ახმედ ზაკაევი: „ვინც პანკისიდან სირიაში წავიდა, ყველა არ მოკვდება, დაბრუნდებიან და პრობლემებს შეუქმნიან ქვეყანას“

ახმედ ზაკაევი „პოსტსკრიპტუმთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ლონდონიდან აფრთხილებს საქართველოს ხელისუფლებას: „როცა სირიაში პანკისიდან წასულები უკან დაბრუნდებიან საქართველოში, ეს ქვეყანას და ხელისუფლებას, ცხადია, პრობლემებს შეუქმნის“, – ამბობს ზაკაევი.

ზაკაევის თქმით, პანკისის ხეობის მცხოვრებლებს მეტი ყურადღება სჭირდებათ და თუ მთავრობა ყურადღებას არ მიაქცევს და სრულფასოვან მოქალაქეებად არ მიიჩნევს პანკისელებს, ისნი იქცევიან იარაღად რუსული სპეცსამსახურების ხელში:

„პანკისელების 90% თბილისს უყურებს, როგორც სხვა სახელმწიფოს. ეს ასე არ უნდა იყოს. თუ მთავრობა ფიქრობს, რომ რაც უფრო მეტი წავა პანკისიდან, მით უკეთესიაო, ძალიან ცდება. ვინც წავიდა, ყველა არ მოკვდება, ისინი უკან დაბრუნდებიან“, – ამბობს ახმედ ზაკაევი.

სირიაში გადაღებული ვიდეობის ანალიზმა და მათმა ჩვენებამ პანკისელებისთვის ცხადყო, რომ იქ პანკისელი ახალგაზრდები არიან გადაღებული. მათი ნაწილი სახეს იფარავს, ნაწილი კი ღიად საუბრობს, რომ სირიაში პანკისიდან წავიდნენ.

პანკისელები ამბობენ, რომ ის ახალგაზრდები, ვინც სირიაში წავიდნენ ან წასვლას აპირებენ, სოფელ ჯოყოლოში გადადიან და იქ უცნობ პირებს ხვდებიან, რომლებიც არწმუნებენ მათ, რომ სირიაში წასვლა მათი მოვალეობაა.

სოფელ ჯოყოლოში მოქმედ მეჩეთს ახალი შენობა მიაშენეს, სადაც სკოლის მოსწავლეები და ახალგაზრდები მუდმივად იკრიბებიან.

„პოსტსკრიპტუმის“ ინფორმაციით, სანამ ხელისუფლება გამოსავალზე ფიქრობს, მოქმედებას პანკისელი ქალები იწყებენ. ისინი აარსებენ ორგანიზაციას „პანკისელი დედები შვილების გადასარჩენად“. 

banner
წინა სტატიაშიკიევში მოკლული ჟურნალისტი ოლეს ბუზინა დაასაფლავეს
შემდეგი სტატიაგერმანიაში ორი საკონცენტრაციო ბანაკის განთავისუფლებიდან 70 წელს აღნიშნავენ