ადვოკატის თქმით, გია სოსანაშვილი ადასტურებს, რომ საფრანგეთში სატელეფონო კონტაქტი მეგობრებთან ჰქონდა

იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებული გია სოსანაშვილი ადასტურებს, რომ საფრანგეთში სატელეფონო კონტაქტი მეგობრებთან ჰქონდა , – ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, სოსო ჯოგლიძემ ჟურნალისტებს საქალაქო სასამართლოში ვაზაგაშვილის საქმეზე სასამართლო სხდომის გადადების შემდეგ განუცხადა. კერძოდ, საუბარია ზაზა სიმონიშვილსა და გივი სილაგაძეზე.
როგორც ადვოკატმა აღნიშნა, იგი ესაუბრა ამ თემაზე საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფს, რომელიც ადასტურებს, რომ საფრანგეთში იგი მეგობრებს ესაუბრა. თუმცა ამასთან, ბრალდებული ადვოკატთან საუბრისას გამოეხმაურა პროკურატურის ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, სატელეფონო საუბრების საფუძველზე საფრანგეთსა და ამერიკაში მიმდინარეობს ძიება იმ პირთა მიმართ, რომელსაც ბრალდებული ესაუბრა იური ვაზაგაშვილის აფეთქების წინა პერიოდში.
“გია სოსანაშვილმა განაცხადა, რომ ტელეფონი საკუთარი ნებით მიაწოდა გამოძიებას და უარი არ უთქვამს გამოკვლევაზე. პროკურატურისთვის ნაჩვენებია ის სახელები და გვარები, ვისაც სოსანაშვილი საფრანგეთში ესაუბრა. ესენი არიან მისი მეგობრები და გია სოსანაშვილი მიიჩნევს, რომ აბსურდულია მის მეგობრებში დამნაშავის ძიება და ეს პროკურატურამაც კარგად იცის”, – განაცხადა სოსო ჯოგლიძემ.
ჟურნალისტების შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა ეს პირები ვაზაგაშვილის მკვლელობის პერიოდში საქართველოში ყოფილიყვნენ და შემდეგ კვლავ დაბრუნებულიყვნენ საფრანგეთში, სოსანაშვილმა აღნიშნა, რომ ეს პროკურატურამ უნდა გაარკვიოს.
სოსანაშვილის წინააღმდეგ საქმის პროკურორის, ლაშა ცქვიტარიას ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს საფრანგეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში იური ვაზაგაშვილის მკვლელობის თანამონაწილე პირის დასადგენად.

banner
წინა სტატიაშივეტერან ფეხბურთელთა გადაწყვეტილებას სპორტის მინისტრი გამოეხმაურა
შემდეგი სტატია,,თავისუფალი დემოკრატები“ არასაპარლამენტო ოპოზიციის ბოკოტს უერთდებიან