შსს: სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში პოზიტიურად აისახა ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით აშშ-სთან თანამშრომლობა

news
ავტ.: news ივნისი 20, 2015 13:16

შსს: სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში პოზიტიურად აისახა ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით აშშ-სთან თანამშრომლობა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორიზმის შესახებ 2014 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოში ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით განხორციელებული ღონისძიებებზეა საუბარი.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
შსს-ს ცნობით, ანგარიშში პოზიტიურად აისახა ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით საქართველოს მიერ ამერიკის შეერთებულ შტატებთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელება, საქართველოს პრემიერ–მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან ე. წ. “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ მებრძოლი გლობალური კოალიციის ურყევი მხარდაჭერა, ე. წ. “უცხოელი ტერორისტი მებრძოლების” ფენომენთან დაკავშირებით, საქართველოს კანონმდებლობის სრულყოფისკენ გადადგმული ნაბიჯები, თურქეთთან სახელმწიფო საზღვარზე დოკუმენტების უსაფრთხოების ზომების გაძლიერება, ტერორისტული დანაშაულების კრიმინალიზაციის გაფართოება და დახვეწა, ექსტრემალური სიტუაციების მართვის ოპერატიული შტაბის შექმნა, ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებზე უწყებათაშორისი კოორდინაციის გაუმჯობესება, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედების მიზნით სასაზღვრო უსაფრთხოების გაძლიერებისკენ გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის ბიომეტრიული პასპორტების გაცემა, გაეროს მიერ ტერორისტების წინააღმდეგ დაწესებული სანქციების იმპლემენტაცია და სანაპირო დაცვის გაძლიერება.
შსს-ს ცნობით, ამერიკის მხარე მიესალმება 2014 წლის მარტში საქართველოს მთავრობის მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დამტკიცებას.
ანგარიშში ამერიკის მხარე აგრეთვე ხაზგასმით აღნიშნავს რეგიონალური და ორმხრივი საერთაშორისო თანამშრომლობის ფორმატებში საქართველოს მონაწილეობას და კონტრტერორიზმის საკითხებში თანამშრომლობის გაფართოებასა და გაძლიერებას.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ანგარიშში დადებითად შეფასდა რადიკალიზაციისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის
პრევენციის მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ზომები.

news
ავტ.: news ივნისი 20, 2015 13:16