,,შოტლანდიელი და ახალ ზელანდიელი ნატრულობენ ამგვარ ბაზებს თავიანთ ქვეყნებში”

news
ავტ.: news სექტემბერი 4, 2015 20:13 განახლებულია

,,შოტლანდიელი და ახალ ზელანდიელი ნატრულობენ ამგვარ ბაზებს თავიანთ ქვეყნებში”

ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, რაგბის განვითარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დიდ დიღომში ევროპული სტანდარტების მქონე „ლელო სარასენსის“ სარაგბო ბაზა გაიხსნა.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 1 750 მაყურებელზე გათვლილი ბაზა დაათვალიერა და ახალგაზრდული ნაკრების წევრებს გაესაუბრა.
“ერთ–ერთი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი, რის გამოც ჩვენმა ქვეყანამ მიიღო 2017 წლის ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის მანდატი, არის ის, რომ ასეთი ბაზები აქვს ჩვენს რაგბს და ამაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ბიძინა ივანიშვილს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა „ლელო სარასენსის“ სარაგბო ბაზაზე სტუმრობისას.
პრემიერმა რაგბის განვითარებაში ფონდ „ქართუს“ მიერ შეტანილ წვლილზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილის ინიციტივითა და ფინანსური მხარდაჭერით, ქართულ რაგბს დიდი მიღწევები აქვს, ხოლო ქვეყანას –უნიკალური სარაგბო ბაზები.
„თქვენ ნახეთ როგორი გახარებულები არიან ჩვენი მორაგბეები. ეს ბაზა არის სრულად დაფინანსებული ბიძინა ივანიშვილის მიერ. მან ჯერ კიდევ 2009 წელს დაიწყო რაგბის განვითარების პროგრამა, რომლის ფარგლებში უკვე აშენებულია 7 ბაზა. „ლელო სარასენსის“ ბაზის მოსაწყობად დახარჯულია 6 მილიონ ლარამდე. ჯამში, ბიძინა ივანიშვილის მიერ დახარჯულია 55 მილიონი ლარი. საქართველოს დღეს აქვს აბსოლუტურად თანამედროვე ბაზები, რომლის მსგავსი ევროპაშიც არ არის. განცვიფრებულნი არიან ჩვენი შოტლანდიელი და ახალ ზელანდიელი მწვრთნელები და პარტნიორები. ისინი ნატრულობენ ამგვარ ბაზებს თავიანთ ქვეყნებში. შედეგი სახეზეა და მთელი გუნდი მოტივირებულია, რომ ჩვენმა მორაგბეებმა ბევრი გამარჯვება მოიპოვონ და გვასახელონ,“ – განაცხადა პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისივე ინფორმაციით, საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, ბოლო პერიოდში საქართველოში 3 სარაგბო ბაზა მოეწყო: „ლელო სარასენსი“ თბილისში, „პარკი არენა“ ფოთში და ყველაზე დიდი კომპლექსი „აია არენა“ ქუთაისში. დიღმის სარაგბო ბაზის, „ლელო სარასენსის“ მშენებლობაზე 5 640 000 ლარი დაიხარჯა, ფოთში „პარკი არენას“ მშენებლობაზე 7 380 000, ხოლო საქართველოში ყველაზე დიდი კომპლექსის-ქუთაისის „აია არენაზე“ 11 460 000 ლარი.
„ლელო სარასენსის“ ტერიტორია მოიცავს 2 ჰექტარს. ბუნებრივსაფარიანი მოედანი 1 750 მაყურებელზეა გათვლილი, ხოლო მეორე, ხელოვნურსაფარიანი სტადიონი სპორტსმენების სავარჯიშოდაა მოწყობილი. კომპლექსი აღჭურვილია საკონფერენციო, სატრენაჟორო და მოსასვენებელი ოთახებით, VIP, PRESS და მატჩის კომისრის ლოჟებით, ექიმისა და დოპინგ-კონტროლის კაბინეტებით.
2017 წელს საქართველო ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია კიდევ 3 ბაზის მშენებლობა გუნდების სავარჯიშოდ.
news
ავტ.: news სექტემბერი 4, 2015 20:13 განახლებულია

Google სტატისტიკა


3,436
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics