ბაზიაშვილი არ გამორიცხავს, რომ მის მიმართ ბრალის წარდგენა მოხდეს

რუსლან ბაზიაშვილი

ყოფილი პოლიციელი რუსლან ბაზიაშვილი ქალაქის პროკურატურაში მოწმის სტატუსით დაკითხვაზე ადვოკატთან ერთად გამოცხადდა.
ბაზიაშვილმა არ გამორიცხავს, რომ მის მიმართ ბრალის წარდგენა მოხდეს. ყოფილი პოლიციელის განცხადებით, იგი დღეს დაკითხვაზე გამოძიებას მიაწვდის ინფორმაციას შს სამინსიტროში არსებულ ვითარებაზე.
“სახელმწიფო იმის ნაცვლად, რომ ებრძოდეს კრიმინალს, ებრძვის პოლიციელებს. ჩემი მოტივაცია გივი თარგამაძისთვის ინფორმაციის მიცემის თაობაზე იყო ის, რომ ბევრ რამეს მალავს შს სამინისტრო. სწორედ აქედან გამომდინარე მივიღე გადაწყვეტილება მიმეცა მასალები დეპუტატისთვის”, – განაცხადა რუსლან ბაზიაშვილმა.
ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ ხომ არ იყო თანხის შეთავაზება თარგამაძის მხრიდან, შსს-დან გათავისუფლებული პოლიციელის თქმით, თანხაზე საუბარი არ ყოფილა.
ასევე მედიის შეკითხვის საპასუხოდ მან განაცხადა, რომ შს სამინისტრო კრიმინალურ სტატისტიკას აყალბებს.
გამოძიების ცნობით, რუსლან ბაზიაშვილი თავისი კუთვნილი გენერირების მოწყობილობა დიჯიპასის მეშვეობით სამინისტროს დაცულ კომპიუტერულ ბაზაში შევიდა, მოქალაქე რამაზ დევაძის შესახებ ინფორმაცია არასამსახურებრივად მოიძია და საზღვრის კვეთის ამსახველი ფოტომასალა გივი თარგამაძეს მიაწოდა. შსს-ს ცნობით, შემდგომ აღნიშნული ინფორმაცია ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ საკუთარი ეთერისთვის გამოიყენა. აღნიშნულ ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში უკვე დაიკითხა გივი თარგამაძე.

banner
წინა სტატიაშისოციალურად დაუცველთა ქულების დათვლის ახალი სატესტო სისტემა ხვალიდან ამოქმედდება.
შემდეგი სტატიავინ გამოაშკარავა ობამას, პუტინის, მერკელის და სხვა ლიდერების პირადი მონაცემები?