ასოციაცია ჰერა XXI “რესურსების გამოფენაში” მონაწილეობს

ამერიკის მშვიდობის კორპუსის ინიციატივით და USAID–ს თანადაფინანსებით სასტუმრო ბაზალეთის კომპლექსში „რესურსების გამოფენა“ იმართება. ღონისძიებაში  სამთავრობო და არასამთავროო ორგანიზაციები მონაწილეობენ. ღონისძების მიზანია სხვადასხვა ორგანიზაციებმა თავიანთი საქმიანობებისა და პროექტების შესახებ ინფორმაციები გაცვალონ.

„ეს ყოველწლიური ღონისძიებაა. საქართველოს რეგიონებში მომუშავე ამერიკელი მოხალისეები და მათი ქართველი პარტნიორები არიან წარმოდგენილნი. რესურსების ბაზრობის მიზანია სოფლებსა და ქალაქებში მეტი ინფორმაცია გავრცელდეს იმ პროექტების შესახებ  რაც ქვეყანაში  ხორციელდება. აქ მყოფ ორგანიზაციებს თავიანთ დახლებზე ბროშურები, წიგნები, ბუკლეტები აქვთ წარმოდგენილი. ინფორმაციას ერთმანეთშიც ცვლიან“– აცხადებს ამერიკის მშვიდობის კორპუსის ტრენინგების მენეჯერი თენგიზ გოგოტიშვილი.

ღონისძიებას  USAID–ს კავკასიის მისიის დირექტორიც დაესწრო. მისი შეფასებით „რესურსების გამოფენა“ ორგანიზაციებს კარგ საშუალებას აძლევს ერთმანეთის საქმიანობის შესახებაც მეტი გაიგონ და შესაძლოა სამომავლოდ პარტნიორებიც კი გახდნენ.

„ ჯანდაცვიდან დაწყებული განათლებით დასრულებული ყველა მიმართულებით მიმდინარე ყველა პროექტზე იცვლება ინფორმაცია. შესანიშნავი რესურსია ინფორმაციის მიღების“– აცხადებს სტივენ ჰეიკინი.

„ამ სახის ღონისძიებებში მუდმივად ვმონაწილეობთ. ეს საშუალებას გვაძლევს აუდიტორიას, რომელსაც ინფორმაცია არ აქვს მივაწოდოთ მეტი მასალა ჩვენი ორგანიზაციისა და სერვისების  შესახებ. ბუკლეტები, ბროშურები, ინფორმაცია უფასო რეპროდუქციული კაბინეტის შესახებ, რომელიც უფასო პირად და ონლაინ კონსულტაციას ეწევა – სოციალურად დაუცველი ჯგუფებისთვის, მოზარდებისთვის, იძულებით გადადგილებული პირებისთვის და ფერტილური ასაკის ქალებისთვის.   ასოციაცია ჰერა XXI რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებს იცავს და ადვოკატირებას უწევს. ვცდილობთ ყველას ვინც  ჩვენს კუთხესთან  მოდის სწორედ ამაზე მივაწოდოთ ინფორმაცია“– აცხადებს  ასოციაცია ჰერა XXI-ს ექიმი–რეპროდუქტოლოგი ნინო მანგალაძე.

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის ღონისძიებებში მონაწილეობა. ვიღებ ინფორმაციას სხვადასხვა ორგანიზაციების აქტოვობების შესახებ და შემდეგ ვავრცელებ ჩემს თემში, წეროვანში სადაც იძულებით გადადგილებული პირები ცხოვრობენ“– აცხადებს ასოციაცია ჰერა XXI-ს მოხალისე ნანა ბაბუციძე.

ღონისძიებაში სულ 14 ორგანიზაცია მონაწილეობს. მათ შორის ამერიკის საელჩო, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო, განათლების საერთაშორისო ცენტრი, ასოციაცია ჰერა XXI და კავკასიის გარემოს დაცვითი ორგანიზაცია.

banner
წინა სტატიაშიეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო 178 ქვეყანას შორის 22-ე ადგილზეა
შემდეგი სტატიაკახა კახიშვილი გენპროკურორობაზე შესაძლო დანიშვნას არ ადასტურებს