ანაკლიაში “მომავლის ბანაკი” 5 ივლისს საზეიმოდ გაიხსნება

ანაკლიის “მომავლის ბანაკს” 5 ივლისს მოსწავლეების პირველი ნაკადი ესტუმრება და სეზონი ოფიციალურად გაიხსნება. ბანაკის ოფიციალურ გახსნას სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი დაესწრება.

გახსნამდე კი ანაკლიის ბანაკის ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ტარდება, გაიწმინდა ტერიტორია და მოწესრიგდა საცხოვრებელი და საკვები ობიექტები. ბანაკს წელს 14-18 წლამდე მოზარდებისგან დაკომპლექტებული დაახლოებით 7 ნაკადი ესტუმრება, საერთო ჯამში კი 2000 ადამიანზე მეტი.

პროგრამის ბენეფიციარები საქართველოს რეგიონებიდან 14-18 წლამდე ასაკის მოზარდები არიან. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად საქართველოს მასშტაბით თითოეული სკოლიდან შეირჩა ერთი მოსწავლე. უპირატესობა მიენიჭა მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებს და მათ შორის სოციალურად დაუცველ, იძულებით გადაადგილებულ პირებსა და მრავალშვილიანი ოჯახის წარმომადგენლებს.

პროექტში ჩართული ახალგაზრდები გაივლიან სპეციალურად შემუშავებულ მოდულებს (როლური თამაშები, დისკუსიები, პრაქტიკული სავარჯიშოები) ადამიანის უფლებების, ბავშვთა უფლებების, ეკოლოგიის, ჰიგიენის, ტოლერანტობის, არჩევნების და საქართველოს ისტორიის შესახებ.
მონაწილეთა მართვას, პროგრამულ აქტივობებში ჩართულობასა და დისციპლინის დაცვას ბანაკის ტერიტორიაზე უზრუნველყოფენ ლიდერები.

მონაწილეთა თითოეულ 24-კაციან ჯგუფზე პასუხისმგებელია განსხვავებული სქესის ორი ლიდერი. ლიდერები შერჩეული არიან ორეტაპიანი ღია კონკურსის საფუძველზე. ლიდერებთან ფორმდება ასევე შრომითი ხელშეკრულებაც. ყოველი ნაკადის დასრულებისას ლიდერების კოორდინატორი ახორციელებს ლიდერების შეფასებას სპეციალურად შემუშავებული ფორმის საფუძველზე.

banner
წინა სტატიაშიbiletebi.ge ხარვეზებით მუშაობს – ფეხბურთის ფედერაცია სამართალდამცავ ორგანოებს რეაგირებისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიაზესტაფონის დასუფთავების სერვისცენტრის უფროსი და თანამშრომლები ფულის გაფლანგვის ფაქტზე დააკავეს