“ქვეყნას მართვა უნდა _ ასე მარტივად არ არის” _ ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 30, 2015 10:13

“ქვეყნას მართვა უნდა _ ასე მარტივად არ არის” _ ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან

"ქვეყნას მართვა უნდა _ ასე მარტივად არ არის" _ ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან“ჩვენ გვჭირდება უკეთესი მთავრობა და უკეთესი პარლამენტი!” _ ეს განცხადება ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა “გურია ნიუსთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა.

არასამთავრობო ორგანიზაცია “მოქალაქის” დამფუძნებელი ამბობს, რომ საზოგადოებას ბევრი რამის სწავლა სჭირდება.

_ ბატონო ბიძინა, საარჩევნო სისტემის რეფორმა, მაჟორიტარი დეპუტატის ინსტიტუტის გაუქმება ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო… ამ დაპირების შეუსრულებლობაში დღემდე გადანაშაულებენ ოპონენტები…

_ ალბათ, ნახეთ კოალიციის წინადადება და პაკეტის შეთავაზება. რეფორმას საკონსტიტუციო ცვლილება სჭირდება. რომ არ დაგიმალოთ, მე ჩემი აზრი მაქვს ამაზე _ რა თქმა უნდა, ვამჯობინებდი, დღესვე შესულიყო ცვლილება. 2016 წელს ყოფილიყო ის, რასაც ითხოვს ოპოზიცია, მაგრამ რეალობას უნდა გავუსწოროთ თვალი. გუნდის წევრების დიდ ნაწილს ეს არ მოეწონება და არ მოსწონს, მაგრამ არც შემდგომში მოეწონება ბევრს. 2020 წელს, ჩემი აზრით, “ქართულ ოცნებას” არანაკლები პოზიცია ექნება და ვიღაცას თუ ჰგონია, რომ მათ არ აინტერესებთ, რა მოხდება, ასე არ არის. თან, ასეთ დიდ ცვლილებებს მომზადება სჭირდება. იმ პირობების გათვალისწინებასაც ახერხებენ, რომ არ უნდა იყოს ასეთი დისბალანსი ამომრჩევლებს შორის, ითვალისწინებენ ევროკომისიის მოთხოვნას. ამაზე სასამართლოც იყო. იმ შეთავაზებაზე, რაც კოალიციამ გააკეთა, არც ამერიკის და არც ევროპელების მხრიდან კრიტიკა არ გამიგონია. კრიტიკულია მხოლოდ ჩვენი ოპოზიცია _ უნდათ ყველაფერი როგორც მათ სურთ, იყოს. უნდა გამოვიდეთ რეალური შესაძლებლობებიდან _ პოლიტიკური პარტია იქნება, კოალიცია თუ მთავრობა, ყველას უნდა მოვთხოვოთ ის, რაც შესაძლებელია რეალურად. ჩემი აზრით, შექმნილი სიტუაციიდან ოპტიმალური გამოსავალია მოძებნილი.

_ თქვენი აზრით, გაამართლეს თუ არა იმ მაჟორიტარებმა, რომლებიც 2012 წელს შეარჩიეთ? კონკრეტულ პირებზე შეგიძლიათ გვესაუბროთ?

_ მე ვიტყოდი უფრო ზოგადად, რადგან დაკონკრეტება შორს წაგვიყვანს. იმ ვითარებაში, როგორშიც მოხდა მაშინ მაჟორიტარების არჩევა და გახსოვთ, რომ ის არჩევნები არ იყო _ ომი იყო, გამარჯვება გმირობად შეიძლება ჩავუთვალოთ ბევრ მაჟორიტარს.

_ თუმცა, ყველამ იცის, რომ არჩევნები მოიგო ხალხმა თქვენთან ერთად და არა კონკრეტულმა მაჟორიტარებმა…

_ არჩევნები მოიგო ქართველმა ხალხმა. რა თქმა უნდა, მე ჩემი როლი მქონდა და არ ვაპირებ ამის დაკნინებას, მქონდა განსაკუთრებული როლი, ყველას ჰქონდა თავისი როლი.

_ ბევრი დეპუტატი ვიცით, რომლისთვისაც ხალხს ხმის მიცემა არ სურდა, თუმცა, თქვენმა ავტორიტეტმა გადაწონა…

_ მათ, რა თქმა უნდა, არ ჰქონდათ საპარლამენტო მუშაობის გამოცდილება. პარლამენტი იგივე წარმოებაა. კანონს უნდა შექმნა, დახვეწა და შეკვრა და ამ წარმოებას გამოცდილება სჭირდება. ამ კუთხით, შეიძლება ძალიან ბევრი ვერ შეაქო.

