ახალგაზრდა პრემიერის პოლიტიკური ტრაგედია და ორპროცენტიანთა-სახელისუფლო რევანში

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აბაშიძე-კარასინის ფორმატის შეცვლა არ იგეგმება

ვის დაემუქრა ღარიბაშვილი კოალიციიდან გაშვებით`აშშ-სთვის ყველაზე სანდო ორი პოლიტიკური ფიგურაა _ გიგა ბოკერია და თინა ხიდაშელი, მაგრამ ბოკერია სააკაშვილს საფლავში ჩაჰყვა. ამიტომ, ის ხიდაშელით ჩანაცვლდა. ამის შემდეგ ეკონომიკური საკითხების გადაწყვეტაც დაიწყება და ეკონომიკური გუნდის მინისტრები თანამდებობებს ნელ-ნელა დატოვებენ. ყველაფერ ამით კი, მოგებული ივანიშვილი დარჩა. საერთოდ, ის წაგებულ თამაშს არასოდეს თამაშობს. ისე, ღარიბაშვილის ადგილას რომ ვიყო, გადავდგებოდი და დამოუკიდებელ პოლიტიკურ მოღვაწეობას დავიწყებდი. ის, რაც დღეს ხდება, მისთვის, როგორც ახალგაზრდა კაცისთვის, პირადი ტრაგედიაა. საერთოდ, თანამდებობიდან წასვლა გმირობაა. ვერც ივანიშვილი და ვერც სხვა ვერ ეტყვის, რომ წავიდეს, რადგან ეს სხვანაირად აღიქმება… გადადგომით თავისი პოლიტიკური კარიერისთვის უფრო ბევრს მოიგებს და ქართულ პოლიტიკაში თავს დაიმკვიდრებს~, _ ასე აფასებს `ქართული სიტყვის~ ექსკლუზიური ინტერვიუების ციკლში ბოლო დროს სამთავრობო ორბიტაზე განვითარებულ მოვლენებს უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკი, უსაფრთხოების ექსპერტი კონსტანტინე ფორჩხიძე, რომელიც მზადაა, თავდაცვის ახალ მინისტრს, თინა ხიდაშელს შეხვდეს და, როგორც თვითონ ამბობს, სკანდალური საიდუმლო მასალები გადასცეს.

_ ბატონო კონსტანტინე, რა ხდება?
_ ის ხდება, რაზეც აქამდე ვლაპარაკობდით.
_ რაზე ვლაპარაკობდით?
_ ვანო, გახსოვთ, ჯერ კიდევ როდის დავწერეთ, პრემიერ-მინისტრზე დიდი შეტევა მზადდებაო?
_ ანუ, სამთავრობო ცვლილებებს პრემიერზე შეტევად აფასებთ?
_ დღეს, პრაქტიკულად, ეს მოცემულობაა.
_ პრემიერი პოსტს ინარჩუნებს და რა მოცემულობას გულისხმობთ?
_ პრემიერი კი დარჩა, მაგრამ როგორც ჩანს, ესეც კეთილი ჟესტია, თან რჩება თუ არა, ეს ერთ თვეში გამოჩნდება. ჯერ ისიც კი არ ვიცით, ერთკვირიანი ვადის გასვლის შემდეგ, სახელმწიფოს მეთაური, ანუ პრეზიდენტი რა პოზიციას დაიჭერს. გამორიცხავთ, რომ პოზიცია უმრავლესობამაც შეიცვალოს და კოალიციის გუნდებს შორის განხეთქილება განახლდეს?
_ რომელ გუნდებს შორის?
_ `ქართულ ოცნებაში~ სხვადასხვა გუნდია და შესაძლოა, უმრავლესობის რღვევა დაიწყოს…
ზოგიერთი ექსპერტი ამბობს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია, მაგრამ პოლიტიკური კრიზისი მაშინაა, როცა ერთმანეთს ხალხი და ხელისუფლება უპირისპირდება. ახლა სახეზე სახელისუფლო კრიზისია, საიდანაც გამოსავალი ჯერ მონახული არაა. რამდენიმე მინისტრის მოხსნა და მათ ადგილას ახლების დანიშვნა, პრაქტიკულად, კოსმეტიკაა.
_ სახელისუფლო კრიზისი ბუნებრივად შეიქმნა თუ ხელოვნურად?
_ ის, რომ ერთ კვირაში სამი მინისტრი სხვადასხვა მიზეზით გადადგეს _ ზოგს მელანქოლია შემოაწვა, ზოგს კი, გული ასტკივდა, დაუჯერებელია. ყველაფერ ამაში კულუარული მართვა იგრძნობა.
_ მას, ვინც სიტუაციას მართავს, სახელისუფლო კრიზისი ხელს რატომ აძლევს?
_ აქ მხოლოდ შიდა კი არა, გარე ფაქტორებიც, ანუ ის გეოპოლიტიკური სიტუაციაა გასათვალისწინებელი, რაც საქართველოს ირგვლივაა შექმნილი. ასევე, აღსანიშნავია, რომ ამ სამთავრობო ცვლილებებს ბიძინა ივანიშვილთან აშშ-ის ელჩის ღია ვიზიტი უძღვოდა, რაც იმის მესიჯიც გახლდათ, რომ ამ ქვეყნის პრაქტიკული მმართველი ივანიშვილია.

თქვენ ჩაგვაგდე ჭაობში ბატონო ბიძინა
_ მესიჯი ერთია, ფაქტი კი, _ მეორე: ივანიშვილი ირწმუნება, ქვეყანას კულუარებიდან არ ვმართავო…
_ შეიძლება, თვითონ არა, მაგრამ ქვეყანას მისი ავტორიტეტი მართავს _ საქართველოში დიდი გავლენა აქვს და აშშ-ის ელჩმა ზემოხსენებული ვიზიტით ხაზი სწორედ ამას გაუსვა. საერთოდ, აშშ-სა და მის სპეცსამსახურებს ასეთი ღია მოქმედება ახასიათებთ _ ამით თავიანთ პოლიტიკურ და სტრატეგიულ მიზნებს ხაზს უფრო მკაფიოდ უსვამენ, ანუ ეს მესიჯი ხალხისა და ჩვენი არაკეთილმოსურნეებისთვის იყო განკუთვნილი. ამერიკელები ეცდებიან, რომ საქართველოში სიტუაცია დააბალანსონ. ამიტომ, ვფიქრობ, რომ თავდაცვის მინისტრის უცაბედი შეცვლა სწორედ ამითაა განპირობებული.
_ მუსირებს ვერსია, რომ საკადრო ცვლილებებით პრემიერის გავლენა შესუსტდა. მაშასადამე, ივანიშვილმა ღარიბაშვილი გაწირა?
_ გაწირვას ვერ ვიტყვი, მაგრამ ფაქტია: ღარიბაშვილის გავლენა ძალიან შემცირდა.
_ მათ შორის რა მოხდა?
_ არ ვიცი… ბიძინა ივანიშვილი, როგორც ჩანს, ხვდება, რომ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისია…
_ ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ ღარიბაშვილის გუნდი ეფექტურად მუშაობს.
_ ბუნებრივია, ასე უნდა თქვას, მით უმეტეს, რომ თავის მიერ დატოვებულ მინისტრთა კაბინეტზე პასუხისმგებლობას გრძნობს და დრო და დრო ინექციას ამიტომაც უტარებს.
_ ბატონო კოტე, მომიტევეთ და, თქვენი მსჯელობა ლოგიკას მოკლებულია და აი, რატომ: ივანიშვილმა შემცვლელად ღარიბაშვილი იმიტომ დატოვა, რომ მისი, როგორც ამბობენ, მართვა შეუძლია…
_ არსებობენ ადამიანები, რომელთა მართვაც, მას შემდეგ, რაც ძალაუფლებას იღებენ, შეუძლებელი ხდება. საერთოდ, ძალაუფლება ადამიანს რყვნის და ზეამბიციებს უჩენს. დღეს საქმე, მგონი, სწორედ ამასთან გვაქვს. ისე, პრემიერი ახალგაზრდა კაცია და გული მწყდება.
_ გული რატომ გწყდებათ?
