ამერიკის ელჩი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს შეხვდა

იან კელი

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, არჩილ ხაბაძეს შეხვდა. ბათუმში გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარებაზე, აჭარის საინვესტიციო გარემოსა და ტურისტულ პოტენციალზე ისაუბრეს.
როგორც შეხვედრის შემდეგ იან კელიმ აღნიშნა, აჭარას აქვს შესანიშნავი პოტენციალი ინვესტიციების განხორციელების თვალსაზრისით.
“ძალიან კარგი შეხვედრა შედგა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან. მან ისაუბრა იმ უპირატესობებზე, რომელიც აქვს აჭარის რეგიონს ეკონომიკური განვითარების, კულტურული და ტურისტული თვალსაზრისით, ასევე, რეგიონში არსებული პოტენციალის გამოყენებასთან დაკავშირებით. მას სრულად ვეთანხმები და ვთვლი, რომ აჭარას აქვს ნამდვილად შესანიშნავი პოტენციალი, რაც კარგ შესაძლებლობებს იძლევა ინვესტიციების განსახორციელებლად. ველოდები შემდგომ თანამშრომლობას აჭარის მთავრობასთან”, – აღნიშნა იან კელიმ.
არჩილ ხაბაის თქმით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ელჩს გააცნო რეგიონის მოწყობა და საინვესტიციო მიმართულებები:
“ეს იყო გაცნობითი ხასიათის შეხვედრა. ელჩს გავაცანით დღევანდელი მდგომარეობა, რეგიონის შესახებ მივაწოდეთ ინფორმაცია. ბატონი იანი დაინტერესდა ჩვენი მოწყობით, პოლიტიკური სიტუაციით თუ რა ხდება რეგიონში, ასევე, საინვესტიციო მიმართულებით. საინტერესო შეხვედრა იყო, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენ თანამშრომლობას”, – აღნიშნა არჩილ ხაბაძემ.
ამერიკის ელჩს დღეს დაგეგმილი აქვს შეხვედრები ბათუმის მერიაში. იან კელი აჭარაში ელჩის რანგში პირველად იმყოფება.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ პირი, რომელმაც საგარეჯოში პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა, ადგილზე დააკავა
შემდეგი სტატია,,ჩვენი გუნდი მიიღებს გადაწყვეტილებას, რამდენად ღირს პრეზიდენტთან კონსულტაციებში მონაწილეობის მიღება”