ადამიანის უფლებათა კომიტეტმა ჰუმანიტარულ-სოციალური აქცია – “წიგნი – გისოსებს მიღმა” დაიწყო

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა ჰუმანიტარულ-სოციალური აქცია – “წიგნი – გისოსებს მიღმა” დაიწყო.
როგორც “თაიმერს” საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, აღნიშნული აქციის წამოწყების საფუძველი სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებიდან პატიმრის მიერ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის სახელზე შესული განცხადება გახდა, რომელიც საპყრობილის ბიბლიოთეკის განახლებას ითხოვდა.
“ჩვენი მხრიდან ეს თხოვნა არ დარჩა უყურადღებოდ და კომიტეტის წევრებმა ერთად ვიზრუნეთ, სასჯელის მოხდის დაწესებულებების ბიბლიოთეკების განახლებაზე. იმედს ვიტოვებთ, რომ საქველმოქმედო აქციაში ბევრი ადამიანი ჩაერთვება რადგან სიკეთე გადამდებია”, – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის, თავმჯდომარე და წევრები მოუწოდებენ ყველას, ვისაც სჯერა, რომ გისოსებს მიღმა მყოფი ადამიანებისათვის თანადგომას დიდი მნიშვნელობა აქვს, დაეხმარონ მსჯავრდებულებს, სასჯელის მოხდის შემდეგ გახდნენ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები. “ამ მიზნის მისაღწევად კი წიგნი ერთ-ერთი გამაერთიანებელია. ერთად შევაგროვოთ, თავისუფლებააღკვეთილი მოქალაქეებისათვის წიგნები. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი გამოწვევას სხვადასხვა სამინისტროს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს უგზავნის”, – ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
აღნიშნული აქცია დღეიდან აღდგომის დღესასწაულამდე გასტანს. “წიგნები შეგროვდება საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, ასევე პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან არსებული, სამეცნიერო საკონსულტაციო საბჭოს წევრ არასამთავრობო ორგანიზაციებში. აქციაში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ნომრებზე: +995 577 45 34 34 , +995 599 95 09 15 და +995 322 28 16 88”, – ნათქვამია პრესრელიზში.

banner
წინა სტატიაშისკანდალური ჩანაწერი – ოქრუაშვილი-ხაბურძანია – იარაღიც მაყიდინეს, მანქანებიც მაყიდინეს, ამდენი ხალხი აქ მიყრია
შემდეგი სტატიაგულიკო ზუმბაძე გაერო-ს ეკონომიკური კომისიის მიერ ორგანიზებულ კვირეულში მიიღებს მონაწილეობას