_ ვთქვათ, მაგ ასაკში ჩემთვის ვინმეს ამხელა თანამდებობა კი არა, სამმართველოს უფროსობაც რომ შემოეთავაზებინა, ბუნებრივია, არ დავთანხმდებოდი, რადგან თუკი ადამიანი შინაგანად თავისუფალი არ ხარ, ეს გაიძულებს, ძალაუფლების ტყვე გახდე. გული კი იმაზე მწყდება, რომ ყევლაფერი ეს მისი, როგორც ახალგაზრდა კაცის, პოლიტიკური კარიერის დასასრულია! _ როგორია, როცა პრემიერი ხარ და შს სამინისტროს ვეღარ აკონტროლებ, ამასთან, ძალოვანი უწყების მეორე მხარის, ანუ თავდაცვის მინისტრის ჩანაცვლებაც გიხდება…

janelidzeee
_ ისე, თავდაცვის მინისტრის შეცვლა, როგორც იტყვიან, მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა. დღის წესრიგში ჯანელიძის მოხსნის საკითხი, თქვენი ვარაუდით, რატომ დადგა?
_ ვანო, არაერთხელ მითქვამს, რომ იმ მცირე ადამიანების რიცხვს მივეკუთვნები, ვინც, თავისი სამსახურებრივი ბეგრაუნდიდან გამომდინარე, თავდაცვის სამინისტროში არსებულ სიტუაციას ფლობს.
_ ეს რა შუაშია?
_ პირდაპირ გეტყვით: ბოლო დროს, თავდაცვის სამინისტროში ისეთი საკადრო ცვლილებები განხორციელდა, რაც ევროპისა და, მით უმეტეს, აშშ-ის შესაბამისი სამსახურებისთვის შეუმჩნეველი არ დარჩებოდა. სამხედრო უწყებაში აშკარა პრორუსული წარსულის ადამიანები, მათ შორის, ისეთი `ტიპებიც~ გამოჩნდნენ, რომლებსაც საბჭოთა სპეცსამსახურებთან აგენტურული წარსული აკავშირებთ.
_ რომც გთხოვოთ, ვიცი, გვარებს არ დამისახელებთ...
_ გვარების დასახელებას ახლა რა აზრი აქვს? სხვათა შორის, ეს ინფორმაცია თავის დროზე ყოფილ მინისტრს მივაწოდე.
_ მინდია ჯანელიძეს?
_ დიახ… რაც მინისტრი გახდა, აღარ შევხვედრივარ, მაგრამ როცა კრიზისების საბჭოში იყო, იარაღის უკანონო ბიზნესზე მასალები მივაწოდე, მაგრამ რეაქცია არ ჰქონია.
_ ბატონო კოტე, თავდაცვის უკვე ექსმინისტრს რუსეთთან რამე შეხება აქვს?
_ პირდაპირ _ არა, მაგრამ ბიძამისი, ანგი ჯანელიძე, როგორც ვიცი, საბჭოთა უშიშროების წრეებში საკმაოდ გავლენიანი ფიგურა იყო.
_ ანუ?
_ `კა-გე-ბე~-ს უსერიოზულეს, ასე ვთქვათ, დანაყოფად დაზვერვა ითვლებოდა. ანგი ჯანელიძე სწორედ `რაზვეტჩიკი~ გახლდათ და თურქეთში `ჩავარდა~, რის შემდეგაც პედაგოგიური მოღვაწეობა დაიწყო _ უშიშროების აკადემიაში ასწავლიდა. ის უგანათლებულესი პიროვნებაა, მაგრამ ყოფილი საბჭოთა უშიშროების თანამშრომელია.
_ ბიძის გამო პასუხს, თავდაცვის ექსმინისტრი კი არა, ვერავინ აგებს…
_ რა თქმა უნდა…
_ მოკლედ, ბატონო კოტე, თქვენი ლოგიკით, ჯანელიძე ღარიბაშვილის კადრი იყო, არა?
_ დიახ…
_ გასული წლის შემოდგომაზე, როცა ჯანელიძე თავდაცვის მინისტრად დანიშნეს, ივანიშვილს ღარიბაშვილთან პრობლემა არ ჰქონდა?
_ არა… მხოლოდ ივანიშვილი კი არ სწავლობს საზოგადოებას, მაგალითად, ექსპერტებს, არამედ, პირიქით, საზოგადოებაც სწავლობს მას და ამაში ცუდი არაფერია. ივანიშვილს ახასიათებს: ადამიანებს მიუშვებს, გარკვეულ სეგმენტში ძალაუფლებას აძლევს და აკვირდება, ეს ძალაუფლება გარყვნის თუ არა. ასე მოქმედებდა ბიზნესშიც.
