“არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ თურქმენეთისთვის საქართველო უმთავრეს პარტნიორად იქნას განხილული”

პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩევლის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, საქართველო-თურქმენეთის ურთიერთობები განსაკუთრებით სატრანსპორტო-ეკონომიკური და ლოჯისტიკის კუთხით აბსოლუტურად ახალ სტადიაზე გადადის.

როგორც აბაშიშვილმა თურქმენეთის პრეზიდენტის ვიზიტის შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა, პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რის საფუძველზე თურქმენეთისთვის საქართველო უმთავრეს პარტნიორად განიხილება.
„თურქმენეთის პრეზიდენტის ვიზიტის შემდეგ საქართველოსა და თურქმენეთის ურთიერთობები განსაკუთრებით სატრანსპორტო-ეკონომიკური და ლოჯისტიკის კუთხით აბსოლუტურად ახალ სტადიაზე გადადის. უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე მიღწეულია და არსებობს პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ თურქმენეთისთვის საქართველო უმთავრეს პარტნიორად იქნას განხილული, ერთის მხრივ, ენერგო-რესურსების ევროპის მიმართულებით გადაადგილების თვალსაზრისით, ხოლო მეორე მხრივ – სატრანსპორტო-ლოჯისტიკური თანამშრომლობის კუთხით. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება არის თურქმენეთისა და ევროკავშირის მოლაპარაკებები, თურქმენული გაზის ევროპაში გადაადგილებასთან დაკავშირებით. ამ კუთხით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო უფრო აქტიურად იწყებს მოქმედებას ამ პროექტის შემდეგი რეალიზების თვალსაზრისით, რაც საქართველოს სარგებელს მოუტანს და საქართველო ევროკავშირის ენერგორესურსების უზრუნველყოფის მიმართულებით უფრო მეტ როლსაც შეასრულებს. ამ კუთხით საქართველოს რამდენიმე შეთავაზება აქვს, ერთ-ერთია გაზსადენ ე.წ. „აგრი“-ს პროექტი, რომელიც თურქმენული გაზის ტრანსპორტირებას ითვალისწინებს დასავლეთ ევროპის მიმართულებით“, – განაცხადა აბაშიშვილმა.
მისივე თქმით, ქართული მხარე თურქმენეთის სახელმწიფოს ქართული პორტების გამოყენებასაც სთავაზობს, ასევე ვიზიტის ფარგლებში საუბარი შეეხო, ახალი სატრანსპორტო დერეფნის ფორმირებასაც.
 „საქართველოს ასევე შეუძლია ლოჯისტიკური სერვისების შეთავაზება, მათ შორის ბათუმის და ფოთის  პორტებით სარგებლობა. პრეზიდენტის ვიზიტისას შეიძლება ითქვას, რომ ასევე გამოიკვეთა სატრანპორტო მიმართულება, კერძოდ საუბარია ავღანური მხარის ინიციატივაზე და მთლიანად ახალი სატრანსპორტო დერეფნის ფორმირებაზე, რომელიც ტვირთების ავღანეთიდან, თურქმენეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს გავლით ევროპაში გადაზიდვას ითვალისწინებს. მსგავსი პროექტების განხორციელება კი ქვეყანას პოლიტიკურ დაცულობასაც უქმნის“, – აღნიშნა აბაშიშვილმა.
banner
წინა სტატიაში“კომპენსაციასთან დაკავშირებით ჩვენ მიერ გაგზავნილ მიმართვას გამოხმაურება არ მოჰყოლია”
შემდეგი სტატია„ვცდილობთ, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესი მინიმალურად მტკივნეული იყოს“