ახლა ვისი დროა?!

metreveli (1)რა საოცარია ის, რომ, რაც ჩემს ბავშვობაში სირცხვილად ითვლებოდა, ახლა ცხოვრების ნორმად, თავისუფლების, ზოგჯერ ევროპულის სახეობადაა გამოცხადებული. ფასეულობების რღვევა, ღირებულებათა დევალვაცია აისახება ადამიანის ფსიქიკაზე და, უმრავლეს შემთხვევაში, საფრთხეს უქმნის მის სულს.
პარადოქსების დროში ვცხოვრობთ და, თავისთავად, ეს ფაქტი ახალ შესაძლებლობებს აძლევს ადამიანებს. ჩვენ კულტურულ-სააზროვნო სივრცე გვეცლება ხელიდან და აგრესიული ტელეისტერიის ფონზე, როცა ლამის მთელი ქვეყანა ჩაიძიროს პოლიტიკურ ტოკშოუებსა თუ კომედიშუებში, სერიალებსა და ყოვლად უგემოვნო პროექტების მზერამოუცილებელ ყურებაში, ადამიანებს აღარ რჩებათ ფიქრის, საკუთარ თავთან განმარტოების დრო. უკვე დაიკარგა ამისი საჭიროება და ასე გაუცნობიერებლად მივდევთ ჟამთა სვლას, ოღონდ ეს გზა „ტაძართან ვერ მიგვიყვანს“.
რადგანაც მედიტაციის სივცე დავკარგეთ და აღარც არსებობს მზაობა მისი პოვნა-დაბრუნებისა, ხელთ შეგვრჩა უინტელექტო და უფორმო მოზეიმე მასა, ტაშ-ფანდურას გადაყოლილი ნაწილი საზოგადოებისა და, ვფიქრობ და ვშიშობ, ვაითუ – მომავლისაც. განზოგადებული სტაგნაცია და საზოგადოების მოუმზადებლობა ქმნის იმის წინაპირობას, რომ, შესაძლოა, ხელისუფლების აბსოლუტუზმისა და ავტორიტარიზმის პირისპირ დავდგეთ! ადამიანის ცნობიერების რეგისტრები უკვე მოდუნებულია, ამბიციური პოლიტიკური დისკურსი ქმნის, ერთი მხრივ, პოლიტიკოსთა მიმართ ბიოლოგიური სიყვარულისა და, მეორე მხრივ, უკიდურესი სიძულვილის გარემოს. ამ დაპირისპირებათა ეპიცენტრში დგანან ჩვენი მოქალაქეები და, შრომის კულტურის დამკვიდრების სანაცვლოდ, დრო იკარგება გაუთავებელ ამაოდმეტყველებასა და პოლიტიკანობაში. მედიაელიტამ, უფრო ზუსტად, ფსევდოელიტამ, შემოიტანა და დაამკვიდრა არამყარი ფასეულობები და უკვე დიდი ხანია, ყველაფერი გათვლილია მხოლოდ პიარზე.
თანამედროვე რაციოცენტრიზმისა და პრაგმატიზმის პირობებში თითქმის შეუძლებელი ხდება ჭეშმარიტების დადგენა და მასთან თანაზიარება. თუ ჩავთვლით, რომ ვცხოვრობთ უსულო და უღმერთო ცივილიზაციის დომინირების ფაზაში, მაშინ საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ამის საწინააღმდეგო მზაობა: რა დავუპირისპიროთ მას, რომ პრევენციამ რაღაცით უშველოს ჯერ კიდევ არდამდგარ, მაგრამ საგრძნობ შედეგს.

metreveli
სიმპტომატურია ისიც, რომ ყველანი „იმედის გმირების“ დროში ვცხოვრობთ. კრიტიკას ვეღარ უძლებს უკვე თავად გმირის კონცეპტიც. შეუძლებელია, ასეთ პატარა ქვეყანას ამდენი გმირი ჰყავდეს, რომ კვირაში ერთელ ახალი გმირის გამობრწყინების მოლოდინში ვიყოთ.
ხომ არ დაგვეწყო მწუხარე სახის რაინდთა ძებნაც?! დონკიხოტობის გარეშე ცხოვრება თურმე კარგავს თავის უმთავრესს მიზანსა თუ დანიშნულებას. თუ ეს ნამდვილად ასეა და გმირებისა და რაინდების ასპარეზია საქრთველო, მაშინ იმედად და ნუგეშად ესეც გვეყოფა, მაგრამ ვაი, რომ ასე არაა. ერთია ჟურნალისტების მიერ შექმნილი რეალობა, სინამდვილეში – კვაზირეალობა, და მეორე – სინამდვილე. მართალია, ტელეარხი არ თხზავს ანტიგმირს, რათა ნამდვილი გმირი შეახსენოს და მოანატროს საზოგადოებას, მაგრამ ეს ფაქტი, თავისთავად, მიუთითებს მენტალობის საყოველთაო ცვალებადობას, ჭეშმარიტ ღირებულებათა საყოველთაო გადაფასებას. ამდენი გმირის ქვეყანაში შესაძლოა გაჩნდეს ალტერნატივაც:
ფსევდოინტელექტუალიზმის მოჭარბება უფრო ხომ არ მოგვანატრებს სიბრძნესა და ფილოსოფიურ ჭვრეტას;
ამდენი უგემოვნო იუმორი (შავი თუ თეთრი) იქნებ უფრო ამძაფრებდეს ნამდვილი და ხალასი იუმორის მონატრებას, კათარსისს რომ იწვევს?!
ამდენი ვაი-მომღერლის გადამკიდეს, ხომ არ დაგვიდგა ჟამი მელოდიისა და ჰარმონიის გაქრობისა?!
ამდენ ვაი-მწერალთა შორის იქნებ უფრო მეტი გაფაციცებით დავეძებთ ნამდვილ შემოქმედს?!
ატალანტების ქვეყანაში აღარ დაფასდება ნამდვილი ტალანტი, მაგრამ გავა დრო (დრო სასტიკი და ულმობელი) და ის, რაც დღეს ასე აგრესიულად თავსმოხვეულია, მასკულტურის სახელს მოირგებს და ისტორიის სანაგვეზე აღმოჩნდება. მანამდე კი იმ ჯადოსნურ წრეში ვიტრიალებთ, რომლისგან გაღწევა ვერ შევძელით!

საბა მეტრეველი

banner
წინა სტატიაშიროგორ ითვლის ,,საქსტატი,, უმუშევრობის დონეს
შემდეგი სტატიაკიოლნში ბომბის აფეთქებამდე ათობით ათასი ადამიანის ევაკუაცია მოხდა