აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენის საკითხსაც განიხილავენ

ზურაბ აბაშიძე განმარტებას აკეთებს

პრაღაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის შეხვედრა დაიწყო. ამის შესახებ ტელეკომპანია “იმედი” იუწყება.
მათივე ინფორმაციით, გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენის საკითხსაც განიხილავენ, თუმცა არა დეტალურად, რადგან ეს საკითხი აფხაზური მხარის მონაწილეობით უნდა იქნას განხილული.
პრაღაში დღევანდელი შეხვედრა ოთხთვიანი პაუზის შემდეგ იმართება.
როგორც აბაშიძემ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, შეხვედრის მთავარი თემა 2011 წელს რუსეთსა და საქართველოს შორის გაფორმებული ხელშეკრულებაა, რომლის იმპლემენტაცია, რაც შეიძლება უნდა დაჩქარდეს.
“თუ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ წავიდეთ ამ გზით, თუ რუსეთის მხრიდანაც იქნება სურვილი და მონდომება, მოვახერხებთ, რომ ახლო მომავალში დაიწყოს ამ ხელშეკრულების რეალიზაცია. ჩვენს ინტერესებშია, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს საორგანიზაციო საკითხების მოგვარება, რათა ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები შვეიცარიაში შეხვდნენ, გააფორმონ კონტაქტები შვეიცარიულ კომპანიასთან, შეიქმნას ერთობლივი კომიტეტი და შემდგომ დაიწყოს ამ ხელშეკრულებამ მუშაობა. ამ საორგანიზაციო დეტალებზე, იმედი მაქვს, პრაღაში შევთანხმდებით”, – აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.
კითხვაზე, თუ რატომ გადმოინაცვლა აღნიშნული საკითხის განხილვამ რუსეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლებს შორის შვეიცარიის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებებიდან აბაშიძე-კარასინის დიალოგის ფორმატში, პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი პასუხობს, რომ “შვეიცარიელები დეტალურად არიან ინფორმირებულები და მხარს უჭერენ ასეთ მიდგომას”.

banner
წინა სტატიაშინინო გვენეტაძე მოწმეთა სასამართლოს წინაშე დაკითხვის წესის ამოქმედებას მხარს უჭერს
შემდეგი სტატია,,ახალი აბრეშუმის რკინიგზა,, საქართველოს გავლით – უკვე რეალობაა