“ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაცია” უდო-ს კომისიის გაუქმებას აპროტესტებს

“ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაცია” უდო-ს კომისიის გაუქმებას აპროტესტებს. სასჯელაღსრულების სამინისტროსთან, დღეს “ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის” წარმომადგენლებმა აქცია გამართეს და კანონპროექტით გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსში 72-ე მუხლის ამოღება გააპროტესტეს, რომელიც ე.წ. უდო-ს კომისიის გაუქმებას ითვალისწინებს.
“ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის” წარმომადგენლის, ნიკა მემანიშვილის განცხადებით, ე.წ. უდო-ს კომისით პატიმრებს ჰქონდათ შესაძლებლობა ვადამდე გათავისუფლებით ესარგებლათ.
“სხვა საქმეა, რამდენად სამართლიანად ხდებოდა ეს პროცესი. ხელისუფლებამ იმის ნაცვლად, რომ უფრო ქმედითი გაეხადა პროცესი, მიიღო გაუაზრებელი გადაწყვეტილება და გააუქმა უდო-ს კომისია. ეს უკანონო გადაწყვეტილებაა და დემოკრატიული ღირებულებების განვითარებას აფერხებს. მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ აღდგეს კომისია და პატიმრებს ჰქონდეთ შესაძლებლობა ისარგებლონ ამ სიკეთით”, – აღნიშნა ნიკა მემანიშვილმა.
ასოციაციის წევრის, ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის თქმით, კანონპროექტით სასჯელაღსრულების სამინისტრომ გააუქმა უდო-ს კომისია და ფაქტობრივად ეს ფუნქცია, მისი თქმით, გაურკვეველ ადგილობრივ საბჭოებს დაევალათ, რომელთა მეშვეობითაც პატიმართა პირობით ვადამდე შეწყალება უნდა მოხდეს. კობაიძე მიიჩნევს, რომ ადგილობრივი ეფექტური საბჭოები არ არსებობს და მათ მიმართ საზოგადოებრივი ნდობა არ არის. ასევე გაურკვეველია რა კატეგორიის პირებით დაკომპლექტდება ეს საბჭოები.
კობაიძე მოითხოვს, პარლამენტმა არ მიიღოს აღნიშნული კანონპროექტი, რადგან იგი იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი და პოლიტიკური მსჯელობების საგანი.
“გამოუშვებენ, ან არ გამოუშვებენ ისეთ პატიმრებს, რომლებიც პოლიტიკურად ანგაჟირებულია. შეიძლება გამოვიდნენ მხოლოდ ის პატიმრები, ვისაც ფული აქვს. ამასთან დაკავშირებით ორგანიზაცია აქციებს გააგრძელებს. პატიმართა ოჯახის წევრები კანონპროექტში შესატანი ცვლილებების გამო შეშფოთებას გამოქვამენ”, – განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.
ამ წუთებში “ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის” წარმომადგენლები სასჯელაღსრულების მინისტრთან, გიორგი მღებრიშვილთან დახურულ შეხვედრაზე იმყოფებიან.

banner
წინა სტატიაში“როსნეფტის” წინააღმდეგ სანქციები უნდა ამოქმედდეს
შემდეგი სტატიალუგანსკში ორი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა