აკაკი მინაშვილი – ზაზა აბაშიძის დანიშვნა რუსული ინტერსების გაძლიერებას ემსახურება

“ნაციონალური მოძრაობის” განცხადებით, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორად ზაზა აბაშიძის დანიშვნა რუსული ინტერესების გაძლიერებას ემსახურება.
როგორც დეპუტატმა აკაკი მინაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რუსული გავლენებისა და ინტერესების ზრდას საქართველოში სწორედ ხელისუფლება უწყობს ხელს და ამის მაგალითია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორად ზაზა აბაშიძის დანიშვნა, რომელიც, თავის მხრივ, არის რუსულ-ქართული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორი. მინაშვილი ხაზს უსვამს, რომ აღნიშნული საზოგადოებრივი ცენტრი შექმნილია რუსული, გორჩაკოვის ფონდის მიერ, რომლის სამეთვალყურეო საბჭოს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ხელმძღვანელობს, ხოლო მის შემადგენლობაში შედიან ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ივანოვი, კონსტანტინე კოსაჩოვი და სხვანი.
“ყველა ის ადამიანი არის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი საქართველოს დანაწევრების, დაქუცმაცებისა და რუსულ ორბიტაზე მოქცევისა. ასეთი ცენტრის დირექტორი ზაზა აბაშიძე, ბუნებრივია, მისი მენტალობით, მიდგომებით მოსაზრებებით, სრულიად იზიარებს იმ რუსულ პოლიტიკას, რომელიც მიმართულია საქართველოს დანაწევრებისა და რუსეთის გავლენის ორბიტაზე დაბრუნებისკენ. ეს ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ყველაფერს აკეთებს, რომ რაც შეიძლება ფართოდ გავრცელდეს რუსული გავლენა საქართველოზე. ამ ფონდის მიზანი არის ე.წ. რბილი ძალა და ამ რბილი ძალის მთავარი ფოკუსი არის ის, რომ ქართულ საზოგადოებაში გაავრცელონ აზრი, თითქოს საქართველო ევროპულ ოჯახში ვერ იარსებებს, მისი ერთადერთი ნავსაყუდელი არის რუსეთის ფედერაცია, ხოლო აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოს ნაწილი არ არიან”, – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.
მისივე თქმით, ასეთი ტიპის მიდგომებს საქართველოში გასაქანი არ აქვს და ეს დროებითი მოვლენა მალე დასრულდება, ისევე როგორც მოქმედი ხელისუფლება.

banner
წინა სტატიაშიშეხვედრების ციკლი „მინისტრი ესაუბრება ახალგაზრდებს“ ხარაგაულში დაიწყო
შემდეგი სტატია“მასობრივი შეკრებების და მანიფესტაციებისას პოლიცია დგას მანიფესტანტებს მხარეს,” – ზაქარია ქუცნაშვილი