შაბათს, 28 თებერვალს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge თებერვალი 26, 2015 19:02

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, თინა ხიდაშელის შეფასებით, ბოლო სამი თვის განმავლობაში ლარის კურსის გაუფასურებასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე მიზანმიმართულად და გეგმაზომიერად მოქმედებდა, რათა პანიკა ყოფილიყო სისტემური და მოსახლეობის დასამშვიდებლად არაფერი გაკეთებულიყო. თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა ნაბიჯები პანიკის გასაღრმავებლად გადადგა. "ამ შემთხვევაში, როგორც მომხმარებელმა და მოქალაქემ, შემიძლია ვთქვა, რომ ნებისმიერ ქვეყანაში კურსის ასეთ მასშტაბურ რყევაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის პანიკა. ეროვნულმა ბანკმა დიდი როლი ითამაშა პანიკის შექმნაში. ჯერ ერთი იმიტომ, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დადუმებული იყო და მისგან ერთი ოპტიმისტური განცხადება არ მოგვისმენია. არადა, იმისათვის, რომ პანიკა არ შეიქმნას, საჭიროა დამაჯერებელი განცხადებები და ქმედებები, შესაბამისი რეგულატორის მხრიდან. იმის ნაცვლად, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პანიკას ებრძოდეს, ის გუშინ გამოვიდა და პანიკის დათესვაში ახალი ფურცელი გადაშალა, როცა თქვა, რომ ქვეყანაში იმპორტი შემცირდება. აღნიშნული საკითხი მას საერთოდ არ ეკითხება და ვურჩევდი, მიხედოს იმ მოვალეობას და ვალდებულებას, რაც ეკისრება. გარდა ამისა, როცა ბაზარზე დეფიციტია, მნიშვნელოვანი ფაქტორია, თუ რა ფორმით პასუხობ დეფიციტს და რამდენად ადეკვატური ხარ პასუხში. ვფიქრობ, ეროვნული ბანკი აქაც არაადეკვატური იყო", - აცხადებს თინა ხიდაშელი.შაბათს, 28 თებერვალს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება. ხვალ კი, ჩატარდება პარლამენტის ბიუროს სხდომა, სადაც რიგგარეშე სხდომის ჩატარების დრო დაზუსტდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა თინა ხიდაშელმა განუცხადა, რომელიც უმრავლესობის სხვა წევრებთან ერთად პარლამენტის პირველ ვიცესპიკერთან, მანანა კობახიძესთან გამართულ კონსულტაციებში მონაწილეობდა.
ხიდაშელის შეფასებით, შაბათის რიგგარეშე სხდომა აბსურდი და ცირკი იქნება, მაგრამ მისივე თქმით, სხდომა გაიმართება, რადგან პატივს სცემენ კონსტიტუციისა და კანონის მოთხოვნას.
“რიგგარეშე სხდომის გამართვის საკითხი გადაწყვეტილების მიღებას არ ექვემდებარება, რადგან ჩვენ კონსტიტუცია პირდაპირ გვავალდებულებს, რომ პარლამენტი 48 საათის განმავლობაში უნდა შეიკრიბოს. ხვალისთვის შეკრება ძალიან რთული იქნება, ამიტომ გადაწყდა, რომ სხდომა შაბათს ჩატარდება”, – აღნიშნა თინა ხიდაშელმა.
კითხვაზე, აღნიშნულ სხდომაზე მიწვეული იქნებიან თუ არა მთავრობის წარმომადგენლები, როგორც ეს “ნაციონალურმა მოძრაობამ” მოითხოვა, ხიდაშელმა განმარტა, რომ მათ წერილობით მოთხოვნაში არის მხოლოდ ერთი საკითხი – შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობის და ლარის კრიზისის განხილვა. ხიდაშელის თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” წერილობით მოთხოვნაში მთავრობის მოწვევის საკითხს არ სვამს, ხოლო კანონის თანახმად, რიგგარეშე სხდომა წინასწარ განსაზღვრული დღის წესრიგით უნდა იყოს მოწვეული.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge თებერვალი 26, 2015 19:02

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


11,337
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics