ანი ნადარეიშვილი-„ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას საფრთხე ექმნება!“

ანი ნადარეიშვილი იმ განცხადებას ასაჯაროებს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციამ “თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრმა” ყველა საელჩოს საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს გაუგზავნა:

-„თავისუფლების და მხარდაჭერის ცენტრი“ შეიქმნა 2012 წელს. კოალიცია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ნაცვლად იმისა, რომ გაგრძელებულიყო დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობა, ქვეყანაში მძიმე მოვლენები დაიწყო: ოპონენტების პოლიტიკური დევნა, მედიაზე და თვითმმართველობაზე ზეწოლა, ადამიანების გათავისუფლება სამსახურებიდან პოლიტიკური ნიშნით და ადამიანების დაშინება. სწორედ ეს გარემოებები გახლდათ ორგანიზაციის დაარსების მიზეზი. დღემდე ხელისუფლება აგრძელებს ყველა ზემოდ ჩამოთვლილ ქმედებას, რისი მაგალითიც არის მიმდინარე წლის 15 მარტს ქალაქ ზუგდიდში „თავისუფლების და მხარდაჭერის ცენტრის“ რეგიონალური ოფისის დარბევა და ძალადობა ჩვენი ორგანიზაციის წევრებისა და საქართველოს პარლამენტის დეპუტატის მიმართ.
გაცნობებთ, რომ 2015 წლის 15 მარტს, 13:40 სათზე ქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას №32, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების (მერია, საკრებულო, სოფლის გამგეობა) წარმომადგენლების ორგანიზებით განხორციელდა წინასწარ დაგეგმილი შეიარაღებული თავდასხმა ჩვენი ორგანიზაციის ოფისზე. ოფისში ამ დროისათვის იმყოფებოდა ორგანიზაციის 15-მდე წევრი და საქართველოს პარლამენტის დეპუტატი. თავდასხმისას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრები და აქტივისტები შეიარაღებულნი იყვნენ ქვებით, ლითონისა და ხის ხელკეტებით. დარბევის შედეგად დაზიანებები მიიღეს ორგანიზაციის ორმა წევრმა, თავის არეში თენგიზ ჭანიამ, სახის არეში ლევან ჭანიამ, ასევე საქართველოს პარლამენტის წევრმა აკაკი მინაშვილმა ხელის არეში, ჩამსხვრეულია ოფისის შესასვლელი კარის მინები, დაზიანებულია ინვენტარი. პოლიცია ორგანიზაციის ოფისთან დაგვიანებით მოვიდა.
15 მარტს იმავე პირთა ორგანიზებითა და მონაწილეობით თავდასხმა განხორციელდა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისზე.
თავდასხმის მიზეზია არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ საკუთარი საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული ქმედებები. ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენლები ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოს რეგიონებში ახორციელებენ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის ანალიზს, მართავენ შეხვედრებს მოწყვლად ჯგუფებთან და უწევენ მათ იურიდიულ კონსულტაციას. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან ხორციელდება ადამიანების დაშინება, რათა მათ ჩვენი ორგანიზაციის წევრებთან არ ისაუბრონ მოსახლეობის წინაშე მდგარ პრობლემების შესახებ. აღნიშნული აქტივობები გახდა ზუგდიდის ადგილობრივი ხელისუფლების ძალადობის მიზეზი სწორედ იმ დროს, როდესაც 21 მარტს, თბილისში პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპროტესტო აქცია არის დაგეგმილი.
მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ძალადობრივი ქმედებები პოლიტიკური რეპრესიის ფორმას იძენს. პოლიტიკური პარტიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობის ხელის შეშლა, სამოქალაქო სექტორისა და პარლამენტის წევრზე ფიზიკური ძალადობა საფრთხეს უქმნის ქვეყანის დემოკრატიულ განვითარებას.
მიგვაჩნია, რომ პოლიტიკური პარტიისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზაციების წარმომადგენლების მხრიდან ძალისმიერი წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციული ქმედებები და კანონის დარღვევა მიუღებელია და დამრღვევების მიმართ სათანადო ზომები უნდა იქნეს გატარებული კანონის აღსასრულებლად.
დარბევის ადგილას ორგანიზატორის მხრიდან მოწოდება ფიზიკური ანგარიშსწორებისკენ („არის ინფორმაცია, რომ არიან შეიარაღებულები და მე ვთხოვ ყველას აიყვანონ კონტროლზე ეს უმსგავსოება”, მერაბ ქვარაია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე) და არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობის შეზღუდვისკენ, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.
მიგვაჩნია, რომ საჯარო მოხელის ამგვარი განცხადებები ახალისებს ფიზიკურ ანგარიშსწორებას და ემსახურება არასამთავრობო ორგანიაციების საქმიანობის დისკრედიტაციას.
მივმართავთ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს, დროული და სათანადო შეფასება მისცენ მომხდარ ფაქტსდა სახელმწიფო ორგანიზაციების რეპრესიულ ქმედებებს“.
ორგანიზაციის პრეზიდენტი
ანნა ნადარეიშვილი

banner
წინა სტატიაშიეკა დუგლაძე:-„ჩემი თანამებრძოლები ხშირად მისვამენ კითხვას – რისთვის ვიბრძოდით?“
შემდეგი სტატიათბილისის საკრებულოს სხდომა ხმაურით მიმდინარეობს