არასაპარლამენტო ოპოზიცია შუალედურ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს

ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ

არასაპარლამენტო ოპოზიცია შუალედურ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს. პარტიებმა სპეციალური განცხადება გაავრცელეს, რომელშიც საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზებზე საუბრობენ და ქართულ ოცნებას წინასაარჩევნო დაპირების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ.

 

“წლების მანძილზე საქართველოში მწვავე საკითხს წარმოადგენდა საარჩევნო რეფორმის გატარება, რომელიც მისაღები იქნებოდა პოლიტიკური სპექტრისა და ფართო საზოგადოებისთვის. ამ მიზეზის გამო არაერთი არჩევნების ლეგიტიმურობა არაერთხელ დამდგარა ეჭვქვეშ, რაც უდაოდ შემაფერხებელი გარემოებაა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში. დვევანდელი ხელისუფლება, როდესაც თავად წარმოადგენდა ოპოზიციას ამ დოკუმენტის ხელმომწერ პარტიებთან ერთად დაპირებას იძლეოდა, რომ გატარდებოდა ფართომასშტაბიანი საარჩევნო რეფორმა. 2010 წელს 8 ოპოზიციურმა პარტიამ მოამზადა და გამოაქვეყნა საარჩევნო კოდექსის ერთობლივი პროექტი, რომელსაც ხელს აწერდნენ დღევანდელი მმართველი კოალიციის წევრი პარტიებიც. სამწუხაროდ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ქართულმა ოცნებამ დაივიწყა საკუთარი პროექტი და ბოლომდე უგულებელყო მისი პრინციპები, მ.შ: საარჩევნო სისტემის რეფორმა, საარჩევნო ადმინისტრაციის პარიტეტი, ამომრჩეველთა ბიომეტრიული სიები, საარჩევნო არბიტრაჟი და სხვ. 2015 წლის გაზაფხულზე ხელისუფლებამ უპასუხოდ დატოვა ქვეყნის ყველა ოპოზიციური (საპარლამენტო და არასაპარლამენტო) პარტიის, არასამთავრობო ორგანიზაციების და პრეზიდენტის მიერ მხარდაჭერილი პროექტი საარჩევნო სისტემის რეფორმის შესახებ. რეალურად 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ მივიღეთ არა საარჩევნო რეფორმა არამედ კიდევ უფრო ანტიდემოკრატიული საარჩევნო გარემო.

მიგვაჩნია, რომ ამ პირობებში არანაირი აზრი არა აქვს 2015 წლის ოქტომბერში დაგეგმილ შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას (მარტვილის და საგარეჯოს ოლქებში) და ზემოთქმულიდან გამომდინარე: ბოიკოტს ვუცხადებთ პარლამენტის შუალედურ არჩევნებს. მოვუწოდებთ ყველა საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიას შემოუერთდეს წინამდებარე განცხადებას; მოვუწოდებთ ხელისუფლებას აღდგენილ იქნეს ინტერპარტიული ჯგუფის ტრადიციული, დემოკრატიული ფორმატი: საარჩევნო კოდექსის განხილვაზე მოწვეულ იქნეს ქვეყნის ყველა მნიშვნელოვანი პარტია, პროცესის მოდერირება განახორციელოს რომელიმე ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ და უმოკლეს ვადებში მიღებული იქნეს გადაწყვეტილება მაჟორიტარული სისტემის გაუქმების, საარჩევნო ადმინისტრაციის პარიტეტის და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.

ახალი მემარჯვენეები ფიქრია ჩიხრაძე, გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა ნინო ბურჯანაძე, ევროპელი დემოკრატები პაატა დავითაია, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია ბაჩუკი ქარდავა, თავისუფალი საქართველო კახა კუკავა, ლეიბორისტული პარტია შალვა ნათელაშვილი, რეფორმატორები ირაკლი ღლონტი, სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის ზურაბ ხარატიშვილი, ტრადიციონალისტთა კავშირი აკაკი ასათიანი, ქრისტიან-დემოკრატიული პარტია გოჩა ჯოჯუა, ძალოვან ვეტერანთა პოლიტიკური მოძრაობა გია ბერძენიძე,”- აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიგაეროს გენერალური ასამბლეის 70 სესიას რუსეთის პრეზიდეტი ვლადიმეტ პუტინიც დაესწრება
შემდეგი სტატიასაგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს