ამირან გიგუაშვილი: “იმედის” მაყურებელი იმსახურებს იმას, რომ იცოდეს სიმართლე, თუ რა მოხდა სინამდვილეში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორის, ადვოკატ ამირან გიგუაშვილის განცხადებით, ტელეკომპანია “იმედის” ხელმძღვანელობა ვალდებულია საზოგადოებას მეტი ინფორმაცია მიაწოდოს, თუ სინამდვილეში რამ გამოიწვია სატელევიზიო სეზონის გახსნის წინ ორი ყველაზე რეიტინგული პოლიტიკური “თოქ შოუს” დახურვა და საერთოდ პოლიტიკურ გადაცემებზე უარის თქმა.
“სატელევიზიო სეზონის გახსნის წინ ასეთი გადაწყვეტილების მიღება ძალიან საეჭვოდ გამოიყურება. მიამიტობა იქნება დავიჯეროთ, რომ ამის მიზეზია 2016 წლიდან თვისობრივად ახალი ფორმატის პოლიტიკური გადაცემების მომზადება, როგორც ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ მშრალ განცხადებაშია ნათქვამი. თუ ასეთი მნიშვნელოვანი გეგმები ჰქონდათ სარედაქციო პოლიტიკაში, მაშინ ამის შესახებ მინიმუმ თავად დახურული გადაცემების ჟურნალისტებს და პროდიუსერებს უნდა სცოდნოდათ. სოციალურ ქსელებში გავრცელდა გადაცემის პრომო, რომელიც სულ რამდენიმე დღეში უნდა გასულიყო ეთერში და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აშკარად სპონტანურად მიღებულ გადაწყვეტილებასთან გვაქვს საქმე”,- აცხადებს გიგუაშვილი.
მისივე განცხადებით, ერთგვარ მავნე პრაქტიკად იქცა ტელევიზიებში ჟურნალისტებთან დროებითი შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება, რის გამოც ჟურნალისტებს არ აქვთ მყარი სამუშაო გარანტიები.
გიგუაშვილის განმარტებით, ამ პროცესში შეინიშნება ჟურნალისტების, როგორც დასაქმებულების შრომითი უფლებების დარღვევის ნიშნები, ვინაიდან დამსაქმებელი ორგანიზაცია მოვალეა დასაქმებულს მინიმუმ ოცდაათი კალენდარული დღით ადრე შეატყობინოს შრომითი ურთიერთობების შეწყვეტის შესახებ და ისიც კანონით მკაცრად გაწერილ შემთხვევებში, თუმცა ხშირად ყველას ავიწყდება, რომ ჟურნალისტები ჩვეულებრივი ადამიანები არიან და მათ უფლებებს ისეთივე დაცვა ჭირდებათ, როგორც დანარჩენი დასაქმებულებების უფლებებს.
“გარდა ამისა ამ პროცესებში ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ არ დაზარალდეს საზოგადოებრივი ინტერესები, ვინაიდან ტელეკომპანია იმედს, როგორც ქვეყნის ერთ-ერთ წამყვან მაუწყებელს ამ მიმართულებით განსაკუთრებული სოციალური პასუხისმგებლობა ეკისრება.
ტელევიზია არ არის ჯიხური, რომელსაც როცა გინდა გააღებ სარგებლის მისაღებად და როცა გინდა დახურავ, ასევე სარგებლის მისაღებად. ისეთ უფერულ და ნაკლები არჩევანის მქონე სატელევიზიო სივრცეში, როგორიც ზოგადად ჩვენ გვაქვს, სადაც თითქმის ყველა ტელევიზია აშკარად თუ ფარულად რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური ძალის ინტერესებს გამოხატავს, თითოეულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თოქ შოუს აქვს უდიდესი მნიშვნელობა პლურალიზმისა და დემოკრატიული პროცესების განვითარებისათვის, საერთოდ ადამიანის უფლებების დაცვისათვის. ტელეკომპანია იმედი არ ეკუთვნის მხოლოდ მის რეგისტრირებულ მფლობელებს. ეს ტელევიზია, როგორც ერთ-ერთი რეიტინგული არხი ეკუთვნის მთელ საზოგადოებას და ამიტომ აუცილებელია გაკეთდეს დასაბუთებული განმარტებები, რათა გამოირიცხოს ყოველგვარი სპეკულაციები პოლიტიკური ზეწოლის და სხვა რაიმე პირადი ინტერესების ან დაპირისპირების შესახებ. იმედის მაყურებელი იმსახურებს იმას, რომ იცოდეს სიმართლე, თუ რა მოხდა სინამდვილეში”-აცხადებს ამირან გიგუაშვილი.

banner
წინა სტატიაშილევან გვაზავას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა
შემდეგი სტატია“თავისუფალი დემოკრატები”: სიტყვის თავისუფლების მხრივ დღეს უფრო მძიმე ვითარება იქმნება, ვიდრე 2007 წელს