“არცერთი ცვლილება არ განხორციელებულა, რაც ბიზნესის კეთებას გაართულებდა”

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა 2016 წლის „Doing Business“-ის ანგარიში შეაფასა.

როგორც მინისტრმა განაცხადა, ანგარიშის მიხედვით საქართველოს პოზიცია წინა წელთან შედარებით არ შეცვლილა და კვლავ 24-ე ადგილზეა მსოფლიოს 189 ქვეყანას შორის. მსოფლიო ბანკმა შეცვალა მეთოდოლოგია, შემოიტანა ახალი კრიტერიუმები, რის გამოც, საქართველოს პოზიცია გახდა 24-ე.

“საქართველო კვლავ გამოირჩევა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, როგორც ქვეყანა, რომელმაც მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა უკეთესი და უფრო ეფექტიანი რეგულირების მიმართულებით. საქართველომ განახორციელა 2 რეფორმა, რომელმაც ბიზნესის კეთება უფრო მარტივი გახადა და არცერთი ცვლილება არ განხორციელებულა, რაც ბიზნესის კეთებას გაართულებდა. ანგარიშის თანახმად, მსოფლიოს მხოლოდ 18 ქვეყანაში განხორციელდა ორი და მეტი რეფორმა. საქართველო აღნიშნულ 18 ქვეყანას შორისაა. 2016 წლის „Doing Business“-ის შეფასებით, საქართველომ ორი მნიშვნელოვანი რეფორმა განახორციელა მშენებლობის ნებართვის გაცემის და კონტრაქტების აღსრულების გამარტივების კუთხით. კერძოდ, მშენებლობის ნებართვის გაცემის მიმართულებით, შემცირდა მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული დრო, რომელიც პრაქტიკაში სრულად განხორციელებულია, ასევე სასამართლოში შემოღებულ იქნა დოკუმენტების ელექტრონული წარდგენის სისტემა, რომლის შედეგად გამარტივდა კონტრაქტების აღსრულება”, – განაცხადა ქუმიშვილმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, საქართველოს კარგი პოზიცია აქვს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის. მისი თქმით, საქართველო ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის წამყვან ოთხეულშია და ხუთ პოზიციაშია გაუმჯობესებული კრიტერიუმი.

„რეფორმები მნიშვნელოვანია და ისინი უნდა გატარდეს. ვიმედოვნებთ, რომ წელს გატარებული და სამომავლოდ დაგეგმილი რეფორმები დადებითად აისახება ჩვენი ქვეყნის რეიტინგებზე,“ – განაცხადა
დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ორ მნიშვნელოვან ხარისხობრივ მაჩვენებელზე, რომელიც არ იყო გათვალისწინებული წინა წლის რეიტინგის დადგენისას.

“იქედან გამომდინარე, რომ გარდა რაოდენობრივისა, მსოფლიო ბანკმა დაამატა ხარისხობრივი მაჩვენებელი. მაგალითად, მშენებლობის ნებართვის ნაწილში მათ დაამატეს მაჩვენებელი, რომელსაც ჰქვია მშენებლობის ხარისხის კონტროლი და რომელიც მოგეხსენებათ, რომ აქამდე რეიტინგებში არ იყო და მოხდა შესაბამისი გადათვლა. ასევე იმ ნაწილში, სადაც ჩვენ ვსაუბრობთ უძრავი ქონების ნაწილზე, დაემატა ქვეყნის კადასტრით დაფარვა, რომელიც აქამდე არ არსებობდა და ესეც არის ხარიხსხობრივი მაჩვენებელი, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ორივე მიმართულებით ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ გვექნება მნიშვნელოვანი წინსვლა”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მინისტრის შეფასებით, დღეისათვის ყველა ამ მიმართულებით არის დიდი პროგრესი წინა წლებთან შედარებით. კერძოდ, მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებით, საქართველომ შეიმუშავა მშენებლობის კოდექსი, რომელიც უკვე მოიცავს მშენებლობის ხარისხის კონტროლის მექანიზმებს. ჩატარდა კოდექსის პროექტის საჯარო განხილვები. დღეისთვის დოკუმენტი შეთანხმებულია ყველა დაინტერესებულ მხარესთან, მათ შორის ბიზნესთან და უახლოეს სესიაზე წარედგინება პარლამენტს განსახილველად.
რაც შეეხება კადასტრით დაფარვასა და მიწების აღრიცხვა-რეგისტრაციის საკითხს, როგორც მინისტრმა განაცხადა, წინა წლებში არ იყო აღრიცხული და დარეგისტრირებული იმ რაოდენობის მიწის ნაკვეთები, რაც დღეს არის და შესაბამისად, კადასტრით დაფარვა იყო ნაკლები.

უკვე შემუშავებულია კანონპროექტი, რომელშიც განსაზღვრულია მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები თანამედროვე მოთხოვნების და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად. გარდა ამისა, დაწყებულია და წარმატებით მიმდინარეობს სახელმწიფო ქონების ინვენტარიზაციის პროცესი, რომლის ფარგლებში უკვე იდენტიფიცირებულია: თბილისის მასშტაბით 700 ჰა მიწის ფართობი, ხოლო რეგიონების მასშტაბით – 131 ათას ჰა-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების და 450 ჰა-მდე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ეს პროცესი გრძელდება და დასრულდება 2016 წლის ბოლოსთვის. სახელმწიფო ქონების ინვენტარიზაციის მიზნით საქართველოს მასშტაბით 32 მობილური ჯგუფი მუშაობს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მოუწოდა საქართველოს მოსახლეობას, მეტად გააქტიურდნენ მიწის რეგისტრაციის მიმართულებით და დაირეგისტრირონ მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.

banner
წინა სტატიაშირუსეთში საქართველოდან ხორცპროდუქტების შეტანა იკრძალება
შემდეგი სტატიაინტერნეტის თავისუფლების კუთხით საქართველო რეგიონში ლიდერობს