ბათუმის მერი “დაპაუზებული ბათუმის” მუზეუმის დათვალიერებას არ აპირებს

ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, რომელიც “ნაციონალური მოძაობის” წევრებმა “დაპაუზებული ბათუმის” მუზეუმის სანახავად მიიწვიეს, აცხადებს, რომ მუზეუმის დათვალიერების სურვილი არ აქვს.
“აბსურდის თეატრი რომ იყოს მივიდოდი საყურებლად”, – აღნიშნა გიორგი ერმაკოვმა.
როგორც ბათუმის მერი განმარტავს, მოსაზრებას ქალაქის დაპაუზების შესახებ ვერ დაეთანხმება, რადგან ბათუმში უამრავი პროექტი ხორციელდება. გიორგი ერმაკოვის თქმით, მუზეუმის მოსაწყობად შენობის გამჭვირვალე მინებით აღჭურვამ გარე ფასადი შეცვალა, რაც აღნიშნული სივრცის გახსნის კიდევ ერთი უარყოფითი მხარეა.
“ეს ის შემთხვევაა, როცა უცხო სიტყვების ლექსიკონიდან რაღაც სიტყვების გამოყენება იუმორის მომგვრელია. არ ვეთანხმები, რა თქმა უნდა, ამ მოსაზრებას იქიდან გამომდინარე, რომ ვიცი, რამდენი საინვესტიციო პროექტი შემოვიდა, რამდენს ყურადღება მიექცა მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე და რამდენი განხორციელდა. უამრავი სიახლე გვაქვს, ასე, რომ მოსაზრებას დაპაუზებული ქალაქის შესახებ ვერაფრით ვერ დავეთანხმები. დაპაუზებული რა არის იცით? როცა არაფერი არ კეთდება. დაპაუზებულია, როცა პრობლემები არ წყდება. მე თუ მკითხავთ, ამ ამბავს რაც ყველაზე უარყოფითი მოყვა ისაა, რომ შენობის ფასადი გააფუჭეს. ეს მერიასთან შეთანხმებული არ იყო, თუმცა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ გასცა თანხმობა”, – აღნიშნა გიორგი ერმაკოვმა.
“ნაციონალურმა მოძრაობამ” პარტიის ბათუმის ოფისის პირველ სართულზე “დაპაუზებული ბათუმის” მუზეუმი გახსნა. პარტიის წევრების თქმით, მუზეუმში იმ პროექტების ფოტოსურათები და მაკეტებია წარმოდგენილი, რომელთა მშენებლობაც “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდში აჭარის რეგიონში იგეგმებოდა.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს და ბათუმის მერს გიორგი ერმაკოვს მუზეუმის დათვალიერებისკენ მოუწოდეს.

banner
წინა სტატიაშიმერკელი მზადაა ჩვენება მისცეს შპიონაჟთან დაკავშირებით
შემდეგი სტატიაპრეზიდენტმა მთავრობის შემადგენლობა პარლამენტს დასამტკიცებლად გადაუგზავნა