„არაფრის დიდებით არ დავუშვებ შეწყალების მექანიზმის განხილვას რაიმე პოლიტიკურ კონტექსტში“

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ მედიის თავისუფლების დაცვა ყველა პოლიტიკოსის ვალდებულებაა. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა არჩევანში ისაუბრა და თქვა, რომ რუსთავი 2-ს არა მხოლოდ პრეზიდენტის, არამედ ყველა პოლიტიკოსის მხარდაჭერის იმედი უნდა ჰქონდეს. „მედიის თავისუფლების ნაწილში თქვენ არა მხოლოდ არჩეული პრეზიდენტის იმედი უნდა გქონდეთ, არამედ ყველა პოლიტიკოსის იმედი უნდა გქონდეთ და სხვათა შორის აქტიურად უნდა მუშაობდეთ ამ იმედის მოსაპოვებლად,“ - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი. საქართველოს პრეზიდენტის თქმით ყველა პოლიტიკოსის ვალდებულებაა მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა. მიუხედავად იმისა მოსწონს თუ არა ის. „თუ თქვენ განცდა გაქვთ, რომ თქვენი უფლებები ილახება, გარწმუნებთ, რომ ქართული სასამართლო მივა იმ გადაწყვეტილებამდე, რომელიც ჩემის ღრმა რწმენით იქნება სამართლიანი,“ - ამბობს გიორგი მარგველაშვილი.

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, შეწყალების მექანიზმი არ არის პოლიტიკური საკითხების, პოლიტიკური სამართლიანობის, ან უსამართლობის გადაწყვეტის მექანიზმი.

მისი თქმით, შეწყალების მექანიზმი იყო და რჩება ჰუმანურ ფუნქციად სახელმწიფოსი და ეს კარგად უნდა ესმოდეს ყველა იმ პოლიტიკოსს, რომელიც ცდილობს, რომ შეწყალების მექნიზმი განიხილოს პოლიტიკური დისკუსიის ნაწილად. ამის შესახებ პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილის განცხადების შეფასებისას ისაუბრა, სადაც საქართველოს ექს-პრეზიდენტი მარგველაშვილის მხრიდან გიგი უგულავას, ვანო მერაბიშვილისა და ბაჩო ახალაიას შეწყალების აუცილებლობაზე საუბრობდა.

„მე ვიცი, რომ ეს საკითხი განიხილება საქართველოში, მაგრამე მინდა ხაზი გავუსვა ერთ მნიშნელოვან მომენტს, შეწყალების მექანიზმი არის სახელმწიფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია ჰუმანურობისა, იმ ადამიანების მიმართ, ვინც დაარღვია კანონი და იქნა დასჯილი კანონის დარღვევისათვის. ამ თვალსაზრისით, მე მანამდეც ძალიან მტკიცედ ვიცავდი შეწყალების ჰუმანურ ნაწილს და არაფრის დიდებით არ ვუშვებდი და არც მომავალში არ დავუშვებ შეწყალების მექანიზმის განხილვას, რაიმე პოლიტიკურ კონტექსტში. შეწყალების მექანიზმი არ არის პოლიტიკური საკითხების, პოლიტიკური სამართლიანობის, ან უსამართლობის გადაწყვეტის საკითხები. ასე რომ, შეწყალების მექანიზმი იყო და რჩება ჰუმანურ ფუნქციად სახელმწიფოსი და მე მინდა ეს კარგად ესმოდეთ ყველა იმ პოლიტიკოსს, რომელიც ცდილობს, რომ შეწყალების მექნიზმი განიხილოს პოლიტიკური დისკუსიის ნაწილად, ეს ასე არ მოხდება“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ “რუსთავი 2”-ის ეთერში, ყოფილი მაღალჩინოსნების შეწყალებასთან დაკავშირებით, კომენტარი რამდენიმე დღის წინ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, პრეზიდენტ მარგველაშვილის ადგილი ისტორიასა და პოლიტიკაში გაიზომება იმით, შეიწყალებს თუ არა ის გიგი უგულავას, ვანო მერაბიშვილსა და ბაჩო ახალაიას.

banner
წინა სტატიაში,,ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ინვესტორები უშუალოდ მთავრობის მეთაურისგან ისმენენ თუ რა შესაძლებლობებია ქვეყანაში”
შემდეგი სტატია,,ყველა სფეროში გვაქვს არნახული პროგრესი”