“არ შეიძლება ერთი ადამიანის ახირებაზე იყოს დამოკიდებული ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მუშაობა” – ზაზა აბაშიძე

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ახალი დირექტორის დანიშვნის საკითხი განათლების მინისტრმა დღეს პრემიერთან განიხილა. პრემიერთან საკითხის წარდგენის შემდეგ განათლების მინისტრი ახალ ხელმძღვანელთან ზაზა აბაშიძესთან ერთად ცენტრში მისვლას გეგმავს. ზაზა აბაშიძის დანიშვნის დოკუმენტს მინისტრი ხვალ მოაწერს ხელს.

მინისტრის სანიკიძე დარწმუნებულია, რომ ზაზა აბაშიძეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრში მომუშავე მეცნიერები კარგად იცნობენ. სანიკიძის თქმით ის „არაფრით არ ჩამოუვარდება მის წინამორბედს.“

„ერთეული ადამიანები კარგად უნდა ჩამოყალიბდნენ. მათ თუ არ სურთ ასეთ პირობებში მუშაობა ეს მათი გადასაწყვეტია, მაგრამ ვფიქრობ, რომ მათი პროტესტიც მიწყნარდება და მიხვდებიან, რომ მუშაობა სჯობს იმიტომ, რომ ბევრი გვაქვს სამუშაო,“ – აცხადებს თამარ სანიკიძე.

თავად ზაზა აბაშიძე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრში მიმდინარე პროცესებს „ერთი ადამიანის ახირებას“ უწოდებს და ფიქრობს, რომ ვითარება დამშვიდდება.

„ვფიქრობ, რომ დამთავრდება ის აურზაური, რომელიც ახლაა ამ საკითხის გარშემო, როგორც კი დაწყნარდება სიტუაცია მე და მინისტრი, ან მისი რომელიმე მოადგილე მივალთ და დაველაპარაკებით იმ ადამიანებს, რომელთაც მგონი მუშაობა უნდა დაიწყონ. ვფიქრობ არ შეიძლება სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დაწესებულება ამდენი ხნის განმავლობაში გაჩერებული იყოს ვიღაცის ახირების გამო. მშვიდობიანად დასრულდება ყველაფერი, თოფით და იარაღით არავინ მივა იქ,“ – განაცხადა ზაზა აბაშიძემ.

ცენტრის თანამშრომლები არ აპირებენ პოზიციის შეცვლას, ისინი გაფიცვას აგრძელებენ და კვლავ ითხოვენ, რომ თავად ცენტრის თანამშრომლებს მიეცეთ დირექტორის არჩევის უფლება.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველი სამხედრო მოსამსახურეების უფლებათა მდგომარეობის მონიტორინგს იწყებს
შემდეგი სტატიაე.წ. 7 ნოემბრის საქმის სასამართლო სხდომა 29 მაისამდე გადაიდო