არჩევნების მეორე დღეს პრეზიდენტის სიტყვას გადამწყვეტი ფასი ექნება

http://socialnetwork.ge/ka/interview/text/politics/79-archevnebis-meore-dghes-prezidentis-sitkhvas-gadamtskhveti-pasi-eqneba

ვახო სანაიას ინტერვიუ პრემიერ-მინისტრის ყოფილ მრჩეველთან გია ხუხაშვილთან

http://socialnetwork.ge/ka/interview/text/politics/79-archevnebis-meore-dghes-prezidentis-sitkhvas-gadamtskhveti-pasi-eqneba

ჩვენი საუბარი დავიწყოთ ხელისუფლებისა და ,,რუსთავი 2-ის” ურთიერთობით. მიგაჩნიათ თუ არა, რომ ეს რთული ურთიერთობა ,,რუსთავი 2-თან” სერიოზული გამოწვევაა ხელისუფლებისთვის და როგორ შეიძლება თავი დააღწიოს ამ გამოწვევას?

ბუნებრივია, ეს არის გამოწვევა ხელისუფლებისთვის. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ზოგადად საარჩევნო პროცესში კრიტიკულად განწყობილ მედიასთან ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო, არამედ იმიტომაც, რომ სამწუხაროდ, თვითონ ეს პროცესი არ ატარებს სამართლიანობის აღდგენის ხასიათს. საკმაოდ ყალბი გაგებაა სამართლიანობის აღდგენის. იმიტომ, რომ ჩვენ ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ვიცით, რა და როგორ იყო. ჩემი აზრით, ქიბარ ხალვაში დაზარალებულია სულ სხვა თემებთან დაკავშირებით. ,,რუსთავი 2-ი” თემა არ არის მისი მხრიდან სადავო თემა. მე როგორც ვიცი, ქიბარ ხალვაში იყო პირველი ადამიანი, ვის სახელზეც მიშამ გაიფორმა ტელევიზია. პირველი პირებისგან ვიცი, როგორც მიდიოდა ეს ყველაფერი. კეთილსინდისიერი მფლობელები ჯარჯი აქიმიძე და დათო დვალი მართლა დაზარალებულები არიან როგორც ეკონომიკური, ისე მორალური და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. მიშამ მათ წაართვა ეს ტელევიზია საკმაოდ უხეში და დრამატული მეთოდებით. ქიბარ ხალვაში იყო სახელისუფლებო ბიზნესმენი. ამ გაგებით იყო ოლიგარქი. ბიზნესის გარკვეულ მიმართულებებს ხელისუფლებასთან თბილი ურთიერთობებით აწარმოებდა – სამშენებლო ბიზნესი, სამხედრო ბაზები, გვახსოვს ტენდერები და ასე შემდეგ. ის თანხები, რაც მისი მხრიდან ,,რუსთავი 2-ში” იხარჯებოდა, უნდა ვივარაუდოთ, მას ხელისუფლება ამ ბიზნესში მონაწილეობით უკომპენსირებდა. მას სარადაქციო პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ ჰქონია. შესაბამისად, მისი ეს პრეტენზია ყალბ ხასიათს ატარებს. აქ არ შეგვიძლია ვისაუბროთ სამართლიანობის აღდგენაზე ქონების დაბრუნების თვალსაზრისით. ეს კიდევ უფრო ამძაფრებს ვითარებას, რაც ,,რუსთავი 2-ის” გარშემოა შექმნილი, მით უმეტეს, წინასაარჩევნოდ ოპოზიციურად განწყობილ მედიაზე შეტევა, მიუხედავად იმისა, ამაში მონაწილეობს თუ არა ხელისუფლება, ბუნებრივია ხელისუფლებისთვის ძალიან პრობლემატურია.

ჩვენ უკვე ვართ წინასაარჩევნო პერიოდში – რა შეიძლება, იყოს კვანძის გახსნა?

იტყვიან, რომ ვერ ჩავერევით სასამართლოს საქმეებში, მაგრამ სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე დღეს ხელისუფლებისთვის საუკეთესო გამოსავალია, უბრალოდ შეეცადოს, ეს საქმე ელემენტარულად, თუნდაც იყოს რამე სადავო, დაკონსერვდეს არჩევნებამდე და შენარჩუნდეს სტატუსკვო. დღევანდელი მდგომარეობით, ეს არის ოპტიმალური გამოსავალი. იმისთვის, რომ სახეც შეინარჩუნოს ვიღაცამ და ამასთანავე, ის პოლიტიკური რისკები, რაც ამას შეიძლება ახლდეს, იქნეს აცილებული. რაც შეეხება ,,რუსთავი 2-სა” და ხელისუფლების დაპირისპირებას, ამის დრამატიზებასაც არ დავიწყებდი. ყველა ტელევიზიას აქვს თავისი გემოვნება და სარედაქიო პოლიტიკა. მთავარი არ არის აბსოლუტურად ობიექტური მედიის შექმნა, რაც შეიძლებელი აუწერელი ამოცანაა, უტოპიაა გარკეულწილად. გვქონდეს პლურალისტული მედია და იყოს ალტერნატიული აზრის გამოხატვის საშუალება. მერე კონკურენცია განსაზღვრავს, რა პოლიტიკური გემოვნება ყალიბდება საზოგადოებაში მედიიის მხრიდან.