მიმაჩნია, რომ უკეთესია მაჟორიტარული სისტემა გაუქმდეს. არც ის დამოკიდებულება მომწონს, რაც მაჟორიტარებს აქვთ ამომრჩეველთან _ ბევრჯერ მითქვამს მათთვის, რომ ფეოდალებად არ მოსულან, მაგრამ აღარ გვინდა ახლა ამაზე საუბარი, ყველამ რაღაც გადაიტანა და გადახარშა. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ბევრის შესახებ მქონდა შენიშვნები.

_ მათ სიაში გურიის რომელიმე მაჟორიტარი იყო?

_ ყველასთან შეიძლება მქონდა რაღაც ტიპის შენიშვნები _ იდეალური არავინაა. არც მე არ მაქვს პრეტენზია და ნურავის ნუ ექნება _ ყველას გვეშლება რაღაც.

_ “გურია ნიუსთან” საუბარში ძალიან ბევრი ადამიანი გამოთქვამს უკმაყოფილებას მაჟორიტარების მისამართით…

_ ძირითადად, სწორებას ყველანი ახერხებენ. რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება უკეთესი პარლამენტი _ უნდა იყოს მეტი პროფესიონალი, კანონის წარმოებაზე უნდა იმუშაონ და არა ის, რომ დარბაზში სხედან და არ იციან, რა აკეთონ. თუმცა, ეს არ არის მათი ბრალი. ეს იყო საერთო სიტუაცია, საერთო მოთხოვნილება იმ შესაძლებლობიდან, რეალობიდან, რაც მაშინ არსებობდა. მე მქონდა გარკვეული წვლილი და ვიმართლებ, თუ გინდათ, თავს _ მეტი ვერ შევძელი. ჩვენმა საზოგადოებამაც მეტი ვერ შეძლო. პრინციპში, ყველას მადლიერებით მოვიხსენიებ. და მაინც მთავარი სხვა რამეა, რაზეც ჩემ გარდა არავინ აკეთებს ანალიზს _ მთავარია ის, რა დამოკიდებულება არსებობს საზოგადოებაში, როგორ იმსხვრევა ის, რომ დღესაც, ძალიან ბევრს ისევ ბატონი ენატრება.

_ ვის ენატრება?

_ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს. იმიტომ, რომ ჩვენ ევროპელობას ვიჩემებთ და ამ დროს ბევრი საფეხური კიდევ გასავლელი გვაქვს. მენტალურად ბევრი რამ უნდა შევცვალოთ. საზოგადოების რაღაც ნაწილს რომ არ ეწყინოს, ისევ ბიზნესს მივადგები _ ბიზნესმენების ძალიან დიდი რაოდენობა დღესაც ელოდება, რომ როგორმე ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდეთ გავლენიან პიროვნებებთან. ეს პრობლემაა და ნელ-ნელა იმსხვრევა ყველაფერი. დამოკიდებულებები უნდა შეიცვალოს _ ჩვენ ვართ ქვეყნის პატრონი.

რატომ მომეწონა “ივლიტას ბიბლიოთეკა”, რატომ ამოვედი _ დიდი ღონისძიებებზე მე არ დავდივარ. განსაკუთრებით იქ, სადაც მთავრობაა. თქვენთან სწორედ იმიტომ მოვედი, რომ საზოგადოებამ, ახალგაზრდებმა კარგად გააცნობიერეს _ ეს ქვეყანა მათია. არავის დაელოდნენ და დაამტკიცეს, რომ რეგიონი მათ ეკუთვნით _ ეს იყო ჩემთვის სანიმუშო მაგალითი. ასე უნდა იყოს ყველგან _ ბიზნესმენი იქნება თუ მასწავლებელი, ყველამ უნდა გაიგოს, რომ ის არის ქვეყნის პატრონი. ეს აჩვენეს თქვენთან ახალგაზრდებმა და ეს იყო ჩემთვის მთავარი. ეს იყო იდეალური გამოძახილი, რომ ჩვენ გავხდეთ ევროპული საზოგადოება. ეს იყო კარგი გამოძახილი იმის, რომ ცოცხალი ერი ვართ, ჯანსაღი ერი ვართ.

_ თვითმმართველობის რეფორმაზე რას გვეტყვით? ესეც ერთ-ერთი საარჩევნო დაპირება იყო.

