არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გიორგი მარგველაშვილს საკონსულტაციო ჯგუფის შექმნა შესთავაზეს

გიორგი ბარამიძე საქართველოს პრეზიდენტს პასუხობს

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურაზე საკონსულტაციო ჯგუფის შექმნა შესთავაზეს.

როგორც პრეზიდენტთან არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრის შემდეგ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, შეხვედრაზე საუბარი არ ყოფილა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოტენციურ კანდიდატზე.

“ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს კანდიდატი და რა პროცედურების მეშვეობით უნდა მოხდეს კანდიდატის გამოვლენა, პარლამენტისთვის წარდგენა. ჩვენ შევთავაზეთ პრეზიდენტს კონკრეტული მოდელი. შესაძლოა, შეიქმნას საკონსულტაციო ორგანო, მრჩეველთა საბჭო, რომელიც შეისწავლის კანდიდატის განვლილ საქმიანობას, შეაფასებს ამ კანდიდატის კრიტერიუმებთან შესაბამისობას და პრეზიდენტს მიმართავს რეკომენდაციით კონკრეტულ კანდიდატთან დაკავშირებით. ამ საკონსულტაციო საბჭოს ფორმატში პირველი, რაც იქნება გასაკეთებელი, თუკი პრეზიდენტი მიზანშეწონილად მიიჩნევს ასეთ ორგანოს შექმნას, ეს არის კონკრეტულ კრიტერიუმებზე ჩამოყალიბება, რადგან დღევანდელი კანონმდებლობით ძალიან ცოტა კრიტერიუმია დადგენილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით”, – აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

მისივე განცხადებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა ძალიან მაღალი პოზიციაა და ადამიანი უნდა იყოს ძალიან მაღალი კვალიფიკაციის მქონე.

“უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი უნდა ფლობდეს ბევრ სხვა თვისებას, მათ შორის, უპირველესი არის მისი პრინციპულობა და რეზისტენტულობა ნებისმიერ ზეწოლასა თუ პოლიტიკური დღის წესრიგის მიმართ. ეს ადამიანი უნდა იყოს კანონის დაცვაზე ორიენტირებული და მისთვის პრიორიტეტი უნდა იყოს ადამიანის უფლებები”, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მისივე თქმით, ერთ-ერთი საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც შეხვედრაზე ისაუბრეს, არის ის, რომ ადამიანს, რომელიც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატად იქნება წარდგენილი, მჭიდრო კავშირი არ უნდა ჰქონდეს რომელიმე პოლიტიკურ გუნდთან.

მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია ის, რომ არ გაჭიანურდეს უზენაესი სასამართლოს თაუმჯდომარის კანდიდატის წარდგენის პროცესი და აუცილებელია, შესაბამის ვადებში მოხდეს ახალი თავმჯდომარის არჩევა. “და არ მოხდეს ისე, რომ სისტემა დარჩეს თავმჯდომარის გარეშე”.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შეხვდა. შეხვედრა დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში ვითარება იძაბება
შემდეგი სტატიადავით ნარმანია: ვისაც დანახვა უნდა, კარგად ხედავს, რას ვაკეთებთ