თქვენ თქვით, რომ დაკონსერვება იქნებოდა გამოსავალი. დავუშვათ, მოხერხდა დაკონსერვება რაღაც ფორმებით. ეს ხელისუფლებისა და ,,რუსთავი 2-ის” ურთიერთობაში რამეს შეცვლის არსებითად?

არსებითად არაფერს შეცვლის და ეს არც შეიძლება, ამოცანა იყოს. ხელისუფლებამ უნდა მიიღოს მოცემულობა, რომ არსებობს მედია, რომელიც განსაკუთრებით მკვეთრად არის მასთან ოპონირების რეჟიმში. ეს ცუდი არ არის სახელმწიფოებრივად. ერთია ხელისუფლების ინტერესები, მეორეა სახელმწიფოებრივი ინტერესები. ჩვენ თუ ვსაუბრობთ იმაზე და ვვარაუდობთ იმას, რომ ხელისუფლება თავის პოლიტიკურ ინტერესს არ აყენებს სახელმწიფო ინტერესზე მაღლა, მაშინ დღევანდელი მდგომარეობით ,,რუსთავი 2-ის” არსებობა სახელმწიფოებრივად სასარგებლოა. ხუთი ინფორმაციიდან თუნდაც სამი რომ იყოს წმინდა პროპაგანდა და ორი იყოს მეტ-ნაკლებად ობიექტური ინფორმაცია, ესეც გარკვეული დაზღვევაა სახელმწიფოში მიმდინარე ნეგატიური პროცესებისგან. საზოგადოების ინტერესშია, თუნდაც ასეთი მედია არსებობდეს. ექნება თუ არა ამ მედიას ნდობა, მაყურებლის გადასაწყვეტია.

ტელეკომპანია იმედშიც გარკვეულ პროცესებს ჰქონდა ადგილი. თქვენ ,,იმედთან” , მის მფლობელებთან გაქვთ თქვენი ურთიერთობა…

ამ მოვლენებს შევხედე ნეგატიურად. მე მქონდა გარკვეული კომუნიკაცია მფლობელებთან და მათთან ჩემი უკმაყოფილება გამოვთქვი.

საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების გაჩერება – ეს შეცდომა იყო მათი მხრიდან ?

ეს ქმედება ეწინააღმდეგებოდა იმ პრინციპს, რასაც ჰქვია ბადრის ხსოვნისადმი პატივისცემა. ოჯახი ამბობს, რომ ეს მათთვის არ არის ბიზნესპროექტი. ბადრისთვის ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი. მის სახსოვრად შენახული აქტივი, რომლის რეპუტაცია უნდა იყოს უმწიკვლო. ეს იქნებოდა ოჯახის მხრიდან ბადრის მიმართ პატივისცემის უზენაესი გამოხატულება. აქ გაჩნდა კითხვის ნიშანი და მე მივწერე: რბილად რომ ვთქვათ-მეთქი, ბადრის არ გაუხარდებოდა ის, რაც ხდება დღეს.

ეს კომპრომისული ვარიანტი იყო ხელისუფლებასთან ურთიერთობაში?

ვფიქრობ, ამ პროცესში ოჯახი ნაკლებად მონაწილეობს. ასე მეჩვენება. შესაძლოა, აქტიურობენ სულ სხვა ადამიანები, რომელთაც ეს თემები თავის თავზე აქვთ აღებული. მე იმასაც კი არ ვფიქრობ, რომ ეს ხელისუფლების დაკვეთით მოხდა. ვფიქრობ, ვიღაცამ ხელისუფლებას ასიამოვნა ამ ფორმით და კიდევ ერთი დათვური სამსახური გაუწია. მოკლევადიანი ტაქტიკური დივიდენდი არ ნიშნავს იმას, რომ შენ ხარ გამარჯვებული. ესეც მინუსში ჩაეწერება ხელისუფლებას, თუ ჩვენთვის მთავარია სახელმწიფო ინტერესი და არა პოლიტიკური ინტერესი. ხელისუფლებას, რომელიც თავის პოლიტიკურ ინტერესს დააყენებს სახელმწიფოს ინტერესზე მაღლა, გრძელვადიანი პერსპექტივა არა აქვს. თუ ხელისუფლებაში ვინმეს ეს ესიამოვნა, რომ ასეთი ფორმით მოხდა მედიაში გადანაცვლება, მას დიდი გზა არ უწერია.

,,რუსთავი 2-თან” დაკავშირებულ პროცესებს მოჰყვა ის, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ აქტუალიზაცია გაუკეთა რიგგარეშე არჩევნების თემას. ეს არის თემა ტემპერატურის ასაწევად თუ დევს მასში რაიმე სხვა პრაგმატული პოლიტიკური შინაარსიც?

ამ ყველაფერს პოლიტტექნოლოგიური კონტექსტი აქვს. ამ პოლიტიკურ ველზე ტექნოლოგიებს ისინი ყველაზე კარგად ფლობენ. დასავლეთისა და საზოგადოებრივი აზრის შექმნელების თვალში პოლიტიკური პროცესის ინიცირებისთვის ორი თემაა, რის გამოც შეიძლება, მოხდეს გარკვეული ესკალაცია და გარკვეული კრიზისი შეიქმნას: პირველი ეს არის წამებისა და ძალადობის თემა და მეორე – სიტყვის თავისუფლების თემა. ძალადობის თემა – ამ ხელისუფლებას, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით, ვერ დავაბრალებთ, რომ ახლოს მაინცაა წინა ხელისუფლებასთან მისი სადისტური ბუნებიდან გამომდინარე. სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნების გაჩენა – ეს არის ნაციონალურ მოძრაობის ინტერესებში. მეტსაც გეტყვით, ვფიქრობ, რომ პროვოცირებას ჰქონდა ადგილი. ხელისუფლებას გარკვეული ხაფანგი დაუგეს ხელისუფლებას, რაშიც ძალიან იოლად გაება და ვერ ახერხებს ამ პრობლემისგან დისტანცირებას, მთლიანად ჩაფლულია ამ ყველაფერში. ძალიან უჭირს იმის ახსნა, რომ ამ პროცესთან შეხება არა აქვს, იმდენად ყალბად მიმდინარეობს ეს ყველაფერი. ბოლო დაყადაღების თემას რაც მოჰყვებოდა, მშვენივრად ესმოდა ,,ნაციონალურ მოძრაობას”. ის, რომ ,,რუსთავი 2-ს” ფინანსური პრობლემები აქვს, არ მჯერა. არა მგონია, ,,ნაციონალურიმოძრაობა” ფინანსების ნაკლებობას. ფულის კომპანიაში შეტანისა და გამოტანის ტექნოლოგიები იმდენად მრავალფეროვანია, რომ შეეძლოთ, სულ სხვანაირად გაეკეთებინათ ეს ყველაფერი. უბრალოდ, მათ მოახდინეს ხელისუფლების პროვოცირება მათ უგუნურებაზე, რაზეც ხელისუფლება წამოეგო.

რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნების საკითხს. თქვენი აზრით, რას ემსახურება ამ თემის წამოწევა?

ესეც პოლიტტექნოლოგიის ნაწილია. მე ვფიქრობ, რომ ,,ნაციონალურ მოძრაობას” სურს, მუდმივად ქმნიდეს გარკვეულ დღის წესრიგს, იყოს მოვლენების ეპიცენტრში. ბუნებრივია, ნებისმიერი ოპოზიციური ძალა ცდილობს, რომ დახატოს კრიზისული სურათი. მუდმივად ამით ქმნის დღის წესრიგს. გამოსდის და ყოველთვის გამოსდიოდა. ბოლოს სამი წელია, ვუყურებთ, რომ ხელისუფლება მუდმივად თავის მართლების რეჟიმშია.

რაში მდგომარეობს ნაციონალური მოძრაობის შანსი ?

არ ვფიქრობ, რომ ,,ნაციონალურ მოძრაობას” აქვს იმის ილუზია, საარჩევნო გზით მოიგებს არჩევნებს. მათ აქვთ პრაგმატული მიზნები. იმავე პოლიტტექნოლოგიას რომ მივყვეთ, საზოგადოების დიდი ნაწილი განწყობა დაახლოებით ასეთია – მე მყავს ცუდი ხელისუფლება, მაგრამ მყავს უარესი ოპოზიცია, რომელსაც რამდენიმე წლის გამოვუტანე ვერდიქტი და მას ეს სასჯელი არ მოუხდია, ის არ მინდა ხელისუფლებაში, თუმცა მყავს ცუდი ხელისუფლება. ალტერნატივაც არ ჩანს. ხელისუფლება ამ ვიწრო სურათს ხედავს. ხელისუფლება პოლიტიკას ითვლის პოლიტიკურ ელიტაში. ის უყურებს ასე – მყავს თუ არა ალტერნატივა პოლიტიკურ ელიტაში ? ქართული პოლიტიკის ასეთი გაგება კი, ჩემი აზრით, დრამატული შეცდომაა. რეალურად უფრო დიდი სურათი უნდა დაინახო, რომ შეაფასო ის რისკები, რის წინაშეც შეიძლება, დადგე.

საინტერესოა, ამ სურათში თქვენ რას ხედავთ?

ვფიქრობ, რომ დინამიკა თუ შენარჩუნდა და ხელისუფლებამ რაიმე სისტემურად, ვიტყოდი – რევოლუციურად არ შეცვალა, ჩვენ გველოდება ძალიან მძიმე პოსტსაარჩევნო ვითარება. აგიხსნით, რატომ – მიმდინარეობს ელექტორატის დისტანცირება პოლიტიკური ელიტისგან. მთლიანად პოლიტიკური ელიტაა კრიზისში, ამომრჩეველი არ ახდენს იდენტიფიცირებას საკუთარი არჩევანისა რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან, ამას ემატება სოციალური და ეკონომიკური რისკები, ნიჰილიზმი, პოლიტიკოსებსა და საზოგადოებას შორის ჩნდება გარკვეული უფსკრული, ამის შედეგი რა შეიძლება, იყოს ? მივიღოთ ძალიან დაბალი აქტივობის არჩევნები, სადაც ძალიან კარგად გამოჩნდება გარკვეული ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს ნებისმიერი ხელისუფლება, მაგრამ მაღალი აქტივობის პირობებში ეს იმდენად აშკარად არ ჩანს, დაბალი აქტივობა ამას ნათელს გახდის. ,,რუსთავი 2″ იქნება თუ ,,ნაციონალური მოძრაობის” შესაბამისი ტექნოლოგები სურათებად აჩვენებენ საზოგადოებას.

ჩვენ დავინახეთ, რომ ,,რუსთავი 2-ის” საქმესთან დაკავშირებით თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია იყო დაახლოებით იმავე აზრზე, როგორზეც ნაციონალური მოძრაობა. საარჩევნო გარემოს რაც შეეხება, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ერთ მხარეს ხელისუფლებაა და მეორე მხარეს – ყველა ოპოზიციური პარტია…

ეს არის ბაზისი. მთავარი მამოძრავებელი ძალა ამ საბოლოო პოლიტიკური კრიზისისა ესეც არ იქნება, ეს არის პოლიტიკური შემადგენელი კრიზისის ინიცირების, მაგრამ მთავარი მამოძრავებელი ძალა იქნება მაინც სოციალური რისკები. ყოველთვის ასე ხდებოდა. ჩვენ გადაჭარბებული შეხედულებები გვაქვს სხვადასხვა თემაზე. ,,ნაციონალურ მოძრაობასა” და ხელისუფლებაში ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ არჩევნები ქართულმა ოცნებამ იმიტომ მოიგო, რომ კადრები აჩვენეს. ეს მიამიტური გაგებაა. ნებისმიერი პროტესტის მამოძრავებელი ძალა არის უმუშევრობა, სოციალური პრობლემები…

ფუმდამენტური პრობლემები..

დიახ, ფუნდამენტური პრობლემები. უბრალოდ, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენს ეთნოფსიქოლოგიაში არ ჯდება შიმშილის ლოზუნგით ქუჩაში გამოსვლა, სხვა ლოზუნგს ეკიდება ეს პრობლემები და უკეთებს ძირითად, ყველაზე სახიფათო ზურგს ნებისმიერი ხელისუფლებისთვის. ჩემი აზრით, დადგება მოთხოვნა არჩევნების შედეგების ჩაშლილად გამოცხადების. ეს იქნება ერთადერთი , როდესაც ,,ნაციონალური მოძრაობა” და დანარჩენი ოპოზიცია, რომელთა ერთად დგომა თითქოს შეუძლებელია, ამ თემი ირგვლივ ერთად დადგებიან.

შეიძლება, ლეგიტიმაციის პრობლემა გაჩნდეს ?

კუკავადან ,,ნაციონალურ მოძრაობამდე” გაერთიანდება. ხელისუფლება ერთიან პროტესტს მიიღებს. მისი ადმინისტრაციული შესაძლებლობებისა და კრიზისის მენეჯმენტიდან გამომდინარე ძალიან გაუჭირდება ამ კრიზისის გადატანა. მით უმეტეს, რომ ამას სერიოზულ ზურგს შეუქმნის სოციალური და ეკონომიკური პრობლემები.

თქვენი აზრით, შესაძლოა, მივიღოთ სიტუაცია, როდესაც ამომრჩეველი იდენტიფიცირებას მოახდენს ოპოზიციურ სპექტრთან, რასაც დღეს ვერ აკეთებს?

მასთან იდენტიფიცირებას კი არა, არჩევანის წართმევასთან იდენტიფიცირებას მოახდენს. ის ადამიანებიც კი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ოპოზიცია, რომელიც ქუჩაშია, ხელისუფლებაზე უარესია, არჩევანის წართმევის გამო გამოთქვამენ გარკვეულ პროტესტს და მოისურვებენ ამ პროტესტთან შეერთებას, მიუხედავად იმისა, მხარს უჭერენ თუ არა პოლიტიკურ ძალას, რომელიც ქუჩაში იქნება გამოსული.

ძალიან საინტერესო პროცესი იყო ფეხბურთის ფედერაციის არჩევნები. თქვენ რა კუთხით შეხედეთ ამ არჩევნებს. არსებობს მოსაზრება, რომ ,,ქართულმა ოცნებამ” ძალიან დიდი პოლიტიკური ფასი გადაიხადა ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში საპარლამენტო არჩევნებამდე 1 წლით ადრე…

მიუხედავად იმისა, რომ თავისი ბუნებით ბევრად უფრო ჰუმანურია, დღევანდელი ხელისუფლება მუდმივად დე ჟავუს შეგრძნებებს გვიჩენს ხოლმე, სჭირდება თუ არ სჭირდება. ჩემი აზრით, არჩევნების პერიოდში კახა კალაძის იქ ყოფნას არანაირი პოზიტიური მოტივაცია არ ჰქონდა. მხოლოდ ნეგატიური. შესაბამისად, ჩემთვის გაუგებარია. ნარკოტიკები და როგორც მიდიოდა პროცესი, ეს ცალკე თემაა. მე კიდევ ერთხელ ვამბობ – შენ თუ გინდა, რომ რაღაც ცუდი გააკეთო, ტექნოლოგიას უნდა ფლობდე, ტექნოლოგიას თუ არ ფლობ, ბუმერანგივით გიბრუნდება უკან. თუ არა ხარ ბუნებით დამნაშავე, დანაშაულზე ხელი არ უნდა მოაწერო. იმიტომ, რომ აუცილებლად უკან დაგიბრუნდება. დღევანდელი ხელისუფლება ასეთ სასაცილო ვითარებაშია. მე შედარებაც მოვიყვანე, რომ ამ საქართველოს უახლოეს ისტორიას დავარქვი სადიზმიდან მაზოხიზმამდე.იარაღი, რომელიც წაართვეს წინა ხელისუფლებას, შეგვპირდნენ ყველას, რომ ახლა ამას მე მუზეუმში ჩავაბარებ და კარგი ბიჭი ვიქნები. სინამდვილეში დაენანა ჩაბარება და ეს იარაღი სახლში წაიღო. გამომდინარე იქიდან, რომ სხვისთვის სროლა არ შეუძლია, როგორც მიშა ესროდა, თვითონ თამაშობს სახლში და ხან ფეხში გაირტყამს და ხან რბილ ადგილებში. აი ეს არის დღევანდელი ხელისუფლების ბუნება. ამით განსხვავდება სადისტი მაზოხისტისგან. ჩვენთვის მაინც მაზოხისტი ჯობს სადისტს, რადგან ჩვენს ტყავზე ვერ ვგრძობთ ამას, მაგრამ სახელმწიფოებრივად, რა თქმა უნდა, სერიოზული საფრთხის შემცველი.

მინდა, მერიაში მიმდინარე პროცესებზეც გკითხოთ. თქვენი აზრით, ის რაც დედაქალაქის მთავრობაში ხდება, ესეც პოლიტიკური მმართველობის სისუსტეზე მიუთითებს ?

რაც მერიაში ხდება, ეს არის საერთო სურათის ნაწილი, მაგრამ საერთო სურათში სადღაც ცოტა უფრო უკეთესად ხდება, სადღაც ნაკლებად. ჩვენ გვაქვს სისტემური პრობლემა. მთლიანად მმართველობითი სისტემის კრიზისი გვაქვს ქვეყანაში. ცენტრალურ დონეზე. ამის სხვადასხა ინტენსივობის გამოვლინებები გვაქვს სხვადასხვა ადგილზე. მერია განსაკუთრებული შემთხვევაა იმიტომ, რომ აქ ზოგადად მენეჯმენტის ეფექტურობისა და გადაწყვეტილების მიღების უნარის პრობლემას ემატება ქალაქის მერის პერსონალური სისუსტეც. ეს კიდევ უფრო აძლიერებს ეფექტს. მიუხედავად იმისა, რომ ნარმანიას ვერავინ დასწამებს, რომ კორუმპირებულია, უდავოდ წესიერი ადამიანია და ეს ეჭვქვეშ არც არავის დაუყენებია არასდროს, მას არა აქვს მენეჯერის ელემენტარული უნარები, რომ რაღაც მართოს და მუდმივად სჭირდება გვერდით ადამიანი, რომელიც ან მის მაგივრად მიიღებს გადაწყვეტილებას ან წაეხმარება, რომ გააღვიძებს ხოლმე, როდესაც მიეძინება. ასე, ბუნებრივია, შეუძლებელია მართვა. მმართველობითი კრიზისი გადადის ინსტიტუციურ კრიზისში, რაც ძალიან სერიოზული საფრთხეების შემცველია.