_ ეს იყო ჩემი პირმშო. ყველაზე მეტს ამაზე ვმუშაობდი და დღესაც ამ რეფორმას გაფაციცებით ვადევნებ თვალ-ყურს. მგონია, ეს კანონი მოახერხებს და შეცვლის დამოკიდებულებას, რომ ცენტრიდან აღარ უნდა ჩამოვიდეს ვიღაც უფროსის მითითებები. ადგილობრივი თვითმართველობის კანონი კონკრეტული მექანიზმია, რომ ადგილებზე, რეგიონებში ხალხმა ისწავლოს მართვა, მიიღოს პოლიტიკური გამოცდილება. თქვენ მკითხეთ მაჟორიტარებთან დაკავშირებით, რატომ არ არიან ჯერ ძლიერებიო _ მაჟორიტარსაც გარკვეული დატვირთვა აქვს დღეს და ეს უნდა გადავიდეს გამგებელზე, მერზე. მათ ირჩევენ რეგიონები, მათ უნდა მოითხოვონ ყველაზე მეტი.

საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, რომ მათი არჩეული ხალხია, მათ უნდა მოსთხოვონ, მათთან ითანამშრომლონ და ეს უკეთ დაანახებს ყველას, რა ხდება მათ ბოსტანში. რა თქმა უნდა, აუცილებელია დეცენტრალიზაცია…

_ თუმცა, რეგიონებს არ აქვთ ფინანსური დამოუკიდებლობა, არც საზოგადოებრივი საბჭოები შექმნილა…

_ რა თქმა უნდა, ბევრი რამეა გასაკეთებელი. მაგ მხრივ ხადური შფოთავს, არ სურს, რომ ეს სისტემა დაენგრეს, მაგრამ ჩემს დროს ვაიძულეთ და ახლაც, მგონი, მიყვება მაგ ხაზს. არ სურს იმიტომ, რომ შეიძლება ამ გარდაქმნას ცუდი რამ მოყვეს და არა იმიტომ, რომ ხადური ცუდი კაცია.

ყოფილი პრემიერი მიიჩნევს, რომ ის პრაქტიკა, რაც 2012 წლამდე იყო, როცა ხელისუფლების პირველ პირებს შეიარაღებული დაცვა დაჰყვებოდა და ხალხს მათთან გასაუბრების საშუალება არ ჰქონდა, არ უნდა გაგრძელდეს:

_ როცა პრემიერი ვიყავი, ბევრჯერ გამიგია გაკვირვებული ხალხის ხმა _ ეს რანაირი პრემიერია, რა უბრალოო. ზოგს არ მოსწონდა და ზოგს დღესაც აქვს განცდა, რომ თანამდებობის პირს ავტომატებით შეიარაღებული დაცვა უნდა ახლდეს. მახსოვს, 2012-ში, არჩევნებამდე, გასვენებაში ვიყავი. ირგვლივ ავტომატებიანი დაცვა და დარბეული ხალხი დამხვდა. სამწუხაროდ, საზოგადოების ნაწილს დარჩა ეს მოთხოვნილება, რომელიც აუცილებლად უნდა დაიმსხვრეს. არ გვინდა უფროსი და არ გვინდა პატრონი _ ამ ქვეყანაში ჩვენ ყველანი პატრონები ვართ. გვინდა მთავრობა, რომელიც მოვა და ჩვენს სამსახურში დადგება.

_ გვინდა თუ გვყავს?

_ მსგავსი უკვე გვყავს. უკეთესი გვინდა.

_ გუბერნატორის ინსტიტუტი მოგწონთ?

_ ისეთი, როგორიც დღეს არის, არა. გავიხსენებ ერთ მაგალითს _ როდესაც არჩილ კბილაშვილი პროკურორი გახლდათ, ამერიკიდან ჩამოსულმა, მოწმეების დაკითხვის წესთან დაკავშირებით, მითხრა, რომ სასწრაფოდ უნდა მიგვეღო კანონი, რაზეც შევეწინააღმდეგე. ბევრი შეხვედრა გვქონდა, მათ შორის უსუფაშვილთანაც. არჩილი ცდილობდა, ეს კანონი როგორმე ადრე მიგვეღო, მაგრამ იმ დროს არ იყო მზად არც შესაბამისი სტრუქტურები, არც მთლიანად მთავრობა და შეიძლება, საზოგადოებაც. ასევეა, გუბერნატორის ინსტიტუტიც. ადგილობრივი თვითმართველობის კანონთან ერთად, ეს ინსტიტუტიც დაიხვეწება, გამაგრდება და მოშორდება ყველაფერი, რაც ჭარბია.

