აშშ-საქართველოს სტრატეგიული ქარტიის ფარგლებში რიგით მე-8 შეხვედრა აშშ-ში დღეს გაიმართება

ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ვაჭრობის სამუშაო ჯგუფის რიგით მე-8 შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გაიმართება, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით დონდუა უხელმძღვანელებს.

დონდუასთან ერთად აშშ-საქართველოს სტრატეგიული ქარტიის ფარგლებში ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ვაჭრობის სამუშაო ჯგუფის რიგით მე-8 შეხვედრას, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძეც უხელმძღვანელებს, ამერიკული მხრიდან კი შეხვედრას სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პირველი მოადგილე კურტ ტონგი, აშშ-ის კომერციის მდივნის თანაშემწის აღმასრულებელი მოადგილე მაიკლ ლელი და აშშ-ის განვითარების სააგენტოს თანაშემწის მოადგილე ჯონათან კატცი დაესწრებიან.

როგორც ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა დავით კერესელიძემ განაცხადა მხარეები, ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის მიმართულებით საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებულ ორმხრივ თანამშრომლობას განიხილავენ.

“მათ შორის ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის, ინვესტიციების ზრდისა და განვითარების, ეკონომიკური რეფორმების მიმდინარეობის, საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის, მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშეწყობის, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების, სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებულ საკითხებს. ასევე გარემოს დაცვის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს. მხარეები ასევე მიმოიხილავენ ენერგეტიკული უსაფრთხოების, კავკასიის სავაჭრო დერეფნის განვითარებაში საქართველოსა და აშშ-ის ჩართულობის საკითხებსაც”, – განაცხადა კერესელიძემ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის ინფორმაციით, ქარტიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის გარდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით დონდუა შეხვედრებს თეთრ სახლში, სახელმწიფო დეპარტამენტსა და კონგრესის წარმომადგენლებთანაც გამართავს.

banner
წინა სტატიაშიმთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტს გიორგი ამაშუკელი უხელმძღვანელებს
შემდეგი სტატია“დავიწყეთ გარკვეულ საქმეებში ჩახედვა,” – თამარ სანიკიძე “ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრზე”