არასამთავრობოების ნაწილი “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან 21 მარტს დაგეგმილ აქციას აპროტესტებს

არასამთავრობო ორგანიზაციები “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან პარტიის მიერ 21 მარტს დაგეგმილ აქციას აპროტესტებენ. აქციაში “თავისუფალი თაობა” და სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზი იღებს მონაწილეობას. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაანონსებულ 21 მარტის აქციის გაუქმებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ამბობენ, რომ ისინი “ნაციონალურ მოძრაობას” აქციის ჩატარების საშუალებას არ მისცემენ.
“დღეს გამაფრთხილებელ აქციაზე შევიკრიბეთ, რომ ჩვენ არ დავუშვათ ნაცების მობრუნება. ერთი კვირაა აანონსებენ “ნაციონალური მოძრაობის” წევრები აქციას მთავრობის გადადგომის მოთხოვნით. ჩვენ მოვითხოვთ გადაიფიქრონ, რაც ჩაფიქრებული აქვთ ნაცებს. წინააღმდეგ შემთვევაში არაა გამორიცხული კონტრაქცია და ისეთი აქციაც, რომ საერთოდ არ მივცეთ პარტიის წევრებს ამ სოროდან გამოსვლის საშუალება”, – განაცხადა “თავისუფალი თაობის” ხელმძღვანელმა ლადო სადღობელაშვილმა.
როგორც აქციაზე მისულმა სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზის წევრებმა განაცხადეს, ის რთული ეკონომიკური მდგომარეობა, რაც დღეს საქართველოშია, “ნაციონალური მოძრაობის” 9-წლიანი მმართველობის შედეგია.
აქციის მონაწილეები “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან ბანერებით არიან მისულები, რომელზეც წერია: “ძირს ნაციონალური მოძრაობა”, “არა ნაცკრიმინალებს”, “სააკაშვილი რუსეთის აგენტია”.
პარტიის ოფისთან საპატრულო პოზიციის ეკიპაჟები იმყოფებიან.
21 მარტს, “ნაციონალური მოძრაობა” საქართველოს მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქციის გამართვას გეგმავს.

banner
წინა სტატიაში„დაკონკრეტდეს ის კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც ამ საქმეებს შეარჩევენ”
შემდეგი სტატია“ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან “თავისუფალი თაობის” 6 წევრი დააკავეს