_ გუბერნატორები დღეს, თითქმის, უფუნქციოდ არიან…

_ გეთანხმებით. ნელ-ნელა ეს ყველაფერი ჩაქრება და დავიწყებას მეცემა. ნელ-ნელა მივალთ ევროპულ სახელმწიფომდე, მაგრამ თანმიმდევრულობა უნდა დავიცვათ. დროის რაღაც მონაკვეთში თუ მოვინდომებთ იმაზე მეტის გაკეთებას, რაც საჭიროა, უკეთესობის ნაცვლად, შესაძლოა, უარესობა მივიღოთ. ქვეყნას მართვა უნდა _ ასე მარტივად არ არის.

_ ბოლო პერიოდში ხშირად საუბრობენ კოალიციის დაშლაზე… ამბობენ, რომ “რესპუბლიკელები” თითქმის ოპოზიციაში არიან…

_ ეს კითხვები იყო მაშინ, როდესაც პარლამენტი მოსმენების კანონს განიხილავდა _ მსგავსი პოზიცია იკვეთებოდა. დღეს ეს კითხვები მგონი მოხსნილია _ “რესპუბლიკური პარტია” მყარად არის კოალიციის წევრი და ამ ბოლოს საფუძვლიანი კითხვები აღარ გამიგია. მაშინ კითხვები და შფოთვები ისმოდა და მას ჰქონდა გარკვეული საფუძველი. მაგრამ დღეს ეს ყველაფერი დალაგებულია და როგორც მე ვფიქრობ, კარგად. არაფერი ტრაგიკული წინ არ გველის. მაგრამ რომც მოხდეს და დაიშალოს კოალიცია, არანაირი კატაკლიზმები არ იქნება. აი, გამოვიდა ერთი პარტია, მერე რა?! არც არაფერი. მთავარია, საზოგადოება იყოს სწორად მიმართული. ისინი სწავლობენ ნელ-ნელა, რომ მოთხოვონ ხელისუფლებას, სწავლობენ, აირჩიონ ის, ვინც არ ცრუობს, ვინც საქმის გამკეთებელია, ყალბ განცხადებებს არ აკეთებს და მოსვლის შემდეგ გააკონტროლონ _ ესაა მთავარი და ეს არ უნდა წაგვართვან, ეს არ უნდა დავკარგოთ. აი, ამას თუ საფრთხე დაემუქრება, მომიწევს პოლიტიკაში დაბრუნება, მაგრამ, ვფიქრობ, არ მომიწევს, რადგან საზოგადოება სწრაფად ვითარდება. ყველაზე კარგი რაც გავაკეთეთ ისაა, რომ წართმეული ხმის უფლება დავუბრუნეთ საზოგადოებას. ახლა ჩვენი გადასაწყვეტია, ვინ ავირჩიოთ და მერე მათგან მოვითხოვოთ ის, რაც გვეკუთვნის და ვაკონტროლოთ. ეს პროცესი თუ არ დაირღვა, მერე არავითარი პრობლემა არაა. “ნაციონალური მოძრაობაც” იქნება, სხვა პარტიებიც იქნება, კოალიციაც იქნება ან არ იქნება _ ყველაფერი იქნება, როცა ამას გავაცნობიერებთ.

ამის მაგალითია ის, რაც მოხდა თქვენთან, “ივლიტას ბიბლიოთეკის” დაფუძნების დროს _ ახალგაზრდებმა გაიგეს, რომ ეს მათია და მათ შეუძლიათ შენება. ყველა რომ ასე გააკეთებს, გაათვითცნობიერებს ამას, პოლიტიკა არ იქნება საშიში. ჩვენთვის საშიში იყო პოლიტიკა. ხომ ნახეთ, რაც ხდებოდა? ჩვენ ერთი კონკრეტული ჩინოვნიკისგან კი არ უნდა მოვითხოვოთ რამე, არამედ ყველასგან. ყველას გვაქვს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა და თუ ამას კარგად გავაცნობიერებთ, ყველაფერი კარგად იქნება.

ყოფილმა პრემიერმა ჩვენთან ინტერვიუში ანზორ ჩუბინიძეზე, ვახტანგ გომელაურზე და დავით სერგეენკოზეც ისაუბრა _ იმ ადამიანებზე, რომლებსაც ოპოზიცია ივანიშვილის ნაცნობობით დანიშნულებს უწოდებს.

_ ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, ნებისმიერი პოლიტიკოსი მნიშვნელოვან თანამდებობებზე, რა თქმა უნდა, თანამებრძოლებს და თანაგუნდელებს ასახელებს. იქ ტენდერი არ ცხადდება. მე ამაში არაფრით გამორჩეული არ ვარ. რაც შეეხება კონკრეტულ გვარებს, იგივე გომელაური არავის გახსენებია, როცა მინისტრის მოადგილე იყო, როგორ გადაალაგა სტრუქტურა, რომელიც მას ექვემდებარებოდა. უფრო ადრე ის შს სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, რატომ იწყებენ ბოლოდან ან შუადან?! ასე იყო ანზორ ჩუბინიძეც _ გარდა თავისი გამოცდილებისა, ძალიან კარგი სპორტსმენიც არის, ჩემპიონიც და ა. შ. იმავე სერგეენკოზე, რომელიც არასდროს ყოფილა ჩემი პირადი ექიმი, მაგრამ რაღაც ხომ უნდა თქვან და ლაპარაკობენ ასეთ კონტექსტში. როდესაც ვსაუბრობთ, რომ ვინმე ვინმეს ნიშნავს თანამდებობებზე, ეს უნდა გავაკეთოთ მაშინ, როდესაც მათ პროფესიონალიზმსა და პატიოსნებაში ეჭვი შეგვეპარება.

რომ არა ივანიშვილის პირადი ნაცნობობა, სერგეენკო არ იმსახურებს თანამდებობებს?! ასე ვფიქრობთ?! ასე არ არის! სად ნახეთ, რომ ცუდად მოემსახურა სახელმწიფოს? აი, ეს არის არაკორექტულობა.

სამივე მათგანი პრინციპულები, პატიოსნები, პროფესიონალები არიან, _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კითხვაზე დაიკავებს, თუ არა ანზორ ჩუბინიძე შს მინისტრის პოსტს, ექს-პრემიერი აცხადებს, რომ ამ საკითხით არ დაინტერესებულა:

_ არ დავინტერესებულვარ. შეიძლება იყოს ერთ-ერთი კანდიდატი, შეიძლება ვიკითხო კიდეც. არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა, ვინ იქნება შს მინისტრი _ მე ვიცი, რომ ხალხის სამსახურში უნდა იყვნენ. ანზორი თავის წარსულით ყველაფერს იმსახურებს, _ გვითხრა ივანიშვილმა.

იხილეთ ბიძინა ივანიშვილის ექსკლუზიური ინტერვიუს პირველი ნაწილი: “ნაზონდერალები დღეს მორალზე გვესაუბრებიან…” _ ბიძინა ივანიშვილის ექსკლუზიური ინტერვიუ

ამავე თემაზე: “თუ არა ჩემი ახირება, არც ერთი ინვესტორი ამ პროექტს არ განახორციელებდა” _ ივანიშვილი “პანორამა თბილისზე”; “იქ ტენდერი არ ცხადდება” _ რა ინფორმაციას ფლობს ივანიშვილი მომავალ შს მინისტრზე; ბიძინა ივანიშვილი “რესპუბლიკელებზე” და კოალიციის სამომავლო გეგმებზე; ივანიშვილი მცოცავ ოკუპაციაზე _ “ეს თავისუფალი დემოკრატების” დროსაც მოხდა”; “უნდა იცოდე კრედიტი რაში აიღო” _ ივანიშვილი ლარის კურსზე და პირად ბანკირზე; “ჩვენ ჩვენი გასაკეთებელი გავაკეთეთ” _ ივანიშვილი პრემიერზე, ეკონომიკაზე და რეიტინგებზე; ივანიშვილი: “მარგველაშვილთან საუბარს საჭიროების მიხედვით გავასაჯაროებ”; ბიძინა ივანიშვილი: “ჩემს დროს ხადური ვაიძულე”; დააფინანსა თუ არა ივანიშვილმა ყოფილი “ნაციონალები”; “ე.წ. საზღვრის 200-300 მეტრით გადმოწევით ვერავინ გამდიდრდება” _ ბიძინა ივანიშვილი; ბიძინა ივანიშვილი: “ჩვენ გვაკლია განათლება”; ბიძინა ივანიშვილი: “გაფაციცებით ვადევნებ თვალს, ეს არ დაირღვეს”; “რეფორმებზე შენიშვნებსაც ვაძლევ და იდეებსაც” _ რომელ მინისტრებს ურეკავს ბიძინა ივანიშვილი; ბიძინა ივანიშვილი: “უმუშევრობა იმაზე მეტია, რასაც სტატისტიკა წერს”‘ ბიძინა ივანიშვილი: “მე მგონია, რომ აქაც ცოტა განვითარება გვაკლია”

“გურიანიუსი”

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 30, 2015 10:13