კიდევ ერთი საკითხი – ევროსაბჭოს რეზოლუცია. ასახავს თუ არა დოკუმენტი რეალობას ? იქ საკმაოდ მძიმე ჩანაწერებია სასამართლოზე, პროკურატურაზე. რა შეფასებას გაუკეთებდით ამ რეზოლუციის შინაარს და ასევე ქართული ოცნების საგარეო გუნდის მუშაობას ?

რაც შეეხება მენეჯმენტს – საგარეო გუნდსა და საშინაო გუნდს. ყველა მიმართულებით გვაქვს სისუსტეები. კვალიფიკაციის, პროფესიონალიზმის, ტექნოლოგიების ფლობის პრობლემა ქართულ ოცნებაში ძალიან მწვავედ დგას. ცალ-ცალკე აღარ გამოვყოფ. ესპრობლემა დგას როგორც საგარეო მიმართულებით, ასევე საშინაოში. რაც შეეხება საკუთრივ როგორ აღვიქვამ ამ ყველაფერს. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ გიგი უგულავა პოლიტპატიმარია. მიმაჩნია, რომ მას ნამდვილად აქვს დანაშაულები ჩადენილი და ნებისმიერმა ადამიანმა დანაშაულზე პასუხი უნდა აგოს. სხვა საკითხია ის, რომ საერთაშორისო ინსტიტუტებში, თუნდაც შიგნით საზოგადოებაში ხშირ შემთხვევაში მთავარი არ არის შინააარსი, მთავარია ის, პროცესი რა აღქმას გიტოვებს საბოლოო ჯამში. ანუ რეალობა კი არ არის მთავარი, არამედ აღქმა. აღქმა საზოგადოებაში როგორც შიგნით ასევე გარეთ არის ასეთი – ეს, რა თქმა უნდა,ხელისუფლების ცუდი მუშაობის ბრალია. ვირტუალური რეალობა პოლიტიკისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შინაარსობრივი.

ისევ დავუბრუნდეთ წინასაარჩევნო სიტუაციას. საინტერესო ვითარებაა საგარეჯოში, სადაც ტარდება შუალედური არჩევნები. აქ ,,პატრიოტთა ალიანსი” და კოალიციიდან რესპუბლიკელი კანდიდატი ებრძვიან ერთმანეთს. რისი ტესტი იქნება ამ არჩევნების შედეგი ?

თუ მთელ პოლიტიკურ სურათს შევხედავთ, მთლიანად პოლიტიკურ ელიტაში ეს ბუნებრივია ტესტია იმის, სად არის ,,ქართული ოცნება” და აქვთ თუ არა იმის ფუფუნება, რომ მშვიდად იყვნენ. მაგრამ ამას აქვს კოალიციური განზომილებაც. ვფიქრობ, რომ რესპუბლიკური პარტია დიდ რისკზე წავიდა, როდესაც გვარიც კი არ შეცვალა, პარტიულ კუთვნილებას თავი რომ დავანებოთ. მათ რომ ეს არჩევნები წააგონ, ძალიან პრობლემატური გახდება თვითონ კოალიციაში რესპობლიკური პარტიის პოზიციისთვის დიდ არჩევნებთან მიმართებაში და ამით ძალიან კარგად ისარგებლებენ კოალიციის დანარჩენი პარტიები, რომლებიც ამ შემთხვევაში. ჩემი აზრით, უფრო ინაშვილს უგულშემატკივრებენ, ვიდრე ხიდაშელს.

ჯერ ჩვენ ზუსტად არ ვიცით, ერთი წლის შემდეგ კოალიცია რა ფორმით გავა საპარლამენტო არჩევნებზე. ზოგადად კი კლასიკური კოალიცია ის არის, რომელიც არჩევნების შემდეგ ყალიბდება. ხომ არ ფიქრობთ, რომ იზრდება ბურჯანაძისა და ,,პატრიოტთა ალინსის” შანსები, არჩევნების შემდეგ სწორედ მათთან ერთად შეიქმნას ახალი მმართველი კოალიცია ?

