ბათუმში 50 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება

 

ბათუმში 50 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. ბათუმში, სასტუმრო “რადისონში” ორი კომპანიის შპს “მეტრო ატლას ჯორჯია”-სა და შპს “ეიარ მერიდიანსი”-ს წარმომადგენლებთან ერთად თანამშრომლობის ხელშეკრულებაზე ხელი მოაწერა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტის უფროსმა ზურა ჭურკვეიძემ. ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ახალ ბულვარში შპს “მეტრო ატლას ჯორჯია” და შპს “ეიარ მერიდიანსი” არანაკლებ 220 – 200 ნომრიანი სასტუმროსა და აპარტამენტების მშენებლობას იწყებენ:

“უკვე დასრულებული სასტუმროების ოპერირებას მსოფლიო ბრენდები უზრუნველყოფენ. ახალ ბულვარში შპს “ეიარ მერიდიანსი” არანაკლებ 30 000 000 აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. პროექტის მიხედვით საინვესტიციო ტერიტორიაზე არანაკლებ 220 ნომრიანი სასტუმო და 600 აპარტამენტი აშენდება. შენობაში ასევე სამორინე, საკონფერენციო დარბაზები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრები, კვების და სხვა ობიექტები განთავსდება. პროექტი ხელშეკრულების გაფორმებიდან ოთხ წელში დასრულდება. ინვესტიციის განხორციელების შემდეგ არანაკლებ 300 ადამიანი დასაქმდება. შპს “მეტრო ატლას ჯორჯია” კი ახალ ბულვარში არანაკლებ 20 მლნ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. ხელშეკრულების მიხედვით ინვესტორი არანაკლებ 200 ნომრიან სასტუმროს, ასევე არანაკლებ 250 აპარტამენტის მშენებლობას უზრუნველყოფს. პროექტის მიხედვით ტერიტორიაზე კაზინო, საკონფერენციო დარბაზები, სპა ცენტრი მოეწყობა. ინვესტიციის განხორციელების შემდეგ არანაკლებ 500 ადამიანი დასაქმდება. კომპანია 20 მილიონი დოლარიდან 1 მილიონ დოლარს საინვესტიციო ტერიტირიასთან არსებული არხის კეთილმოწყობისთვის დახარჯავს. პროექტის განხორციელება მიმდინარე წელს დაიწყება. ხელშეკრულების მიხედვით შპს “მეტრო ატლას ჯორჯიას” მშენებლობის დასრულებისთვის 5 წელი ექნება, თუმცა კომპანიის განცხადებით პროექტი დაახლოებით 2017 წელს დასრულდება”, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიკრემლის ჯარები უკრაინაში შეტევას იწყებენ
შემდეგი სტატიასოფელ ბერშუეთიდან კიდევ ერთი ადამიანი გაიტაცეს