შემოსავლების სამსახური ყაზბეგში, სატვირთო მანქანების რიგებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

news
ავტ.: news სექტემბერი 1, 2015 18:17

შემოსავლების სამსახური ყაზბეგში, სატვირთო მანქანების რიგებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

ყაზბეგის რაიონში, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვები პუნქტის, “ყაზბეგის”, მიმდებარე ტერიტორიაზე სატვირთო მანქანების რიგებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტებას აკეთებს.
როგორც შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, რუსეთის ფედარაციის საბაჟო-სასაზღვრო პუნქტი დღის განმავლობაში (დღეის მდგომარეობით) ატარებს მაქსიმუმ 250 სატვირთო ავტომანქანას.
“იგულისხმება შემოსვლაც და გასვლაც. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საბაჟო გამშვები პუნქტი “ყაზბეგი” ამ ეტაპზე მზადაა გაატაროს მინიმუმ ორჯერ მეტი, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში პუნქტს საგანგებო რეჟიმით უწევს მუშაობა – საბაჟო გამშვებ პუნქტზე მოძრაობა 20.30-დან 06.00 საათამდე შეზღუდულია, რაც მყინვარ დევდორაკის ენის მახლობლად მეტეოსაგუშაგოდან უწყვეტი მონიტორინგის შედეგად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მოსალოდნელ საფრთხეს უკავშირდება. აქედან გამომდინარე, როდესაც ავტომანქანების რაოდენობა აღემატება მეზობელი მხარის მიერ მათი გატარების შესაძლებლობებს, ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, წარმოიქმნება რიგები. ამას დაადასტურებენ ამ რიგებში მდგომი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებიც.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ზაფხულის პერიოდში, 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მნიშვნელოვნადაა გაზრდილი საზღვრის კვეთა ამ მიმართულებით. კერძოდ, ფიზიკური პირების მიერ საზღვრის კვეთა გაზრდილია დაახლოებით 56%-ით, მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების – დაახლოებით 39%-ით, სამგზავრო ავტობუსებისა – დაახლოებით 72%-ით, ხოლო სატვირთო ავტომანქანების მოძრაობა გაზრდილია დაახლოებით 19%-ით.
შემოსავლების სამსახური არწმუნებს საზოგადოებას, რომ სამსახურის ყველა რგოლი გამართულად და შეუფერხებლად მუშაობს და ყაზბეგში ვითარებასთან დაკავშირებით შექმნილი აჟიოტაჟი სრულიად მოკლებულია რეალურ საფუძველს”, -ნათქვამია უწყების განცხადებაში.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, კობა სუბელიანმა დღეს განაცხადა, რომ ყაზბეგის რაიონში, უკვე რამდენიმე დღეა ასობით სატვირთო ავტომობილი გაჩერებული. მისი თქმით, მათ ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე გადაადგილება შეზღუდული აქვთ, თუმცა მიზეზები ამ დრომდე უცნობია.
“ყაზბეგის რაიონში უკვე რამდენიმე დღეს ასეულობით სატვირთო გაურკვეველი მიზეზით გაჩერებულია. თითოეული დაკარგული დღე, საათი ჩვენი ეკონომიკის შეფერხებას უდრის. მერე კიდევ გვიკვირს, რატომ უფასურდება ჩვენი ეროვნული ვალუტა. ესაა შეფერხებული ეკონომიკის ერთი პატარა ნაწილი. თითქოს უმნიშვნელო, მაგრამ ამაზეა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა დამოკიდებული.
მოვუწოდებ პრემიერ-მინისტრს პირადად მივიდეს ლარსის საბაჟო პუნქტზე და გაარკვიოს რასთან გვაქვს საქმე. ეს არაა ერთი და ორი მანქანაა, აქ საუბარია ასეულობით მანქანაზე და რაც მთავარია არავინ იცის ამ შეფერხების მიზეზი.
ჩვენ დროს ასეთი რამ უბრალოდ წარმოუდგენელი იყო, ეს სისტემა აწყობილი დავტოვეთ და სახეზე გვაქვს სისტემის ნგრევა”, – განაცხადა კობა სუბელიანმა.

news
ავტ.: news სექტემბერი 1, 2015 18:17

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,376
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics