ბათუმის დელფინარიუმის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს

ბათუმის დელფინარიუმი, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, შშმ პირებისათვის დელფინებთან ინტერაქტივის განსხვავებული, უფრო მაღალი ფასით მომსახურებასთან დაკავშირებით, განცხადებით პასუხობს.

ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შშმ პირთათვის დელფინარიუმში, დელფინებთან ინტერაქტივის მომსახურების ღირებულება მოქმედებს სერვისის ამოქმედების დღიდან, უკვე 5 წელია და ეს ტარიფი არასოდეს შეცვლილა.

„დელფინებთან ინტერაქტივი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის არის სრულიად განსხვავებული, ინდივიდუალური პროგრამა, რომელიც მოიცავს ინდივიდუალურად განსაზღვრულ დროს, ინდივიდუალურ მწვრთნელ-ინსტრუქტორს, რომელიც სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ სპეციალურად შემუშავებული პროგრამის საფუძველზე მუშაობს თითო შშმ პირთან ინდივიდუალურად. შშმ პირთათვის დელფინარიუმში დელფინებთან ინტერაქტივის მომსახურების ღირებულება მოქმედებს სერვისის ამოქმედების დღიდან, უკვე 5 წელია და ეს ტარიფი არასოდეს შეცვლილა. ეტლით მოსარგებლეთათვის შშმ პირთათვის დელფინარიუმის შოუზე დასწება, მისი დაარსების დღიდან უფასოა. ინფრასტრუქტურაში შედის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მომსახურება პანდუსითა და ლიფტებით. დელფინარიუმი და ”6 მაისის პარკი” მუდამ მზად არის ემსახუროს შშმ პირებს. ის ერთ-ერთი ინიციატორია რეგიონში, რომელმაც ხელი შეუწყო და ყოველთვის შეუწყობს შშმ პირთა ადაპტაციას, დასაქმებას და სოციალიზაციას. კონკრეტული მაგალითების დასახელებისგან თავს შეგნებულად ვიკავებთ, ვინაიდან სწორედაც, ამ ფაქტით სპეკულირება იქნება მათი დისკრიმინაცია”, – ნათქვამია ბათუმის დელფინარიუმის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, სადაც დელფინარიუმის ტარიფებია ასახული. ბათუმის დელფინარიუმში დელფინებთან 15 წუთიანი ინტერაქტივის ფასი 3–დან 16 წლამდე პირთათვის 100 ლარი, 16 წლიდან და ზემოთ – 150 ლარი, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ყველაზე ძვირი – 160 ლარია.

ორგანიზაციებში, რომლებიც ადამიანის უფლებებების საკითხებზე მუშაობენ, ამბობენ, რომ შშმ პირთათვის უფრო ძვირი სერვისი შესაძლოა დისკრიმინაციის ნიშნებს შეიცავდეს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი სახელმწიფო რწმუნებულებს შეხვდა
შემდეგი სტატიაუკრაინამ ყირიმი უცხოელებისთვის ჩაკეტა