ან ბრასორი: თუ ვითარება არ შეიცვლება, ივნისში უკვე რუსეთის უფლებამოსილების საკითხს განვიხილავთ

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, ან ბრასორის განცხადებით, თუ ვითარება არ შეიცვლება, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ივნისში რუსეთის უფლებამოსილების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ ან ბრასორმა გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

“ჩვენ ხმის მიცემის უფლება შევაჩერეთ, რუსები წევრებად დარჩნენ, მაგრამ თავადვე განაცხადეს ჩვენთან მუშაობაზე უარი. მე გამოვიჩინე ინიციატივა, შემენარჩუნებინა კონტაქტი ბატონ ნარიშკინთან, რათა გვქონოდა რუსეთთან დიალოგის საშუალება. რა არის ამის მიზანი? ის, რომ მხოლოდ დიალოგით შეიძლება გამოსავლის გამონახვა. ძალადობა გამოსავალი არ არის, ამაზე ლაპარაკიც ზედმეტია. თუ რუსებს იზოლაციაში მოვაქცევთ, ჩვენს მოსაზრებებს ვერ გაიგონებენ, დიალოგს კი ერთზე მეტი მონაწილე სჭირდება. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ აპრილში, კიდევ ერთხელ გადაგვეხედა სანქციებისთვის, გვენახა, პროგრესი იყო თუ არა. პროგრესი არ იყო, ამიტომ სანქციები ძალაში დავტოვეთ. მეტიც, გადავწყვიტეთ, რომ თუ ვითარება არ შეიცვლება, ივნისში უკვე რუსეთის უფლებამოსილების საკითხს განვიხილავთ”, -განაცხადა ან ბრასორმა.

კითხვაზე, ხომ არ ფიქრობთ, რომ ამგვარი ფუჭი სანქციებით საქმეს უადვილებთ რუსების იმპერიალისტურად განწყობილ ნაწილს, მტრის ხატად წარმოაჩინოს დასავლეთი, რომელიც დედარუსეთს ებრძვის, ან ბრასორმა განაცხადა, რომ “თუ ასეა, პროპაგანდასთან გვაქვს საქმე”.

“გამოვა, რომ გვაშანტაჟებენ, რადგან მოგვიწევდა გვეთქვა, რომ აი, რუსეთს სანქციებს ვერ დავაკისრებთ, რადგან გამოდის, ამით რუსებს თითქოს ვართმევთ ყველაზე დემოკრატიულ, ფუნდამენტურ უფლებას – ხმის მიცემის უფლებას. ასე რომ, ჩვენ პრინციპული პოზიცია გვაქვს. ჩვენ გვაქვს ჩვენი წესები, პრინციპები, დაწყებული ტერიტორიული მთლიანობის პრინციპით, რომელიც უხეშად იქნა დარღვეული. თუ ისეთი ორგანო, როგორიც საპარლამენტო ასამბლეაა, არ აღიმაღლებს ხმას ამის წინააღმდეგ, მაშინ ვინ იზამს ამას? ჩვენ გვაქვს წესები და როდესაც ამ წესებს არღვევენ, საჭირო ზომებს ვიღებთ. სხვათა შორის, ადრე თქვენს ქვეყანასაც დავაკისრეთ სანქციები ჩვენი დელეგატის ქვეყანაში არშეშვებისთვის. სანქციები დავაკისრეთ აზერბაიჯანსაც ადამიანის უფლებების დარღვევების გამო. როცა რუსებმა თქვეს, არ გვჭირდება საპარლამენტო ასამბლეაო, ვერ ვიტყვი, რომ გამიკვირდა, მაგრამ ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ არსებობს ზღვარი, რომელსაც არ უნდა გადავიდნენ”, – განაცხადა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.

ან ბრასორი საქართველოს 7-8 მაისს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის მოწვევით სტუმრობდა.

banner
წინა სტატიაშიიოკო ონოს და ჰილარი კლინტონის 70-იანი წლების რომანი
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი: ჩვენ არავისთან ომს არ ვგეგმავთ, ჩვენ ვემზადებით მშვიდობისთვის