არჩევნებისთვის ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი დაიწყო

ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ

31 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი დაიწყო. “სტამბაში “იუ სი ემ” სულ 80, 400 ბიულეტენი იბეჭდება, აქედან: საგარეჯოს ოლქში ჩასატარებელი პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის სულ 43, 400 ბიულეტენი დაიბეჭდება (30,150 ქართულ ენაზე, ხოლო 13, 250 -ქართულ-აზერბაიჯანულ ენებზე); მარტვილის ოლქში ჩასატარებელი პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის – 32,050 ბიულეტენი. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს შუალედური არჩევნებისთსვის, რომელიც ოთხ ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება, სულ 4950 ბიულეტენი იბეჭდება”, – აცხადებენ ცესკო-ში.

ბეჭდვის პროცესს ცესკო-ს წევრები გიორგი ჭიქაბერიძე და ზურაბ ხრიკაძე, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ვლადიმერ ბოჟაძე (სამოქალაქო საზოგადოების დემოკრატიის განვითარების ცენტრი) და მარიამ კვარაცხელია (საერთო სამოქალაქო მოძრაობა “მრავალეროვანი საქართველო”) აკვირდებიან.
როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს პარლამენტის შუალედური არჩევნები მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით, №11 საგარეჯოს და №65 მარტვილის ოლქებში ჩატარდება, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს, საკრებულოს შუალედური არჩევნები დმანისის, ვანის, ხობის და საგარეჯოს ადგილობრივ საარჩევნო ოლქებში.

banner
წინა სტატიაში“ესე თქვა გოგიმ? ღმერთმა ნუ ქნას-თქო ასე გადაეცით გოგის”
შემდეგი სტატია,,მიაწოდეთ ხოლმე ამ ადამიანს დაზუსტებული ამბები”- გრიგოლია ივანიშვილზე