ამანათი პანკისიდან სირიაში – 17 წლის გოგონას პანკისელ მებრძოლს საცოლედ უგზავნიან [Video]

ამანათი პანკისიდან სირიაში – 17 წლის გოგონას პანკისელ მებრძოლს საცოლედ უგზავნიან [Video]

ამანათი პანკისიდან სირიაში – 17 წლის გოგონას პანკისელ მებრძოლს საცოლედ უგზავნიან [Video]ინციდენტი მოხდა პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში. 17 წლის გოგონას ნათესავები 21 წლის ვახა ტოხოსაშვილის ახლობლებს სახლში მიუვარდნენ. გოგონას ახლობლების განცხადებით, არასრულწლოვანი, რომელიც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა და პანკისში ბიძასთან სტუმრად იმყოფებოდა, მამაკაცებმა წაიყვანეს იმ მიზნით, რომ სირიაში საცოლედ გაუგზავნონ 21 წლის ვახა ტოხოსაშვილს, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა ტერორისტული ორგანიზაციის ერთ–ერთ დაჯგუფებაში იბრძვის.

ინციდენტს კახეთის საინფორმაციო ცენტრის კორესპონდენტი შეესწრო. არასრულწლოვანი გოგონა აცხადებდა, რომ ის ვახა ტოხოსაშვილის მამიდაშვილს ომალოდან ჯოყოლოში ნებით გამოყვა და თანახმაა სირიაში წავიდეს.

გოგონას გათხოვების და სირიაში გაგზავნის წინააღმდეგები არიან მისი ნათესავები. გოგონას დეიდა ამბობს, რომ გუშინ გოგონას ბიძას სირიიდან დაუკავშირდნენ და თავის მოჭრით დაემუქრნენ იმ შემთხვევაში, თუ გოგონას სირიაში გაგზავნაზე უარს იტყოდა. ეს ინფორმაცია კახეთის საინფორმაციო ცენტრს გოგონას ბიძამ დაუდასტურა. მისივე თქმით, ზეწოლა გოგონაზეც განხორციელდა.

პოლიცია დაპირისპირების ადგილზე დაახლოებით 20 წუთის შემდეგ გამოჩნდა. მათ გოგონა ტოხოსაშვილის ნათესავების სახლიდან გამოიყვანეს და დაკითხვაზე დუისის ქვეგანყოფილებაში გადაიყვანეს.

დღესვე პანკისის ხეობაში ჩეჩნეთიდან გოგონას დედაც ჩამოვიდა. მისი თქმით, ის შვილის გათხოვების კატეგორიული წინააღმდეგია, მითუფრო სირიაში. გოგონას დედა ითხოვს, სამართალდამცავებმა დააკავონ ყველა ის პირი, რომელიც პანკისიდან გოგონებს, მათ შორის არასრულწლოვნებს, სირიაში ქისტ მებრძოლებს საცოლედ უგზავნის.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ შს ახმეტის რაიონული სამმართველოს დუისის ქვეგანყოფილებაში დაიწყო წინასაგამოძიებო მოქმედებები შეტყობინების საფუძველზე. „არასრულწლოვანი გოგონა დაიკითხა დედის თანდასწრებით. მან განაცხადა, რომ ნებით გაყვა შ. მუთოშვილის ოჯახში იმ მიზნით რომ მათ ნათესავ ვახა ტოხოსაშვილზე გათხოვდეს, რომელიც ამ დროისთვის საქართველოს ფარგლებს გარეთ იმყოფება. ძალადობა არ გამოიკვეთა. მოქმედი კანონმდებლობით კი გოგონა მშობლის წერილობითი თანხმობის გარეშე საზღვარს ვერ გადაკვეთს. დედა კი წინააღმდეგია“, – განაცხადეს შსს–ში.

გოგონა ოთხსაათიანი დაკითხვის შემდეგ პოლიციიდან დედასთან ერთად ნათესავის სახლში დააბრუნეს.

შეგახსენებთ, 2015 წლის აპრილის ბოლოს, პანკისის ხეობიდან სირიაში არასრულწლოვანი, 17 წლის გოგონა გაგზავნეს. გოგონა სოფელ ჯოყოლოს საჯარო სკოლის მე–11 კლასის მოსწავლე იყო. დაზუსტებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი გოგონა პანკისელ ბექა ტოხოსაშვილზე გაათხოვეს, რომელიც სირიაში ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ მხარეს იბრძვის. ბექა ტოხოსაშვილი პანკისიდან სირიაში ერთი წლის წინ წავიდა. გოგონამ საქართველოს საზღვარი მშობლების თანხმობით გადაკვეთა, თუმცა წინასწარ იყო ცნობილი, ის სირიაში რა მიზნითაც მიემგზავრებოდა.

პანკისის ხეობიდან სირიაში წასული ახალგაზრდებიდან საბრძოლო მოქმედებებში უკვე 12 პირი დაიღუპა.

2015 წლის 14 ივნისს, შსს კონტრტერორისტულმა ცენტრმა სპეცოპერაციის შედეგად პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოს ყოფილი იმამი, 36 წლის აიუფ ბორჩაშვილი და კიდევ სამი პირი დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ აიუფ ბორჩაშვილი არის სირია-ერაყის ტერიტორიაზე მოქმედი ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენელი საქართველოში. იგი ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანების მიზნით მოქალაქეების გადაბირებას ახდენდა და შემდგომში საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად, სირიაში მათ გამგზავრებას უზრუნველყოფდა. აიუფ ბორჩაშვილს ბრალი ედება სკოლის მოსწავლეების, 16 წლის მუსლიმ კუშტანაშვილის და 18 წლის რამზან ბაღაკაშვილის გადაბირებასა და სირიაში გაგზავნაშიც.

ბორჩაშვილის გარდა დაკავებულები არიან თბილისში მაცხოვრებლები: კომპანია „სილქნეტის“ ყოფილი თანამშრომელი 23 წლის გიორგი ხუტუნიშვილი, 21 წლის გიორგი კუპრავა და 18 წლის დავით ფირისებია. მათ წინააღმდეგ გამოძიება სსკ–ის 328–ე მუხლით მიმდინარეობს. პროკურატურის ინფორმაციით, ისინი აიუფ ბორჩაშვილმა გადაიბირა და „ისლამურ სახელმწიფოში“ გაწევრიანებისთვის, თურქეთის გავლით სირიაში მიემგზავრებოდნენ. ორი მათგანი თბილისის აეროპორტში დააკავეს თურქეთში გამგზავრებამდე, ხოლო მესამე, თბილისში ცალკე აიყვანეს. არცერთი მათგანი წაყენებულ ბრალდებას არ აღიარებს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში აიუფ ბორჩაშვილს ათიდან ჩვიდმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა იმუქრება.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, აიუფ ბორჩაშვილის დაპატიმრების შემდეგ პანკისიდან სირიაში კიდევ რამდენიმე ახალგაზრდა გაგზავნეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისევ გრძელდება მოქალაქეების გადაბირება და სირიაში საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად გაგზავნა. ამ თემაზე კახეთის საინფორმაციო ცენტრი ვრცელ მასალას უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს.

banner
წინა სტატიაშინატო საკმარისად ძლიერი და სტაბილურია იმისთვის, რომ რუსეთისა და ისლამური სახელმწიფოების საშიშროებას ერთდროულად გაუმკლავდეს
შემდეგი სტატიაროგორ გადაარჩინა ამერიკელმა მილიონერმა ათასობით ლტოლვილი… (VIDEO)