ყველა ახლად დანიშნული ნოტარიუსი პირველ სამ წელიწადს რეგიონში იმუშავებს

news
ავტ.: news სექტემბერი 14, 2015 16:42

ყველა ახლად დანიშნული ნოტარიუსი პირველ სამ წელიწადს რეგიონში იმუშავებს

ყველა ახლად დანიშნული ნოტარიუსი პირველ სამ წელიწადს რეგიონში იმუშავებს, – შესაბამისი ცვლილება “ნოტარიატის შესახებ” კანონსა და “საგადასახადო კოდექსში” შედის.
იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც სანოტარო მომსახურების ხელმისაწვდომობას ითვალისწინებს მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა.
“მთავრობამ დაამტკიცა ჩვენი ინიციატივა იმასთან დაკავშირებით, რომ შევიდეს ცვლილება ნოტარიატის შესახებ კანონში და საქართველოში ყველა ახლად დანიშნულმა ნოტარიუსმა პირველი სამი წელი სავალდებულო წესით თავისი საქმიანობა განახორციელოს ან მთის რაიონში ან იქ, სადაც არ არის ნოტარიუსი, მაგალითად ვანში, წყალტუბოში ან ა.შ. ასევე რაიონში სადაც არ არის სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი. იმ ზეპირმა შეთანხმებებმა, რაც მე მქონდა ახალგაზრდა ნოტარიუსებთან, რომ წასულიყვნენ და ემსახურათ ხალხისთვის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, შეიძლება ითქვას, რომ არ გაამართლა. ვინაიდან არ გვესმის ზეპირი შეთანხმებების, შემოვა კანონით ვალდებულება და ახლად დანიშნული ყველა ნოტარიუსი წავა და მოემსახურება პირველი სამი წლის განმავლობაში ხალხს მუნიციპალიტეტებში, მთაში, იქ სადაც არ არის ნოტარიუსები. სამი წლის შემდეგ კი ისინი იქნებიან თავისუფალნი, რომ სადაც უნდათ იქ გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა”, – განუცხადა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ იუსტიციის მინისტრმა.
მისივე განმარტებით, აღნიშნულის სანაცვლოდ კანონით შემოვა ვალდებულება ნოტარიუსთა პალატისთვის, რომ სამი წლის განმავლობაში ნოტარიუსებს ფინანსური დახმარება გაუწიონ.
“საუბარია საოფისე ქირის გადახდაზე ან სხვა სახის ფინანსურ დახმარებაზე, რომელიც საგადასახადო კოდექსის თანახმად, გათავისუფლდება გადასახადისგან. ეს არის ძალიან კარგი სიახლე მთისთვის და იმ რეგიონებისთვის, სადაც დღეს არ არის ნოტარიუსი. მე უკვე გამოვაცხადებ ნოტარიუსებისთვის გამოცდაზე და ვერც ერთი ნოტარიუსი, რომელიც ახლად დანიშნული იქნება, პირველი სამი წლით ვერ განთავსდება ვერც თბილისში, ვერც ბათუმში და ვერც ქუთაისში”, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, კანონპროექტის მომზადება სანოტარო მომსახურების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით არსებულმა პრობლემებმა განაპირობა. მათივე განმარტებით, საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში კერძოდ, წყალტუბოს, ქედის, ცაგერის, მესტიის, ვანის, ონის, ასპინძის, თიანეთის, ადიგენის და ამბროლაურის რაიონებში ნოტარიუსთა ბიუროები არ ფუნქციონირებს. მხოლოდ თითო ნოტარიუსი ჰყავს კიდევ რამდენიმე მუნიციპალტეტს, კერძოდ, საგარეჯოს, ყვარლის, ახმეტის, დედოფლისწყაროს, დმანისის, წალკის, თეთრიწყაროს, დუშეთის, ყაზბეგის, ქარელის, ბორჯომის, ახალქალაქის, ნინოწმინდის, ხარაგაულის, საჩხერის, ბაღდათის, ხონის, ჭიათურის, თერჯოლის, ტყიბულის, აბაშის, წალენჯიხის, მარტვილის, ხობის, ჩხოროწყუს, ლენტეხის, ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის რაიონებს. დღეისთვის საქართველოში მოქმედი 252 ნოტარიუსიდან 146 თბილისშია, 12 – ბათუმში, 11 – ქუთაისში და მხოლოდ 83 ნოტარიუსი ემსახურება საქართველოს სხვა ქალაქებისა და სოფლების მცხოვრებლებს.

news
ავტ.: news სექტემბერი 14, 2015 16:42