ახალციხის მერია განცხადებას ავრცელებს

ახალციხის მერია სოციალურ ქსელსა და მედია საშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ საბავშვო ბაღებში საჭირო ინვენტარის განახლება უკვე დაწყებულია. “თაიმერს” ახალციხის მერიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
“სოციალურ ქსელსა და მედია საშუალებებში ვრცელდება ფოტო ახალციხის ერთ-ერთ საბავშვო ბაგა-ბაღში ახალი სასწავლო წლისათვის სამზადისისა და საძინებლებისთვის განკუთვნილი ლეიბების მდგომარეობის შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით ახალციხის მერიის ა(ა)იპ “სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების” დირექტორი ნანა ბერიძე აცხადებს, რომ ქალაქის ბაღებში საძინებლებისათვის საჭირო ინვენტარი მართლაც რთულ მდგომარეობაშია, რადგან იგი რამდენიმე ათწლეულია არ განახლებულა. სწორედ მათი განახლების მიზნით მიმდინარეობს არსებული საწოლი ლეიბების მდგომარეობის შესწავლა და გადარჩევა. გუშინ აღნიშნულ პროცესს შეესწრო ადგილობრივი მედია საშუალების წარმომადგენელი, საიდანაც მოხდა ინფორმაციის გავრცელება. ნანა ბერიძის ინფორმაციით, უკვე არსებობს შეთანხმება ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წნისში არსებულ მატყლისა და ბამბის გადამამუშავებელ საწარმოსთან, სადაც მოხდება აღნიშნული ლეიბების განახლება. საწარმო სექტემბრის ბოლოდან ეტაპობრივად განაახლებს ქალაქის 8 საბავშვო ბაღის კუთვნილ 242 ლეიბს.
ამასთანავე, აღსანიშნავია რომ ყველა საბავშვო ბაღი მზად არის ახალი სასწავლო წლისთვის, რომელიც 7 სექტემბერს დაიწყება. ქალაქის სამ – №3, № 4 და №6 საბავშვო ბაგა- ბაღში სრულდება სველი წერტილების მოწესრიგება. ახალციხის მერიამ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან შეიძინა საოჯახო ელექტრო – ტექნიკა, რომლის საერთო ღირებულება 15463 ლარს შეადგენს. სასწავლო წლის პირველივე კვირაში განახლდება სამზარეულოს ინვენტარი, ასევე მიმდინარეობს მუშაობა ბაღებში არსებული ყველა ჯგუფისათვის სათამაშოების შესაძენად”-ნათქვამია ახალციხის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიბორგე ბრენდე – რუსეთის ქმედებებმა ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა შეძრა
შემდეგი სტატია,,შემდგომი სამიტისთვის ჩვენ განუხრელად დავიცავთ იმ ხაზს, რომ საქართველო უნდა გახდეს ნატო-ს წევრი”