_ ბიზნესის დაქცევა პირადი ტრაგედიაა, სახელმწიფოს დაქცევა კი, _ ქვეყნის.
_ კი ბატონო, მაგრამ დგება დრო, როცა სიტუაციაში ერევა. ეს შეიძლება, პლიუსადაც ჩავუთვალოთ და მინუსადაც, ანუ ამის გაკეთება პოლიტიკაში არ შეიძლება.
_ სხვათა შორის, ყოფილმა პრემიერმა განაცხადა, ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრზე, შავლიაშვილზე რასაც ამბობენ, არ დასტურდება და ყველაფერი ჭორიაო…
_ კორუფციას მხოლოდ შავლიაშვილის კუთხით ნუ შევხედავთ, თუმცა ფაქტია: ქვეყანაში კორუფციის მაჩვენებელი გაუარესებულია _ `ნაციონალების~ დროს მკაცრი მარწუხები იყო და კორუფცია ამასაც ეჭირა, მაგრამ როგორც კი დემოკრატიზაციის პროცესი დაიწყო, ეს მარწუხები მოეშვა, ანუ ძალოვანი უწყებები ბიზნესზე ზეწოლას ისე აღარ ახდენენ და მოსალოდნელიც იყო, რომ კორუფცია გაჩნდებოდა, მაგრამ ყველაფერ ამასთან დასაპირისპირებლად გარკვეული ხედვა უნდა გქონდეს. დემოკრატიაზე არასწორად შერჩეული კადრებიც ზემოქმედებენ. ამიტომ, რეფორმებისკენ კარდინალური ნაბიჯები უნდა გადაედგათ…
ერთი სიტყვით, თუ პარლამენტმა მინისტრთა კაბინეტი იმ სახით, რა სახითაც პრეზიდენტს წარუდგინეს, დაამტკიცა, ღარიბაშვილი ძალაუფლების გარეშე დარჩენილი პრემიერი იქნება.
_ რატომ?
_ პრემიერს, რომელსაც ძალოვან უწყებებზე ზეგავლენა არ ექნება, რა პრემიერია?!
_ პრემიერმა ჯანელიძე კრიზისებისა და უსაფრთხოების საბჭოში დააბრუნა და ეს ზეგავლენა არაა?
_ სხვათა შორის, სუჯაშვილი, რომელიც აქამდე, ამ საბჭოსთან ერთად, დაზვერვასაც ხელმძღვანელობდა, მხოლოდ დაზვერვაში დატოვეს. არადა, თავიდანვე არ შეიძლებოდა, რომ ორივე უწყების ხელმძღვანელი ყოფილიყო…
_ ისე, იმასაც ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც შსს-ს გამოეყოფა, უშიშროების სამსახურის შეფად ჯანელიძეს დანიშნავენო…
_ ამ გამოყოფისთვის ჯერ საკონსტიტუციო ცვლილებებია საჭირო…

tina
_ კოტე ბატონო, ალბათ, გახსოვთ: 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე `ოცნების~ ცალკეულ ლიდერთა სატელეფონო ჩანაწერი გავრცელდა, რომელთა ნამდვილობაც არავის უარყვია. ჰოდა, ერთ-ერთი აუდიო ჩანაწერის მიხედვით, მოქმედი პრემიერი თინა ხიდაშელს, მინიმუმ, უხერხულ კონტექსტში მოიხსენიებს. ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც თავდაცვის სრულფასოვანი მინისტრი გახდება, ხიდაშელი ღარიბაშვილს ძველ `ცოდვას~ გაუხსენებს და არ აპატიებს…
_ ვინც თინიკოს კარგად იცნობს, ამბობს, რომ ანგარიშსწორება არ ახასიათებს.
_ შეიძლება, მაგრამ ხისტია…
_ დიახ, ხისტია და სწორედ ამიტომაც, თავდაცვის მინისტრად მის დანიშვნას მივესალმები!
_ მოდით, ჯერ ის გავარკვიოთ, თავდაცვის მინისტრის პოსტზე ხიდაშელის კანდიდატურა რა მიზეზით გაჩნდა?