არა მგონია, საქმე აქამდე მივიდეს. კოალიციას კარგად ესმის, რომ თუნდაც საგარეო პოლიტიკის კუთხით დიდი მანევრის საშუალება არა აქვს. შემავალმა პარტიებმა ე.წ. პრორუსულ ფლანგზე გადაინაცვლონ, ვფიქრობ, ამ რისკზე ვერ წავა კოალიცია. ერთ-ერთი მთავარი შეცდომა ხელისუფლებისა რაშია – როდესაც იქმნებოდა ეკლექტური გაერთიანება, სადაც შესული არიან პოლიტიკური ძალები, რომლებსაც ხშირ შემთხვევაში ურთიერთდაპირისპირებული მსოფლმხედვლობა აქვთ, ეს ვითარება, რა თქმა უნდა, ერთჯერადი ამოცანის – ვიღაცის წინააღმდეგ საბრძოლველად კარგია, მაგრამ ქვეყნის მართვაში არის ძალიან სერიოზული სისუსტე. დღევანდელი ხელისუფლება გადაწყვეტილებებს რომ ვერ იღებს, ერთ-ერთი ფუნდამენტური მიზეზი ესეც არის. როგორ შეიძლება ერთ მაგიდასთან რეპუბლიკურმა პარტიამ და მრეწველებმა რაღაც ეკონომიკურ საკითხზე შეთანხმებული გადაწყვეტილება მიიღონ. მათ შორის მსოფლმხედველობრივი სხვაობაა.

ასეთი კოალიციის შემქნის აუცილებლობა დადგა იმისთის რომ არსებობდა მიზანი – მაგალითად, სააკაშვილის დამარცხება. რატომ არ შეიძლება ახალი მიზანი გაჩნდეს? თუკი ოცნება ვერ აიღებს საკმარის ხმებს მთავრობის დასაკომპექტებლად, რა მანევრის საშუალება რჩება მას?

როდესაც ხელისუფლებაში მოვიდა ქართული ოცნება უნდა მომხდარიყო გარკვეული ფილტრაცია. ნეგატიური ამოცანისთის ეს კარგი იყო, მაგრამ პოზიტიური ამოცანისთვის სამთავრობო გუნდი ეკლექტიკაზე არ უნდა ყოფილიყო დამყარებული, ეს უნდა ყოფილიყო ერთიანი, ერთი მსოფლმხედველობის გუნდი და მას უნდა ემართა ქვეყანა. მთავარი შემაკავებელი ცემენტი, რის გამოც ეს კოალიცია ვერ დაიშლება და ვერ გადანაწილდება, გახლავთ საკუთარი უსუსურობის განცდა. იმიტომ, რომ რეალურად კოალიციაში შემავალი არც ერთი პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პერსონა არ არის ლეგიტიმური.

ამ შემთხვევაში ეს სისუსტე გარკვეულწილად სიძლიერე გამოდის…

ეს სისუსტე არის შემაკავებელი ცემენტი, საკუთარი უსუსურობა არ მისცემს მათ იმის საშუალებას, რომ ბიძინა ივანიშვილის მხრებიდან ჩამოვიდნენ. მიუხედავად იმისა, ბიძინა ივანიშვილი პროცესში მონაწილეობს თუ არა, ყველას კარგად ესმის, რომ მისი პასუხისმგებლობის ზონაა, მისი ნიშნით მიდის დღესაც პოლიტიკური პროცესი და აქედან გასვლა არის თვითმკვლელობის ტოლფასი ნებისმიერი პოლიტიკური ძალისთვის. უსუსუსრობა, ხშირ შემთხვევაში ურთიერთზიზღის მიუხედავად, არ მისცემს მათ საშუალებას, რომ ეს ყველაფერი დათმონ. მეორე მხრივ, ვერც გამოვრიცხავთ, ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომ ერთ მშვენიერ დღეს პროცესები ისე თავდაყირა დადგეს, იგივე რესპუბლიკური პარტია იძულებული გახდეს დატოვოს კოალიცია, გამოუვალი მდგომარეობა შეიქმნას. უკვე ისმოდა მეჭიაურისა და სხვებისგან ეს აგრესია პოლიტიკური პარტნიორების მისამართით, რაც წარმოუდგენელია ნორმალურ ქვეყანაში.

მთელ ამ სიტუაციაში, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში როგორ ხედავთ პრეზიდენტის როლს და რამდენად სწორად მოქმედებს ის პოლიტიკურად?

დეტალებში რომ არ შევიდეთ – რაღაც შეიძლება, უკეთესად გააკეთოს, რაღაც უარესად, მაგრამ ზოგადი სურათის თვალსაზრისით, მას უჭირავს პოზიცია, რაც განსაზღვრულია მისი კონსტიტუციური მოვალეობით და თუნდაც პოლიტიკური მიზანშეწონილობით. ამ საარჩევნო პროცესში ორივე პოლიტიკური ძალა იმოქმედებს პრინციპით – შუა უნდა გაიკრიფოს ( ცნობილი ფრაზაა) . დღეს მე მეჩვენება, რომ ხელისუფლება ცდილობს ამ პრინციპიდან გამომდინარე პრეზიდენტი ოპოზიციაში გადაიყვანოს და ამისთის ყველაფერს აკეთებს. პრეზიდენტი ცდილობს, რომ პოლიტიკური ნეიტრალიტეტი შეინარჩუნოს…

ანუ ამ ვაკუუმს ავსებს, ასე გამოდის…

ეს სწორია სახელმწიფოებრივად. მას შეიძლება ჰქონდეს პოლიტიკური გემოვნება, მაგრამ არა აქვს უფლება, იყოს პოლიტიკურად მიკერძოებული. მისი მოვალეობაა, უზრუნველყოს პოლიტიკური პლურალიზმი და კონკურენტული სივრცე. ჩემი აზრით, ეს ,,ქართულ ოცნებას” უქმნის სერიოზულ დისკომფორტს. მისთვის უმჯობესია, რომ მარგველაშვილი იყოს ოპოზიციის ნაწილი, რაც შეამცირებს მის მიმართ ნდობას და ა.შ. როგორც პოლიტიკური არბიტრის. თუ პრეზიდენტმა მოახერხა და არჩევნებამდე ეს პოზიცია შეინარჩუნა, და მე ვფიქრობ, რომ მან ეს უნდა გააკეთოს, ამ შემთხვევაში ის იქნება არჩევნების მეორე დღის ერთადერთი ლეგიტიმური ფიგურა ქვეყანაში..

მის სიტყვას ექნება დიდი ფასი..

მის სიტყვას ექნება გადამწყვეტი ფასი. ერთი მხრივ, გასაგებია, პოლიტტექნოლოგიურად რატომ აკეთებს ამ ყველაფერს ,,ქართული ოცნება”, მაგრამ მეორე მხრივ, ძალიან სერიოზულ რისკზე მიდის.

თუ უხეშად დადგა საკითხი, ლიგიტიმურია თუ არა არჩევნების შედეგი, აქ მარგველაშვილის სიტყვა შეიძლება იყოს გადამწყვეტი..

რა თქმა უნდა. ნინო ბურჯანაძეს, ამ პროცესის ერთ-ერთ მონაწილეს, ჰქონდა, ასე ვთქვათ, თავისი ჭეშმარიტების წამი. 2008 წლის არჩევნებზე, როდესაც შედეგი ეჭვქვეშ დადგა, ის იყოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი. მის სიტყვას მაშინ შეეძლო, სერიოზული როლი ეთამაშა. ეს იყო მისი მთავარი პოლიტიკური შანსი, რომელიც გაუშვა ხელიდან. ასეთი შანსი მას შეიძლება, აღარ მიეცეს.

ეს შეკითხვა ,,ქართულ ოცნებას” ეხება. საინტერესოა, რა გზავნილები უნდა ჰქონდეს 2016 წლის არჩევნების წინ ,,ქართულ ოცნებას” და, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ვინ უნდა მიიტანოს ეს გზავნილები ამომრჩევლამდე?

თქვენ დამისვით ძალიან რთული შეკითხვა. მე არა მაქვს პასუხი ამ შეკითვაზე. მეჩვენება, რომ ,,ქართული ოცნება”, მიუხედავად იმისა, რომ ახალ სახეებზე საუბრობენ და სურთ რიგების გაწმენდა, ისინი ამას ვერ მოახერხებენ. ისინი გარკვეულწილად ერთმანეთის მძევლები არიან. კეთილი სურვილების მიუხედავად, ძალიან გაუჭირდებათ სისტემურად რამის შეცვლა, განახლება. როგორც პარტიული თვალსაზრისით, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების თვალსაზრისით. აღმასრულებელი ხელისუფლება სისტემის მძევალია, კოალიციაში გაერთიანებული პარტიები კი ერთმანეთის. მათ გაუჭირდებათ გათავისუფლება იმ ადამიანებისან, რომლებიც საკმაოდ მარგინალურად გამოიყურებიან დღეს.

რაც შეეხება სათქმელს 2016 წლის არჩევნებამდე… 2012 წლის არჩევნებამდე ბევრი იყო სათქმელი..

როგორც წესი, ხელისუფლების სიტყვას ძალიან დაბალი ფასი აქვს. ოპოზიცია კიდევ გასაგებია. მას აქვს რიტორიკის ფუფუნება. ხელისუფლებამ ქმედებებით უნდა აჩვენოს. როდესაც 4 წელი მართავ და შემდეგ შენ კიდევ რაღაცას ჰპირდები ადამიანს, ეს დამაჯერებლობას მოკლებულია. ხელისუფლების ერთადერთი შანსია, აჩვენოს რეალური კეთილდღეობა, რეალური დემოკრატია, რეალური თავისუფლება არჩევნებამდე. მისი ლოზუნგები, გზავნილები აღარავის აინტერესებს, მისგან უნდათ პური და რეალური სანახაობა. თუ არ მისცემს, ვნახოთ, რა მოხდება.

წყარო:“სოციალური ქსელი”

banner
წინა სტატიაშიიტალიაში მოსამსხურეებს პორნოგრაფიის ყურების ნება დართეს, ხოლო მარიხუანა აუკრძალეს…
შემდეგი სტატია“ფორდი” მანქანებს რუსული ძრავით გამოუშვებს