ბაბაიანისა და ოგანეზოვის ცემის შესახებ ინფორმაციაზე პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს

რამდენიმე წუთის წინ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საგანგებო განცხადება გაავრცელა

ფილიპე ბაბაიანისა და არტურ ოგანეზოვის ცემის შესახებ ინფორმაციაზე პროკურატურაში გამოძიება უკვე მიმდინარეობს, – ამის შესახებ “თაიმერს” საგამოძიებო უწყების პრესამსახურში განუცხადეს.
პრესსამსახურის განმარტებით, გამოძიება 3 ივლისს დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტით, რაც უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.
“ინტერპრესნიუსი” ესაუბრა ერთ-ერთი დაკავებულის, ფილიპე ბაბაიანის ძმას, ემილ ბაბაიანს, რომელმაც აღნიშნა, რომ იგი პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დღეს საგამოძიებო უწყებაშია დაბარებული. ფილიპე ბაბაიანის ძმის ინფორმაციით, არტურ ოგანეზოვისა და მისი ძმის მხრიდან პოლიციის მიმართ 4 აპრილს შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. ემილ ბაბაიანი აცხადებს, რომ კულბ “ნაინში” სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პოლიციელმა მის ძმას და მის მეგობარს საპირფარეშოსთან ეთნიკურ ნიადაგზე შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც ევროპის მოედანზე მივიდნენ პოლიციელები და მათი მხრიდან ჰქონდა აგრესიას ადგილი ახალგაზრდების მიმართ.
“ტყუილია, რომ ფილიპე ბაბაიანმა და არტურ ოგანეზოვმა პოლიციას შეურაცხყოფა მიაყენეს. ისინი იმყოფებოდნენ კლუბში, საპირფარეშოსთან ხელს იბანდნენ, რა დროსაც საპირფარეშოდან გამოვიდა სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიციელი. ესენი რუსულად ლაპარაკობდნენ და მან იკითხა, სადაურები ხართო. ახალგაზრდებმა უპასუხეს, რომ თბილისელები არიან. პოლიციელმა კი თქვა, რომ საქართველოში ყველა პოლიციელს გაუმარჯოსო. ამათმაც უპასუხეს, გაუმარჯოსო. მერე კი იმ პოლიციელმა კვლავ იკითხა, თქვენ საიდან ხართო, ამათმა უთხრეს, რომ სომხები ვართო და პოლიციელმა თქვა, რომ ეზიზღება სომხების ჯიში. სწორედ ამას მოჰყვა ინციდენტი. თუმცა, ფილიპე ბაბაიანის და არტურ ოგანეზოვის მხრიდან შეურაცხყოფას პოლიციელების მიმართ, რომლებიც ადგილზე მივიდნენ, ადგილი არ ჰქონია”, – განაცხადა ემილ ბაბაიანმა, რომლის ინფორმაციითაც, იგი დღეს პროკურატურიაში უნდა დაიკითხოს.
რაც შეეხება ფილიპე ბაბაიანს და არტურ ოგანეზოვს, ისინი ევროპის მოედანზე კლუბ “ნაინთან” პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს. მათი პროცესი დღეს საქალაქო სასამართლოში გაიმართა, სადაც ერთი გამომძიებელი დაიკითხა, რომელიც ადგილზე იმყოფებოდა. გამომძიებელმა აღნიშნა, რომ ახალგაზრდების მხრიდან ადგილი ჰქონდა პოლიციის მისამართით შეურაცხყოფას. მან ასევე აღნიშნა, რომ არტურ ოგანეზოვმა მას სახელური ჩამოახია. ბრალდებულები კი აცხადებენ, რომ მათ მაჯის საათით გადაღებული აქვთ, თუ როგორ უსწორდებიან პოლიციელები ჯერ ევროპის მოედანზე, შემდეგ კი ძველი თბილისის განყოფილებაში.
საქალაქო სასამართლოში ბაბაიანისა და ოგანეზოვის წინააღმდეგ საქმის განხილვა 24 ივლისს განახლდება.

banner
წინა სტატიაში“მაკლეინის საზაფხულო ბანაკი-ძევრის სკოლა 2015”-ის დასკვნით ღონისძიება
შემდეგი სტატიადიმიტრი ხუნდაძე – რაც დღეს ხდება მცხეთის მუნიციპალიტეტებში, ყოვლად მიუღებელი და აუტანელია