_ ეს კანდიდატურა ამერიკელებმა გააჩინეს, გენაცვალე!
_ რატომ?
_ ვანო, თუ ჩვენი ინტერვიუების ციკლს გავყვებით, ალბათ, გაგახსენდებათ, თავიდანვე რომ ვამბობდი, თინა ხიდაშელი და გიგა ბოკერია, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა პარტიაში არიან, ერთი პროამერიკული ძალაა, ანუ ერთი პატრონი ჰყავთ-მეთქი. ამიტომ, კადრების ჩანაცვლება ხდება _ ადრე თუ წამყვან პოზიციაზე გიგა ბოკერია იყო, ახლა თინა ხიდაშელი იქნება, თან ხიდაშელს მკვეთრად გამოხატული პროდასავლური ორიენტაცია აქვს, რომელიც, მცდელობის მიუხედავად, არასოდეს შეუცვლია. თავის დროზე მიხეილ სააკაშვილსა და `ნაციონალებსაც~ სწორედ ამიტომ აკრიტიკებდა, რომ ისინი სიტყვით მხარს პროდასავლურ პოლიტიკას უჭერდნენ, საქმით კი, _ პრორუსულს.
_ ყველაფერი ეს გასაგებია, მაგრამ ოპონენტებმა თინა ხიდაშელის კიდევ ერთი ძველი განცხადება `დადეს~, რომლის თანახმადაც, ის აფხაზეთს საქართველოს ნაწილად არ განიხილავს…
_ ისე არ გაიგოთ, რომ რაღაცაში მჭირდება და ხიდაშელს გუნდრუკს ვუკმევ, მით უმეტეს, რომ `რესპუბლიკური პარტიის~ მიმართ ჩემი განწყობა იცით, მაგრამ თინა ხიდაშელი უკვე საჯარო მოხელეა და კარგად უნდა ესმოდეს, რომ საკუთარი პერსონა პოლიტიკური პარტიიდან ჩახსნას.
_ ბატონო კოტე, სხვა რამ გკითხეთ _ ოპონენტებმა თინა ხიდაშელს გაახსენეს, აფხაზეთზე რომ თქვი, თავად უნდა გადაწყვიტოს, საქართველოსთან იქნება თუ რუსეთთანო…
_ მსგავსი განცხადება მხოლოდ თინა ხიდაშელს კი არა, თავის დროზე პაატა ზაქარეიშვილსაც აქვს გაკეთებული და თუკი ამ ლოგიკას გავყვებით, მაშინ გარკვეული შეკითხვები ზაქარეიშვილსაც უნდა დავუსვათ, მაგრამ არ ვიცი, ეს ფრაზა რა კონტექსტში იყო ნათქვამი.
მითქვამს და ვიმეორებ: თინა ხიდაშელი ხისტი, განათლებული და მომზადებულია. აქედან გამომდინარე, ძალუძს, რომ თავდაცვის სამინისტროს პოლიტიკური ხელმძღვანელობა გაუწიოს, ანუ ჯარი პრორუსული ელემენტებისაგან დაიცვას.
_ თავდაცვის მინისტრად ხიდაშელის დანიშვნით, მაშასადამე, ის საფრთხე, რაზეც თავის დროზე აქცენტი ირაკლი ალასანიამ გააკეთა, დადასტურდა?
_ დიახ, ეს საფრთხე რეალური იყო.
_ ხიდაშელის თავდაცვის მინისტრობა საქართველოში რუსული პოლიტიკის კრახია?
_ რა თქმა უნდა და ის, ვინც ხიდაშელის დანიშვნას ეწინააღმდეგება, მნიშვნელობა არ აქვს, პრეზიდენტი იქნება თუ სხვა ვინმე, წყალს რუსულ ინტერესებზე დაასხამს!
საერთოდ, ახლა პრემიერის საკითხმა მეორე პლანზე გადაინაცვლა, რადგან დღეს ქართულ პოლიტიკაში მთავარი ფიგურა თინა ხიდაშელია _ ქვეყნისთვის საკვანძო სწორედ თავდაცვის სამინისტროა. ყველაფერ ამაში კი, ამერიკული კონტექსტია ჩადებული. ისე, მეორე პლანზე გადანაცვლება პრემიერისთვის, შეიძლება, კარგიც იყოს… დიახ, თინას ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში განხეთქილების ახალი საბაბია, მით უმეტეს, თუკი პრეზიდენტის განცხადებასაც გავიხსენებთ, თავდაცვის მინისტრების ასე ხშირი ცვლა რატომ ხდებაო. ეს, ვფიქრობ, გარკვეული ვაჭრობაა.
_ საუბარი საითკენ მიგყავთ?
_ პრეზიდენტი თავდაცვის მინისტრად თინა ხიდაშელის დანიშვნას წინააღმდეგობას ვერ გაუწევს, მაგრამ შეეცდება, გენშტაბი შეინარჩუნოს, რადგან რუსული კადრები სწორედ გენშტაბშია თავმოყრილი. თავდაცვის სამინისტროში ხიდაშელის მისვლა პრეზიდენტის გეგმებს თავდაყირა აყენებს. არაერთხელ მითქვამს, რომ პრეზიდენტის გარემოცვაში არიან ადამიანები, ვისაც მხოლოდ რუსული კი არა, რუსულ სპეცსამსახურებთან ურთიერთობის ბეგრაუნდი აქვთ.
_ ვის გულისხმობთ?
_ მათი ვინაობა საიდუმლო ინფორმაციების ჭრილს განეკუთვნება და გვარებს ვერ დავასახელებ, მაგრამ იმის უფლება მაქვს, რომ თუკი დაინტერესდებიან, ეს ინფორმაციები შსს-ს და სხვა პირველ პირებს მივაწოდო. მზად ვარ, თინა ხიდაშელსაც შევხვდე და ამ კადრებზე დაველაპარაკო. ასევე, მზად ვარ, რომ თავდაცვის ახალ მინისტრს იარაღის უკანონო ვაჭრობაზე მასალები გადავცე.
_ როგორ ფიქრობთ, ქალბატონი მინისტრი ამ თემით დაინტერესდება?
_ არ დაინტერესდება და ეს მისი ლუსტრაცია იქნება. სხვათა შორის, არ გეტყვით, ვინ, მაგრამ ხელისუფლებაში `ოცნების~ მოსვლის შემდეგ, ამ დოკუმენტაციის პროკურატურაში გადაგზავნას ხელი გარკვეულმა `ტიპებმა~ შეუშალეს, რაც, პრაქტიკულად, მიშასთვის თავზე ხელის გადასმას ნიშნავდა.
_ ერთი სიტყვით, ბატონო კოტე, თქვენი ხედვით, ნორლანდი შუშის სასახლეში მიდის და მასპინძელს ეუბნება, რომ თავდაცვის მინისტრი ხიდაშელი უნდა გახდეს, რაზეც ივანიშვილი თანხმდება.
_ დიახ…
_ ესე იგი, `ნაცების~ ტკვარცალი, ივანიშვილი რუსული პროექტიაო, აბსურდია, არა?
_ არასოდეს მითქვამს, რომ ივანიშვილი რუსული პროექტია…
_ …ხიდაშელმა თავდაცვაში შეიძლება, დაჭერები დაიწყოს?
_ დიახ, მთელ იმ ნაგავს, რაც `ნაცმოძრაობის~ დროს თავდაცვის სამინისტროში დაგროვდა, თინა ხიდაშელი გაასუფთავებს! აქ ლაპარაკია მილიონობით საბიუჯეტო თანხის მითვისებაზე.
_ თუკი ერთი ამერიკელი მფარველი ჰყავთ, ხიდაშელი `ნაციონალებს~ რატომღა დაერევა?
_ მიშას `ნაციონალების~ იმ ფრთაში, რომელზეც ახლა ვლაპარაკობთ, ნუ ავურევთ. ის კი, მიშა ამ `კომპოტში~ როგორ მოხვდა, ცალკე საუბრის თემაა. სააკაშვილამდე ამერიკული ინტერესების ზეგავლენის ქვეშ სხვები იყვნენ მოქცეულნი.
_ ვინ სხვები?
_ იგივე თინა ხიდაშელი და გიგა ბოკერია… ახლაც ამერიკელებმა ჩვეულებრივი ინექცია გააკეთეს, ანუ ისინი მიხვდნენ, რომ თუკი ის პროცესი, რომელიც შესაძლოა, ლუკაშენკოს ვიზიტის შემდეგ დაიწყოს, საქართველოში ფეხი ამოეკვეთებათ.
_ წეღან ვაჭრობა ახსენეთ, მარგველაშვილი რაზე ვაჭრობს?
_ გენერალური შტაბის უფროსზე, რომლის დანიშვნაც პრეზიდენტის პრეროგატივაა.
_ მარგველაშვილი ვის ევაჭრება?
_ ვის და, _ თინა ხიდაშელს, ანუ ამერიკულ ფრთას.
_ თუ ხიდაშელი, ანუ ამერიკელები მარგველაშვილს ვაჭრობაში არ გაჰყვებიან, რა მოხდება? ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე მივალთ?
_ მარგველაშვილმა ფეხები, შეიძლება, გააფიჩინოს, რადგან დღეს მისი მთავარი დასაყრდენი გენშტაბია და მისი დაკარგვით, ძალაუფლებასაც კარგავს. ისიც ძალიან კარგად ვიცი, ეს დასაყრდენი ვისი დახმარებითაც შეიქმნა და, ასევე, ვიცი, გენშტაბი როგორ და ვისით დააკომპლექტეს.

bidzinaadamargvelaa
_ ესე იგი, მარგველაშვილი თავს გვაჩვენებდა, თორემ მთლად პლასტელინი არ ყოფილა, არა?
_ დიახ, ასეა… იცით, რა?! _ აქაც მთავარ როლს ძალაუფლების საკითხი თამაშობს. მარგველაშვილმა იგრძნო, რომ პოლიტიკური ფიგურაა _ ბოლოს და ბოლოს, პრეზიდენტია და ლეგიტიმაციის მაღალი ხარისხი აქვს. აქედან გამომდინარე, შეუძლია, დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაში ივანიშვილის გარეშეც აწარმოოს.
_ თუმცა, წინა ინტერვიუში ხაზი გაუსვით, ივანიშვილ-მარგველაშვილის დაპირისპირების არ მჯერაო…
_ კი ბატონო, მაგრამ ახლა წინა პლანზე გარე ფაქტორები წამოვიდა _ ამერიკელების იმ წინადადებებზე, რომლებიც თავდაცვის სამინისტროს შეეხება, ივანიშვილი უარს ვერ იტყოდა.
რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, არ მგონია, დაინიშნოს, რადგან უფრო ჭრელ პარლამენტს მივიღებთ, თუმცა დღევანდელი მოცემულობით, ვადამდელი არჩევნები ყველაზე მეტად პარტია `ქართული ოცნების~ ე.წ. ღარიბაშვილის ფრთას აწყობს _ ამით პოზიციებს საკანონმდებლო ორგანოში გაიმყარებს, ანუ ყველა ხვდება, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მნიშვნელობა არ აქვს, ვადამდე ჩატარდება თუ არა, ღარიბაშვილი პრემიერი აღარ იქნება, რადგან ყველა ბერკეტი გამოცლილი აქვს.
_ შეიძლება, მაგრამ თუკი ღარიბაშვილი მოახერხებს და შსს-დან გამოყოფილ უშიშროების შეფად თავის კადრს დანიშნავს, მაშინ კონფიგურაცია ხომ ისევ შეიცვლება?
_ ლევან იზორიამ განაცხადა, რომ კანონპროექტით, უშიშროების სააგენტოს ხელმძღვანელს პარლამენტი ირჩევს. ამიერიდან კი, პარლამენტში გადამწყვეტი სიტყვა `რესპუბლიკელებს~ ეკუთვნით. შესაბამისად, ღარიბაშვილი თავის კადრს ვერსად ვეღარ დანიშნავს.
_ ისე, ყოფილმა პრემიერმა რამდენჯერმე განაცხადა, ჩემთან, იდეოლოგიურად, ყველაზე ახლოს `რესპუბლიკელები~ არიანო, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ამ პარტიას საზოგადოების ნაწილი `ორპროცენტიანს~ ეძახის…
_ ყველაფერი, რაც მოხდა, იმის ტიპური მაგალითია, თუ როგორ შეიძლება, გარკვეული პოლიტიკური სვლებით, ორპროცენტიანი პოლიტიკური ძალა მმართველი სუბიექტი გახდეს.
_ ზოგი იმასაც ამბობს, `რესპუბლიკელები~ ეროვნულობას ებრძვიანო…
_ კარგი, რა?! ნახეთ, რა სურათია: თავდაცვის სამინისტრო, უშიშროება და პარლამენტი `რესპუბლიკელების~ გავლენის ქვეშაა. ავტომატურად, ამ პარტიის გავლენა საარჩევნო ადმინისტრაციაზეც გაიზრდება… დაიმახსოვრეთ: ვაშინგტონის კარნახით, `თავისუფალი დემოკრატებისა~ და `რესპუბლიკური პარტიის~ დაახლოება აუცილებლად მოხდება. ასევე, არ გამოვრიცხავ, რომ ამ გაერთიანებაში `ნაციონალების~ გარკვეული განაყოფი, მაგალითად, `ივერიაც~ ვიხილოთ, ანუ მომავალ საპარლამენტო არჩევნებისთვის, პოლიტიკური პარტიების დალაგება საგარეო ორიენტაციის მიხედვით მოხდება.
_ მაშასადამე, პრორუსული იდეოლოგია საქართველოში საბოლოოდ მოკვდება?
_ რა თქმა უნდა.
_ ამის გამო რუსეთი პასუხს არ მოგვთხოვს?
_ ხელისუფლებაში იმიტომ არიან, რომ ამ გამოწვევაზე იფიქრონ.
სხვათა შორის, მიშამ სამცხე-ჯავახეთში სიტუაციის არევაზე ძალიან ცუდი მინიშნება გააკეთა, რითიც კიდევ ერთხელ ნათელყო, რომ რუსების კადრია.
_ ეს განცხადება მიშამ ბაქოში გააკეთა. ალიევმა ძებნილ სააკაშვილს რატომ უმასპინძლა?
_ სააკაშვილისა და ალიევის ურთიერთობა მხოლოდ პრეზიდენტების ურთიერთობა არ ყოფილა. მათი, ასე ვთქვათ, მეგობრობა გარკვეულ შავ ბიზნესს უკავშირდება. იმ შემთხვევაში, თუკი მიშა `ჩავარდება~, ანუ საერთაშორისო საზოგადოება ჩათვლის, რომ მიშა უნდა დამთავრდეს, ამით პრობლემები იმ `ტიპებსაც~ შეექმნებათ, ვისაც მასთან საუკეთესო ურთიერთობა აქვთ, მათ შორის, ალიევსაც, რომლის სახელმწიფო ბიზნესებიც საქართველოში დღემდე ოპერირებენ, მაგრამ ეს ბიზნესები არავის გადაუნაწილებია და არავინ იცის, რა სქემა მუშაობს…
_ ცალკეული ადამიანები ამბობენ, რომ ხიდაშელის თავდაცვის მინისტრად დანიშვნით, ხელისუფლებამ თქვა, წარსული უნდა დავივიწყოთ და `ნაცების~ დანაშაულზე აღარ ვილაპარაკოთო…
_ ასე არაა, მით უმეტეს, რომ სააკაშვილის არაპროგნოზირებადი ნაბიჯები ამერიკელებსაც ყელში ამოუვიდათ!
_ გამორიცხავთ, რომ ადრე თუ გვიან, პრემიერად უსუფაშვილი ვიხილოთ?
_ არ გამოვრიცხავ. ასევე, არაა გამორიცხული, რომ თუკი ზემოხსენებული გაერთიანება შედგა, პრემიერი სწორედ ამ გაერთიანების რომელიმე ლიდერი გახდეს, მაგალითად, ალასანია, თუმცა უფრო მგონია, რომ ალასანია პრეზიდენტი იქნება, უსუფაშვილი კი, _ პრემიერი.
_ ქვეყანაში საარჩევნო კამპანია დაიწყო?
_ დიახ…
_ სად იქნება კალაძე?
_ გარკვეული უთანხმოების მიუხედავად, კალაძე და ღარიბაშვილი შესაძლოა, ერთ გუნდში აღმოჩნდნენ…
ესაუბრა ვანო პავლიაშვილი, გაზეთი „ქართული სიტყვა“

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში ქართველთა უფლებებს არღვევენ…?
შემდეგი სტატიაარ ვეჩვევი და არ ვარ შეჩვეული ჭორაობას–გიორგი მარგველაშვილი