შსს-ს თანამშრომლებს სამსახურში ძილი, შეუფერებლად ჩაცმა და სხეულზე გამოსაჩენ ადგილას ტატუირების გაკეთება ეკრძალებათ

news
: news იანვარი 9, 2015 10:43

შსს-ს თანამშრომლებს სამსახურში ძილი, შეუფერებლად ჩაცმა და სხეულზე გამოსაჩენ ადგილას ტატუირების გაკეთება ეკრძალებათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს სამსახურში ძილი, შეუფერებელი ჩაცმულობით გამოცხადება და სხეულზე გამოსაჩენ ადგილას ტატუირების გაკეთება ეკრძალებათ.

შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის ბრძანებით, ცვლილება შევიდა “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების დამტკიცების თაობაზე” შს მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის ბრძანებაში. კერძოდ, დამტკიცებულ წესდებას დაემატა შესაბამისი დანართი, რომლითაც შრომის დისციპლინის დარღვევების ნუსხა განისაზღვრა.

წესდების დანართის შრომის დისციპლინის დარღვევაა სამსახურში ალკოჰოლური სასმელების მიღება ან ნასვამ მდგომარეობაში გამოცხადება; შრომის შინაგანაწესის დარღვევა; სახელმწიფო ქონების არასამსახურებრივი მიზნით გამოყენება; სამუშაო პერიოდში მოსამსახურის მიერ სამსახურში სამუშაო გარემოსთან შეუფერებელი ჩაცმულობით და იერსახით გამოცხადება; სხეულზე ტატუირების გაკეთება გამოსაჩენ ადგილას; სამსახურში დაგვიანება 15 წუთზე მეტი დროით; სამსახურში არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 5 დღეზე ნაკლები ვადით გაცდენა;

ხელმძღვანელთან შეთანხმების გარეშე სამსახურის, სამოქმედო ტერიტორიის ან საგუშაგოს თვითნებურად, დროზე ადრე მიტოვება; არასაპატიო მიზეზით სამუშაო შეხვედრაზე დაგვიანება ან არგამოცხადება; თამბაქოს მოწევა აკრძალულ ადგილზე; სამუშაო საათებში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ძილი; სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამსახურებრივი პირადობის მოწმობის ან ჟეტონის არქონა; სამოქალაქო ტანსაცმელში ცეცხლსასროლი იარაღის გამოსაჩენად ტარება; არასწორად შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი; შემთხვევის ადგილზე დაგვიანებით მისვლა ობიექტური მიზეზების გარდა; აუცილებლობის გარეშე ხმოვანი სიგნალისა (სირენა) და ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოს (მეგაფონი) გამოყენება; სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საყოფაცხოვრებო ნარჩენებით გარემოსა და ზღვის დაბინძურება; შს სამინისტროს მოსამსახურის მიერ მასზე მიმაგრებული სამსახურებრივი ავტომანქანის სხვა პირისთვის სამართავად გადაცემა თუ ამავე ავტომანქანაში არ იმყოფება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურე; სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს “ბეიჯის” ტარების ვალდებულების დარღვევა იმ პირის მიერ, რომელსაც სამსახურებრივად ევალება მისი ტარება.
რაც შეეხება საპატრულო პოლიციას, მათ ეკრძალებათ საპატრულო მანქანიდან მოქალაქესთან საუბარი, დადგენილი მარშრუტიდან თვითნებური გადახვევა, თუ ეს სამსახურებრივი აუცილებლობით არ არის გამოწვეული, საგზაო მოძრაობის მონაწილისადმი მიმართვა მხედრული სალმის გარეშე მარეგულირებლის მიერ და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამსახურებრივ ავტომანქანაში უცხო პირთა ჩასმა, გარდა სამსახურებრივი აუცილებლობისა.

ასევე, აკრძალულია, დროებითი მოთავსების იზოლატორის მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას სამკერდე ნიშნის გამოსაჩენ ადგილას ტარების ვალდებულების შეუსრულებლობა, იზოლატორში პირის განთავსებისთანავე მისთვის იზოლატორის შინაგანაწესის განმარტების ვალდებულების შეუსრულებლობა, იზოლატორში მყოფი პირებისათვის ბეჭდური მასალებისა და საწერი საშუალებების გამოყენების ხელშეწყობის ვალდებულების შეუსრულებლობა და საგუშაგოზე ტელეფონის შეტანა.

news
: news იანვარი 9, 2015 10:43

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,940
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics