბლოკის მინისტებმა, დააფიქსირონ საკუთრი პოზიცია რეფინანსირების ინსტრუმენტთან და მთლიანად მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით, როგორც კი ამ საკითხს წერტილს დავუსვამთ უფრო პრაქტიკული ქმედებების განხორციელება შეგვეძლება“, – განაცხადა ქადაგიძემ.

მისივე განმარტებით, განსაკუთრებიული და უცნაური არაფერია იმაში, რომ მოსახლეობის ნაწილს განსაკუთრებით მათ, ვისაც დოლარში ჰქონდა სესხი აღებული, სესხის მომსახურეობა გაურთულდა.

„ვისთვისაც ეს მნიშვნელოვან პრობლემად იქცა, მათ უნდა მიაკითხონ კომერციულ ბანკებს და საკუთარი საკრედიტო ხელშეკრულების რესტრუქტურიზაცია მოსთხოვონ. ხოლო მეორეს მხრივ, ბანკებმა უნდა გამოიჩინონ მაქსიმალური მოქნილობა და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დააკისრონ გაზრდილი პროცენტი ან დამატებითი საურავები რესტრუქტურიზაციის სანაცვლოდ. მითუმეტეს, მიუღებელია მუქარა ე.წ. შავ სიაში მოხვედრით. ამ პროცესს ჩვენ გავაკონტროლებთ და მონიტორინგს გავაკეთებთ“, – განაცხადა ქადაგიძემ.

banner
წინა სტატიაშიარასაპარლამენტო ოპოზიცია პარლამენტისთვის მიმართვის ტექსტზე მუშაობს
შემდეგი სტატიაკახა კალაძე და ირაკლი კობახიძე იმერეთის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელებს ხვდებიან